როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ სტომატოლოგთან მისვლის შიშს გაუმკლავდეს
სამწუხაროდ, ბავშვებს სტომატოლოგების დახმარება არც თუ ისე იშვიათად სჭირდებათ. უმეტეს შემთხვევაში, ეს კარიესთან არის დაკავშირებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ყოველ მეხუთე ბავშვს აღენიშნება კარიესი, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. თუმცა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის სხვა გავრცელებული მიზეზებიც არსებობს: პროფილაქტიკური გამოკვლევებით დაწყებული, კბილთა წყობის პრობლემით დასრულებული. როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ სტომატოლოგთან მისვლის შიშს გაუმკლავდეს?
ვცდილობ ბავშვი დავამშვიდო, რომ "არ ეტკინება", მაგრამ მას მაინც ეშინია და ნერვიულობს. Როგორ მოვიქცე?
სჯობს ეს არ უთხრათ. მშობლები ასეთ ფრაზებს საუკეთესო განზრახვით ამბობენ, მაგრამ ისინი სულაც არ არის გამამხნევებელი, არამედ - პირიქით. წარმოიდგინეთ, რომ შვილთან ერთად სურსათის მაღაზიასთან რძის საყიდლად გაჩერდით, თუმცა სანამ შეხვალთ, მოულოდნელად მას ეუბნებით: „ნუ გეშინია, არაფერი გეტკინება“. სხვა თუ არაფერი, ბავშვს მარტო ეს ფრაზა შეაშინებს. ეს ის სიტყვებია, რომელთაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ ამბობენ. მათ შორის პარკში შესვლამდე, ზღვაზე გასვლამდე ან აუზში ვარჯიშის დაწყებამდე.
აბა რომელი ფრაზაა მართებული?
მნიშვნელოვანია ბავშვის მომზადება იმისთვის, რაც კლინიკაში მოხდება. სპეციალისტების განმარტებით, როდესაც ბავშვები სტომატოლოგთან მიდიან, თავიანთი შიშის მიზეზს ხშირად ვერ ადგენენ, რადგან მათ კარგად არ ესმით სად არიან, რა ელით და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ამიტომაც თქვენს პატარას უნდა აუხსნათ, რას აკეთებს სტომატოლოგი, რომ ასეთი ექიმები ხელს უწყობენ ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას. კიდევ უფრო უკეთესია, რომ თქვენს შვილთან ერთად სტომატოლოგობანა ითამაშოთ. შეგიძლიათ პლუშის დათუნიას კბილებზე უმკურნალოთ, სარკეში ღრძილები დაათვალიეროთ ან შეიძინოთ სათამაშო ნაკრები, რომელიც დანტისტის როლის შესრულებისთვის არის საჭირო. ყველა ეს მეთოდი კარგია. ამავდროულად, სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნისას აირჩიეთ შესაფერისი დრო, როდესაც ბავშვი, როგორც წესი, აქტიური და მხიარულია. დანტისტთან ნუ ჩაეწერებით ძილის წინ ან სადილის დროს.
გასაგებია, მაგრამ ექიმზეც ხომ ბევრი რამ არის დამოკიდებული! რა შეიძლება გააკეთოს სტომატოლოგმა, რომ ბავშვს არ შეეშინდეს?
არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ბავშვს ადაპტაციას უადვილებს და მკურნალობის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. მაგალითად, ვიზიტის დროს ექიმს შეუძლია პატარას საყვარელი მულტფილმი ჩაურთოს, პროცედურის დასრულების შემდეგ კი მან საჩუქარი მიიღოს. ამის წყალობით, სტომატოლოგთან ვიზიტი ჰგავს არა მკურნალობას, არამედ - საინტერესო გასართობს. ამავდროულად, ექიმს შეუძლია თავისი მოწყობილობა წინასწარ დაათვალიერებინოს პატარა პაციენტს და ამის შესახებ ყველაფერი მოუყვეს. სპეციალისტების განმარტებით, ბავშვთა სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი პრინციპია: ”მოვუყვეთ - ვაჩვენოთ - გავაკეთოთ”. ამ მეთოდით, ექიმი პატარა პაციენტთან სანდო ურთიერთობას აყალიბებს. მაშინაც კი, თუ ბავშვს მკურნალობის უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა (სავარძელში გაკავება), სტომატოლოგის მიმართ შიშის შემცირების შანსი ყოველთვის არსებობს.
