როგორ დავგეგმოთ ბედნიერი სქესობრივი ცხოვრება
მეცნიერები გვიხსნიან, როგორ დავგეგმოთ პარტნიორთან ბედნიერი სქესობრივი ცხოვრება
ჰოლივუდის ფილმებსა და პრიალა ჟურნალებს ხშირად სექსის, სიყვარულისა და ურთიერთობების შესახებ არასწორი წარმოდგენების შექმნაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით, ტორონტოს უნივერსიტეტის სოციალურმა ფსიქოლოგებმა ძალიან საინტერესო ემპირიული კვლევა ჩაატარეს, საზოგადოებაში დამკვიდრებული ჭორები რეალობისგან რომ განვასხვავოთ.
კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა 1900 ჰეტერო და ჰომოსექსუალი წყვილის სქესობრივი ცხოვრება შეისწავლეს, იმისთვის, რომ საუკუნეების განმავლობაში ამოუხსნელი კითხვისთვის ეპასუხათ: „რა განაპირობებს ბედნიერ სქესობრივ ცხოვრებას?“
მთლიანობაში გაირკვა, რომ სქესობრივი დაკმაყოფილება გრძელვადიან ურთიერთობებში ემყარება ადამიანების სურვილს, გადაჭრან სექსუალური პრობლემები და მოლოდინები. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებსაც „სულიერი მეგობრობის“ შესახებ ნაკლებად პრინციპული და იდეალისტური შეხედულებები აქვთ, პარტნიორთან სქესობრივ ცხოვრებაშიც უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს.
კვლევის ავტორმა ჯესიკა მაქსველმა განაცხადა: „ნებისმიერი წყვილი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში საწოლში პრობლემებს აწყდება. ადამიანის სქესობრივი ცხოვრება კი ბაღს ჰგავს, რომელსაც მუდმივად მორწყვა და შენარჩუნება სჭირდება“. აღმოჩნდა, რომ წყვილებისთვის ე.წ. „თაფლობის თვის“ პერიოდი დაახლოებით 2-3 წელი გრძელდება, შემდეგ კი სექსუალური დაკმაყოფილების ხანგრძლივობა მცირდება. სწორედ ამ დროს მოგვიწოდებენ მკვლევარები გამოფხიზლებისკენ და გვაფრთხილებენ, რომ პარტნიორთან ღია საუბარი და დისკუსია უნდა დავიწყოთ, იმისთვის, რომ სასურველ ცვლილებას მივაღწიოთ.\\
საქმე ისაა, რომ „სულიერი მეგობრობის“ რომანტიზებული იდეებისა და „რომანტიკული ისტორიების“ დამსახურებით, ურთიერთობას სტატიკურ, წინასწარ განსაზღვრულ მოვლენად აღვიქვამთ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ სქესობრივ ცხოვრებაში თუნდაც ერთი მარტივი პრობლემა იქმნება, ადამიანები ფიქრობენ, რომ ურთიერთობის დასრულების დროა. რეალურად კი ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუ, უბრალოდ, დასხდებიან და ერთმანეთს ღიად ეტყვიან, რა სურვილები აქვთ.
ადამიანები, რომლებსაც „სექსუალური ბედისწერის“ სჯერათ, თავიანთ სქესობრივ ცხოვრებას ერთგვარად „ბარომეტრის დანიშნულებით“ იყენებენ – სექსის ხარისხის მიხედვით განსაზღვრავენ, რამდენად კარგად წარიმართება ურთიერთობა და მიიჩნევენ, რომ სქესობრივი პრობლემები ურთიერთობის პრობლემების ტოლფასია. თუმცა, ხანგრძლივ ურთიერთობებში წარმატებას მხოლოდ ის წყვილები აღწევენ, რომლებსაც სქესობრივი ზრდის სჯერათ, შეუძლიათ, იქ არსებული პრობლემები მოაგვარონ და სექსს უფლება არ მისცენ, მათ ჰარმონიულ ცხოვრებაში დისონანსი შეიტანოს.
trend.ge