მემუქრებოდა, შენი სისხლით უნდა მოვრწყა მიწა და მოგიკლა პატარა შვილიო – ქართველი დიზაინერი მოძალადე ქმარს უცხოეთში გაექცა
დიზაინერი თამარ ზოიძე ემიგრანტი იძულებით გახდა. ის საქართველოდან ძალადობრივ გარემოს შვილთან ერთად გაექცა. მართალია, მას საკუთარი საქმის და საყვარელი ადამიანების მიტოვება მოუწია, მაგრამ წამების მსხვერპლი ქალი გადარჩენის გზას მხოლოდ სხვა ქვეყანაში გადარჩენაში ხედავდა. ისე ჩავიდა ესპანეთში, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა – გამარჯობა. რამდენიმე ჩემოდანი და მისი 8 წლის შვილი იყო ის, რითაც უცხო ქვეყანაში ჩავიდა. თანაც მაშინ, მეორე პატარას ელოდა. მარიამი მალევე ესპანეთში დაიბადა.
თამარ ზოიძეს საქართველოში თავისი კარიერა უკვე ჰქონდა, მას მოდის წრეებში იცნობდნენ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა ღონისძიებებზე ზოიძის “თამარ”-ის ბრენდის სამოსს აცმევდა. ამ ერთი ქალის ისტორია ძალიან მდიდარია აღმართ-დაღმართებით, ოპტიმიზმით და იმედგაცრუებით, ერთგულებით და ღალატით, წარმატებით და მიღწეულის გაცამტვერებით. სანამ მას ცხოვრება თავისი კანონზომიერებით აქეთ-იქით ატარებს, ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე ერთი რამ მუდმივად უცვლელია და ეს ბრძოლაა, ხან გადარჩენის, ხან – აღზევების, ხან გაქცევის, ხან სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყების ბრძოლა.
თამარ ზოიძე ერთ-ერთი ძლიერი ქალია, რომელმაც ბავშვობაში ჯერ უკურნებელი სენი, მერე მოძალადე, ბევრი დაავადება დაამარცხა. 13 წლის იყო, როცა ხერხემლის სიმსივნე დაუდგინეს, მერე იყო ოპერაცია, რეაბილიტაცია, ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა და კლინიკაში გატარებული წლები, მერე სახლში უცვლელ პოზაში წოლის 2 წელი… აკრძალული შვილი და სასწაულებრივად გაჩენილი ბავშვები, ორი ოჯახი და მისი ცხოვრების ერთი სიყვარული… დიზაინის სამყაროში საქართველოში დაწყებული წარმატებული კარიერა და ახლა, უკვე დიდი პროფესიული წარმატება ესპანეთში… ეს ერთ აბზაცში ჩატეული ძლიერი ქალის არასრული ისტორიაა. ახლა, თამარ ზოიძის მიზანია მისი მაგალითი სხვა ქალებისთვის იმედისმომცემი გახდეს, ინტერვიუც სწორედ ამ მიზნით ჩაიწერა.
“ესპანეთში ისე ჩამოვედი 7 თვის ორსული 8 წლის შვილთან ერთად, რომ ესპანურად მხოლოდ გამარჯობა ვიცოდი. ძალიან მეშინოდა, რომ ესპანეთი ოფიციალური ცხოვრების უფლებას არ მომცემდა, ამიტომ საქართველოში უკან გამოსამგზავრებელი ბილეთი ვიყიდე ისე, რომ ჩარტერი კიევში მიწევდა და გადაწყვეტილი მქონდა, რომ უკრაინაში დავრჩენილიყავი. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოდან სასამართლოსა და პროკურატურის წარმოებული საბუთები წარვადგინე, დაუყონებლივ მომცეს ცხოვრების უფლება. ესპანეთში, პოლიციაში მითხრეს, რომ ჩვენთან ძაღლისთვის დაყვირებაზეა ის სასჯელი, რაც შენს მოძალადე ქმარს მიუსაჯესო…
ბავშვი გავაჩინე, მარიამი დაიბადა. უფროს შვილთან ზრუნვის ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი ქართველი გოგო მოვიდა და სანამ მე სამშობიაროში ვიყავი, ის რჩებოდა უფროს ბიჭთან.
