ფარდის მიღმა - რატომ ძალადობენ კაცები?
გასული წლის ნოემბერში მსოფლიო დიდი სკანდალის მომსწრე გახდა - ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდზე ძალადობაში ამხილეს. "ზოგიერთი ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ მეშინოდა, არ მოვეკალი. ის ცხადად მაგრძნობინებდა, რომ ჩემი მოკვლა შეეძლო, განსაკუთრებით, ურთიერთობის ბოლო პერიოდში" - ამბობდა ჰერდი.
გახმაურებული საქმეების მიღმა, მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ქალი განიცდის ოჯახში ძალადობას. საქართველოში კი, 2017 წლის მონაცემებით, პარტნიორის მხრიდან იძულების, უგულებელყოფის, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი გახდა.
გასულ წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშიმ თქვა, რომ ეს ციფრები, პანდემიის პირობებში, მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი - გაორმაგდა. ამ, შეიძლება ითქვას, საგანგაშო მონაცემების ფონზე, საინტერესოა, რატომ ძალადობენ კაცები?
როცა საზოგადოებისთვის ოჯახში ძალადობის ფაქტები ხდება ცნობილი, ხშირად რთული დასაჯერებელი და წარმოუდგენელიც კი არის, რომ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მისაბაძი შვილი, ერთგული მეგობარი და საკუთარი საქმის პროფესიონალია, შეიძლება მოძალადე იყოს. ამგვარი ფაქტები ყოველთვის ხდება საჯარო განხილვის მიზეზი, თუმცა რა იმალება მოძალადის გონებისა და ფსიქიკის მიღმა, რთული წარმოსადგენია.
დაუცველობის გრძნობა
ასპექტები, რომლებიც ჯანსაღი ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებას განაპირობებს, მაგალითად, ნდობა და გახსნილობა პარტნიორებს შორის, მოძალადეს თავს დაუცველად აგრძნობინებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეძლოს საკუთარი ძალის დემონსტრირება. მოძალადე არასდროს აღიარებს საკუთარ ნაკლს და დანაშაულს გულწრფელად, რადგან ეს მისთვის სისუსტის ნიშანია. სწორედ აქედან იწყება კონფლიქტი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფორმას იღებს. ამ დროს, მოძალადეები ხშირად აგრძნობინებენ პარტნიორს თავს უმნიშვნელოდ, დამნაშავედ და ამით ცდილობენ საკუთარი დომინანტობის ხაზგასმას.
ემოციური დამოკიდებულება
შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ მოძალადეები ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რეალობა კი საპირისპიროს აჩვენებს. არარეალური, გადამეტებული მოლოდინები ურთიერთობას კიდევ უფრო არაჯანსაღს ხდის. ემოციური დამოკიდებულების დროს, მოძალადეს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს პარტნიორის შესანარჩუნებლად, მაგალითად, სცადოს თვითმკვლელობა, გახდეს მესაკუთრე, ეჭვიანი, მიმართოს კონტროლს და ხშირად გამოყენოს ფრაზები: „თუ ჩემთან არ იქნები, მაშინ ვერავისთან იქნები“, „მხოლოდ მე მეკუთვნი“ და ა.შ.
დაბალი თვითშეფასება
მოძალადეს ხშირად მყიფე ეგო და დაბალი თვითშეფასება აქვს. ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ამის მიზეზს სხვაში, კონკრეტულად კი, პარტნიორში ეძებს. ის უმნიშვნელო ფაქტებზეც კი მკვეთრად რეაგირებს, მარტივად ბრაზდება და იწყებს ყვირილს, ლანძღვას. დაბალი თვითშეფასების გადასაფარად, მოძალადე, ძირითადად, მამაკაცურ პრივილეგიებსა და დომინანტურობას იყენებს, ქალს კი მასზე დაბლა მდგომად წარმოაჩენს. გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს და პარტნიორს თავს დამცირებულად აგრძნობინებს.
შიშის გრძნობა
მოძალადეს, როგორც წესი, პარტნიორის მხრიდან დაცინვის, შერცხვენის ან ღალატის შიში აქვს. მას, ასევე, მუდმივად აწუხებს გრძნობა, რომ შეიძლება არასასურველი, სუსტი ან არასრულყოფილი იყოს. ტანჯავს ოჯახის დაკარგვის შიშიც. ამ დროს მოძალადე თავს მსხვერპლად წარმოაჩენს და მიმართავს მანიპულაციის გზას. იმისთვის, რომ საკუთარ შიშებს გაუმკლავდეს, მის ძირითად იარაღს პარტნიორის კრიტიკა, განსჯა, დადანაშაულება და კონტროლი წარმოადგენს.
ეს მცირე ჩამონათვალი, ცხადია, სრულად ვერ აღწერს მოძალადის ფსიქოლოგიას და მხოლოდ ნაწილია იმ მნიშვნელოვანი გარემოებებისა, რაც ოჯახში ძალადობას განაპირობებს. მეცნიერები დიდი ხანია, რაც ამ პრობლემის სიღრმეებს იკვლევენ და ცნობილია, რომ ძალადობას თავისი ციკლი აქვს, რომელიც დაძაბულობის, აფეთქებისა და „თაფლობის თვის“ ფაზებისგან შედგება და მისგან თავის დაღწევა მსხვერპლისთვის ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელია. მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ქალთა გაძლიერებისთვის. ამის მაგალითია #MeToo კამპანიაც, რომელიც მსოფლიომ მას შემდეგ წამოიწყო, რაც ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ამ კამპანიას ჩვენი ქვეყნიდანაც უამრავი ადამიანი შეუერთდა, რაც ამტკიცებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი მოძალადის მხილება და ხმამაღლა საუბარია.
marao.ge