თუკი ყველაფრის მიუხედავად, ბავშვს მაინც ძალიან ეშინია და სტომატოლოგს არ ეკონტაქტება?
ეს სიტუაცია სტომატოლოგთან უნდა განიხილოთ. სავარაუდოდ, თქვენ ერთად შეძლებთ გამოსავლის გამონახვას და ბავშვი ექიმთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება. თუ ყველა ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის, ექიმმა შეიძლება მკურნალობის ჩატარება სედაციით (ზოგადი გაუტკივარება) გირჩიოთ. სედაციის დონე განსხვავებულია, მინიმუმს უზრუნველყოფს აზოტის ქვეჟანგი ("გამამხიარულებელი გაზი").
რას ნიშნავს „გამამხიარულებელი გაზი“? რა სიტუაციაშია ის რეკომენდებული?
Რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევა ექიმთან უნდა იყოს განხილული. სტომატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ აზოტის ქვეჟანგი, რომ ბავშვმა ნაკლებად ინერვიულოს და სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარების დროს სახიფათო მოძრაობები არ გააკეთოს. როგორც წესი, სპეციალისტები აზოტის ქვეჟანგის გამოყენებას 3-4-დან 7-8 წლამდე ბავშვებში უწევენ რეკომენდაციას. 45 წუთზე მეტხანს ერთ ადგილზე ჯდომა და თან გაღებული პირით, არც ისე მარტივია. აზოტის ქვეჟანგი კი ადგილობრივ ანესთეზიასაც უფრო კომფორტულს ხდის, ნემსის გაკეთება ხომ არავის სიამოვნებს. აზოტის ქვეჟანგის წყალობით კი პატარა პაცინეტებს ეს პროცედურა გაცილებით უმარტივდებათ.
ეს საშიში ხომ არ არის?
როგორც ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, გარკვეული რისკი სედაციისა თუ ადგილობრივი ანესთეზიის დროსაც არსებობს. თუმცა ზოგადად ისინი უსაფრთხოდ ითვლება და როგორც წესი, ორგანიზმი ადვილად იტანს. მაგალითად, ამერიკის ბავშვთა სტომატოლოგიის აკადემიის ექსპერტების აზრით, აზოტის ქვეჟანგისა და ჟანგბადის ინჰალაცია არის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი, რომელიც ამცირებს შფოთვას, ამსუბუქებს ტკივილს, პაციენტსა და ექიმს შორის კომუნიკაციას აუმჯობესებს. მეტ-ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენა - გულისრევა და ღებინება - გვხვდება პაციენტების მხოლოდ 0,5-1,2% -ში.
რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის სიხშირე მაქსიმალურად შევამციროთ?
ყველაზე მთავარია კბილების სწორად გახეხვა. მაგალითად, აუცილებელია გამოიყენოთ ის საბავშვო კბილის პასტა, რომლის შეიცავს ფტორს არანაკლებ 1000 ppm (ეს უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე) ან საოჯახო კბილის პასტა, რომელიც შეიცავს ფტორს 1350 ppm-დან 1500 ppm-მდე. ასეთი პასტები კარიესის რისკს ამცირებენ. ასევე არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ:
- შაქრის შემცველი პროდუქტები მიეცით სხვა საკვებთან ერთად (რომლებიც ცილასა და ცხიმს შეიცავს);
- ტკბილი სასმელების მიღება რაც შეიძლება გვიან დააწყებინეთ და ამის შემდეგაც მხოლოდ დღეში ერთხელ მიეცით;
- ჭამის შემდეგ პირში წყალი გამოავლებინეთ;
- ზუსტად ძილის წინ არ აჭამოთ (ან კბილები გაახეხინეთ აუცილებლად).
საჭიროა თუ არა სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი? Რამდენად ხშირად?
Რა თქმა უნდა! გრაფიკი ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ. მაგალითად, აშშ-ში ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი რეკომენდებულია, როდესაც პატარა დაახლოებით ერთი წლის გახდება. სამ წლამდე კი ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა მიხვიდეთ დანტისტთან. დიდ ბრიტანეთში ბავშვთა სტომატოლოგთან ვიზიტი, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.
imedinews.ge