მალევე შემომთავაზეს, ოჯახის წევრი ჩამოიყვანე საქართველოდან, ვინც დაგეხმარებაო, ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა და ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიყვანე, ის ახლაც აქაა და ერთად ვართ. ესპანეთში გავიარე უმაღლესი განათლების დამდასტურებელი სასერტიფიკატო კურსი, ენის კურსებს ახლაც გავდივარ, უკვე უმაღლეს დონემდე მივაღწიე, მართვის მოწმობასაც მალე ავიღებ. ძალიან მეხმარება ყველაფერში გენდერული ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მომანიჭა.
გავიგე, რომ ერთ-ერთ მოდის სახლში ვაკანსია იყო. მივედით, სალონი და მაღაზია დამათვალიერებინეს, მომცეს საპატარძლო კაბა და მითხრეს, რომ ცვლილებები შემეტანა, 3 დღე ვიმუშავე და აღფრთოვანდნენ. მერე პატარძალთან მიმიყვანეს, კაბის მორგებაში დაეხმარეო. ამის შემდეგ, სალონის ხელმძღვანელმა ყავაზე მიმიპატიჟა და რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მუდმივ კონტრაქტს მიდებენ. თანაც, დაიგეგმა ამ სახლის საპატარძლო კაბების ფოტო სესია, რომლებსაც მის ესპანეთის ტიტულის მქონე მოდელები ჩაიცვამენ და ფოტო სესიაზე როგორც დიზაინერმა, უნდა ვიმუშაო. ფოტო სესია 18 აპრილს არის დაგეგმილი.
რაც შეეხება ჩაცმულობას, სიახლე ისაა, რომ ერთი აქსესუარი დაგვემატა, დიზაინერებმა სადღესასწაულო პირბადის შექმნაც დავიწყეთ, მე ჩვენს პატარძლებს სამი პირბადე მოვარგე. ახლა, დამატებით ქალაქის მერიისგან გრანტს ველოდები, დანადგარებსაც მომცემენ, შენობის იჯარის მინიმაულრ ფასს გადავიხდი და საშემოსავლო გადასახადიდანაც მათავისუფლებენ 2 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჩემი მოდის ხაზის გაკეთებას ვგეგმავ.” – ამბობს თამარ ზოიძე.
საავადმყოფოში გატარებული ბავშვობა
“ბავშვობას რომ იხსენებენ ხოლმე, მე არ ვიცი, რადგან ბავშვობა თითქმის არ მქონია. სანამ სიმსივნის დიაგნოზს დამისავამდნენ, მანამდე იყო სამწლიანი მკითხაობა. 9 წლის ვიყავი, ფეხი ამტკივდა, ექიმთან რომ მივედი, ყველა ორგანოზე მიმკურნალეს, ზუსტი დიაგნოზირება ვერ მოხდა. ამასობაში მდგომარეობა მიმძიმდებოდა, ფეხი გამიხმა და ერთი კიდური 8 სანტიმეტრით დამიმოკლდა, ასევე მქონდა კუზი. ბოლოს და ბოლოს დამიდგინდა ხერხემლის ფესვის სიმსივნე, მოვხვდი გერმანელ ექიმებთან და ქართველ ცნობილმა მედიკოსმა მიხეილ ჭელიშვილმა სიცოცხლე მაჩუქა. 1996 წელს 13 წლის ასაკში ოპერაცია “დვიჟოკზე” გამიკეთდა. გვერდზე პალატაში დევნილები ცხოვრობდნენ, საშინელი მდგომაროება იყო.
ჩემთან, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში 7 მოზარდი ვიწექით, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით ყველა, მათგან მე და კიდევ ერთი ბავშვი გამოვედით ცოცხლები… მამა პროფესიით მხატვარია, ის დადიოდა თითოეულ ბავშვთან, ჩვენს პორტრეტებს ხატავდა და ასე სურათებით გვაცნობდა ერთმანეთს, ჩვენი სურათები პალატებში დაქონდა. ხერხემალზე სულ 7 ოპერაცია მაქვს გაკეთებული.
