TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
კახეთში თითქმის მთლიანადაა დაჯავშნილი ვაქცინის ის დოზები, რომლებიც რეგიონმა მიიღო
  • კახეთში თითქმის მთლიანადაა დაჯავშნილი ვაქცინის ის დოზები, რომლებიც რეგიონმა მიიღო

    ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი კახეთშიც დაიწყო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია ამ ეტაპზე რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მოგვიანებით კი ვაქცინაციას დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტიც შეუერთდება.


    პარალელურ რეჟიმში, რეგიონის სამ ამცრელ დაწესებულებაში გრძელდება პრეპარატ „ასტრაზენეკათი“ აცრა.

    ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში აცრები აქტიურად მიმდინარეობს და თითქმის მთლიანადაა დაჯავშნილი ვაქცინის ის დოზები, რომლებიც რეგიონმა მიიღო.

    რეგიონის ამცრელმა დაწესებულებებმა ამ ეტაპზე 2 500-ზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღო. დღეს კახეთში 148 ადამიანი აიცრება.

    კახეთში ეპიდსიტუაცია ისევ სტაბილური და მართვადია.

    დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
    65 ნახვა