ხერხემლის მალების ამოღება მომიწია. 2 წლიანი რეაბილიტაცია დამჭირდა – ცოცხალ ღვიძლს და გატარებულ ხრტილებს ვჭამდი. სიარული მეგობრებმა ახლიდან მასწავლეს, კორსეტი მეცვა, თავზე ხელებს ვიწყობდი და ათ-ათი წუთით დავდიოდი. მერე კუზზე და დამოკლებულ ფეხზე დავიწყეთ რეაბილიტაცია. გერმანიიდან მოწვეულმა ექიმმა მითხრა – როგორც იცი, რომ ყური გაბია, ისე ზუსტად უნდა იცოდე, რომ შენთვის შეუძლებელია შვილის გაჩენაო…
აკრძალული ორსულობა და ორგზის დედობა
პირველი შვილს რომ ვაჩენდი, საკეისრომდე რამდენიმე დღით ადრე, მეგობრის ქორწილში 9 სმ-იან ქუსლზე აჭარული ვიცეკვე, მეორეს რომ ველოდებოდი, აქ ესპანეთში ბოლო დღემდე ვცურავდი. ამხელა მუცლით რომ მხედავდნენ, შოკში ვარდებოდნენ. სამწუხაროდ, უფროს შვილს კარგად ახსოვს ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელსაც მამამისი გვიქმნიდა. ის ბავშვზეც ძალადობდა.
როცა ესპანეთში მეორე შვილზე უნდა მემშობიარა, არავინ მყავდა, ექიმებმა ჯვარი რომ მომხსნეს, ჩემი ტელეფონით ჩემს ნივთებს ფოტოები გადაუღეს, ვერავინ ნახეს, ვისაც ჩემს ნივთებს ჩააბარებდნენ და ერთ-ერთ ექიმს ჩემი ნივთები ყელზე ჩამოკიდეს. შიში მაინც იყო, ამიტომ საკეისრო კვეთის დაწყებამდე თარჯიმანს მივწერე, რომ მას ვაბარებდი ჩემს შვილებს, რომლებსაც სხვა მეურვე არ ჰყავდათ, დოკუმენტალურად კი, ორივე ესპანეთის სახელმწიფოს ეკუთვნით… ექიმმა „მანიკურის“ წაშლა მთხოვა, ვუთხარი მას, რომ ვიცი რატომაც არის ეს მოთხოვნა, სიკვდილის შემთხვევაში ფრჩხილებზე გვამური ლაქები შესამჩნევი რომ იყოს, მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არ მცალია სიკდვილისთვის, შვილები გასაზრდელი მყავს-მეთქი…
ოჯახის შექმნა მოძალადე ქმართან და ოთხწლიანი მძიმე ისტორია
დავოჯახდი 24 წლის ასაკში, მეუღლე 33 წლის იყო. ოჯახის შექმნამდე მას ვუთხარი, რომ არ მიყვარდა, უბრალოდ შვილი ძალიან მინდოდა. ვუთხარი, რომ თუ ის კარგი მეუღლე იქნებოდა, მეც ღირსეულ ცოლობას გავუწევდი. სამწუხაროდ, ჩვენს შორის პრობლემები 2 თვეში დაიწყო. მისი ოჯახი ჩემს მუშაობაშიც კი ერეოდა. აღარაფერს ვამბობ ოჯახურ ყოველდღიურობაზე. მაშინ, დიზაინერ თათა ვარდანაშვილთან ვმუშაობდი, დიდი შემართებით ვიყავი, მაშინ ფეშენვიკები დაიწყო და იქ გავედით… ქმრის ოჯახმა მაიძულა, სწავლისთვის თავი დამენებებინა. მომატყუეს, რომ ის დამოუკიდებელი კაცი იყო.
ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, უნდა მემუშავა და უზრუნველმეყო, თან დიდი პრეტენზიებიც ჰქონდათ. იცოდნენ, რომ ქმარი ძალადობდა, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა. მისი რომ მეშინოდა, ჩემთან მეგობრები რჩებოდნენ, მუდმივად ეძებდნენ ჩემს არარსებულ საყვარელს, კაცი რომ არ ჩანდა არავინ, ბოლოს დამაბრალეს, რომ ლესბოსელი ვიყავი.
ქმარი ზამთარში პლედს შემოიხვევდა და აივანზე ათენებდა ხოლმე, ჩემს “პარტნიორებს” ელოდა. ამ ყველაფერს ვიტანდი იმ იმედით, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა, მაგრამ სიტუაცია უარესდებოდა. ცივი იარაღით დამჭრა კიდეც. როცა გავშორდი, შერიგებას ძალადობით მოითხოვდა, მეუბნებოდა, რომ მომკლავდა, თუ ჩემს მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრების უფლებას არ მივცემდი.
სახლთან ახლოს მქონდა სახელოსნო, სადაც ვმუშაობდი. იქაც ხშირად მივარდებოდა. ყველას, ვინც მის საახლობლოში ნორმალური იყო, დავუკავშირდი და ავუხსენი, რომ ეს კაცი სხვა გზას არ მიტოვებდა და მაიძულებდა, მეჩივლა. მასაც არაერთხელ ვუთხარი. სხვა გზა რომ არ დამიტოვა, მორიგი სკანდალის დროს, ბავშვი ხელში შევაჩეჩე, მობილურის წაღება მოვახერხე და გარეთ გავვარდი, პატრული გამოვიძახე და რამდენიმე ეკიპაჟთან ერთად დავბრუნდი.
როცა გამოკითხვაზე გამომძიებელთან ვიჯექი, ძალიან ცუდად გავხდი, სასწრაფო დახმარება პოლიციაში მოვიდა. ტვინის ძლიერი შერყევა მქონდა, სახეზე იყო ძალადობის ნიშნები. ამის გამო, სასამართლომ დაიჭირა, მეუბნებოდა, რომ უნდოდა მისთვის მეჩივლა, რადგან გამართლება მექნება, რატომაც მოგკლავო. მან ბავშვიც, საკუთარი შვილი არაერთხელ დააზიანა – ხან დაწვა, ხან თავი გაუტეხა… ნაჯახით დაგვდევდა. მოკლედ, ის დაიჭირეს და პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ამის შემდეგ, ძალიან აქტიურად დავიწყე ძალადობაზე საუბარი, მივხვდი, რომ ეს ჩემი სირცხვილი არ იყო. დამნაშავე ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა, რომ საქართველოში ქალები მუდმივად წაახალისებენ მოძალადეს, ტერორისტებს როცა რამდენიმე წელი აქვთ სასჯელი, ქალები თვლიან, რომ სხვა ქალები სიკვდილს იმსახურებენ… ისინი აუცილებლად მოძალადეს გაზრდიან, აბა მათ რა ღირებულებაზე უნდა აღზარდონ თავიანთი შვილები?! ჩემი ყოფილი ქმარი ციხიდანაც აგრძელებდა ძალადობას და რომ ვიცოდი წინასწარ რაც მოხდებოდა, ამიტომ სხვა გზა არ დამრჩა, უნდა დამეტოვებინა საქართველო. ციხიდან გამოსულიც მემუქრებოდა, შენი სისხლით უნდა მოვრწყა მიწა და მოგიკლა პატარა შვილიო…
სასამართლო გზით გადარჩენილი სიცოცხლე და გზა დიდი ემიგრაციისკენ
ოჯახური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატიური ძალადობა, მოსამართლემ თავის სიტყვაში განმარტა, რომ ეს წამება იყო და არა აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი სასჯელი სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ეკუთვნოდა და ამიტომ პატიმრობა 2.6 წელი შეუფარდეს.
როცა ესპანეთში შესაბამის სამსახურებს წარვუდგინე ეს განაჩენი და პროკურატურის საბრალდებო დასკვნა, პოლიციამ მითხრა, ჩვენს ქვეყანაში ქუჩაში მყეფარე ძაღლს მოქალაქემ რომ დაუყვიროს გადიო, ამ სასჯელს იმ ადამიანს მიუსჯიანო. განაჩენი 100 ფურცელს მოიცავს, თავისი მოწმეების ჩვენებებით, საავადმყოფოს ფურცლებით, სადაც დაზიანებებით შევდიოდი ხოლმე.
მეორე ქორწინება ბავშვობის სიყვარულთან
ბიჭთან, რომელიც ბავშვობაში მიყვარდა, ურთიერთობა ვერ შედგა. ჩემი ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ის კახეთში, ახმეტაში ცხოვრობდა. ჩემი მშობლები სწავლაზე ორიენტირებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაავადება მქონდა, სკოლა ფრიადებზე დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი კი, წითელ დიპლომზე. ბერდია ზვიადაური ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო. როცა გავთხოვდი, სოციალურ ქსელში მომწერა და მომიკითხა, ჩემს ქმარს ვუთხარი, დაელაპარაკე-მეთქი.
მერე როცა ქმარს გავშორდი, ისევ დამეკონტაქტა, მერე ბიზნეს იდეით, კაფე ავამუშავეთ ერთად. მასაც ჰყავდა 2 შვილი ქორწინებიდან. ბიზნესს ჩვენი ძველი სიყვარულის გახსენება მოჰყვა, ის ხელისგულზე მატარებდა, საოცარი ცხოვრება გვქონდა, მე რომ ესპანეთში წამოვედი, ბერდიას პრობლემები შეექმნა და ის ვეღარ ჩამოვიდა, თუმცა ყოველდღიურად და ყოველწამიერად კონტაქტზე ვიყავით.
პირადი ბედნიერება ამ წლების განმავლობაში მხოლოდ მასთან განვიცადე. წარმოშობით ხევსურია და მთებში ხშირად დავდიოდით, გვქონდა ჩვენი ბუდე, სადაც ჩვენს ახლობლებს მოსვლა ძალიან უყვარდათ. საოცრად მიმღეროდა ხოლმე, ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მერე ისე მოხდა, რომ დავშორდით. ჩვენს ურთიერთობას ბევრი მტერი ჰყავდა, სამწუხაროდ, ამ ფაქტორმაც იმოქმედა… ახლაც ვნატრობ, მისგან ნეტავ სულ პატარა წყენა მაინც მახსოვდეს-მეთქი, მაგრამ ვერ ვიხსენებ, თვალებში შემომციცინებდა, ის ძალიან ვაჟკაცურია ურთიერთობაში, მე კი ნამდვილად ქალად ვგრძნობდი თავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია ასე დასრულდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისგან არაჩვეულებრივი საჩუქარი დამრჩა, საჩუქარი სახელად მარიამი…
წარმატებული ცხოვრების საწინდარი – ბავშვობის ჰობი
ბავშვობაში მამაჩემის ჯინსებს, დედას კაბებს, სახლის ფარდებს ყველაფერს ვჭრიდი. ერთხელ, მეწაღესთან ღრმა ბავშვობაში საბრინას ე.წ. პლაკატი ვნახე, გადავწყვიტე, რომ მეც საბრინა უნდა ვყოფილიყავი. დედას ჩექმა მოვპარე, ხელი და ცხვირები მოვაჭერი, ჩემს ფეხზე მოვირგე, სამოსისგან და ფარდებისგან ფრიალა კაბები შევკერე და სავარძელში ახალი ლუქით დავბრძანდი.
როცა ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს ყველაფერი აღმოაჩინეს, საშინლად დამსაჯეს. მაშინაც ვიცოდი, რომ ვაშავებდი, მაგრამ იმდენად მძლავრი იყო კერვის სურვილი, რომ დასჯა მერჩია. მშობლებს კი, ახლაც ვსაყვედურობ, როგორ ვერ მიხვდნენ, ქსოვილი, ნემსი და ძაფი ეყიდათ და მოეცათ კერვის საშუალება დასჯის გარეშე… მამის დაჟინებით სტომატოლოგი გავხდი, მაგრამ დიზაინი ეს მთელი ჩემი სამყაროა, რომელსაც ახლა აქ, ესპანეთში ჩემი არასამათავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს შევასწავლი. საქართველოში კი, მუდმივად ვგზავნი ტანსაცმელს, ნივთებს, თანხას იმ ოჯახებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება, აქაც ბევრი ქალი ამყვა და ჩვენს სამშობლოში გაჭირვებულ ქალებს ისე ვაძლიერებთ, როგორც შეგვიძლია.
primetime.ge