თეგებით ძიება

წერის პროცესი სიკვდილს გავს, მიკვირს იმ ავტორების, რომლებსაც წერა სიამოვნებას ანიჭებთ - ერეკლე გოგიშვილი

„დავიწყოთ იქედან, რომ მე არც მწერალი და არც პოეტი არ ვარ, ჯერჯერობით. როდესაც გქვია მწერალი, უნდა შექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას, კრიტიკას, მსჯელობას, ლიტერატურულ წრეებში. ამასთან ერთად, მკითხველთა საზოგადოებამ უნდა აღიაროს და მიიღოს ესა თუ ის მწერალი ან პოეტი, თუმცა ვარ ავტორი და ამას ვერსად გავექცევი.

რაც შეეხება ისეთ მოვლენას, რამაც განაპირობა კალამი ამეღო ხელში ეს არ ყოფილა,რაც შესანიშნავია, რადგან კონკრეტულ მოვლენასა თუ შემთხვევის მძევალი არ ვხდები და უფრო ფართო არეალი მაქვს სამწერლო გზაზე“, - ამბობს ერეკლე გოგიშვილი TIA.GE-სთან ინტერვიუში.

- ხართ საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, როდის და რატომ გაგიჩნდათ კლუბის დაარსების იდეა?

- როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, არ იყო ისეთი კლუბი თუ სტუდენტების გაერთიანება, რომელიც უშუალოდ ლიტერატურაზე იქნებოდა ორიენტირებული, შესაბამისად, ჩემი იდეა გავუზიარე მეგობრებს, თანაკურსელებს და დავაფუძნეთ ზემოთ ხსენებული კლუბი. ამ სამი წლის განმავლობაში, რაც კლუბი ფუნქციონირებს, არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. გვქონდა საჯარო ლექციები ლიტერატორებთან და მწერლებთან. აღვნიშნავ იმასაც, რომ კლუბი მომავალშიც დაგეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს და უმასპინძლებს მრაცალ სტუდენტს.

წერის პროცესი სიკვდილს გავს, მიკვირს იმ ავტორების, რომლებსაც წერა სიამოვნებას ანიჭებთ - ერეკლე გოგიშვილი


- ახლახანს, თქვენი თანაავტორობით, გამოიცა ახალი კრებული „იმ სიყვარულით, რაც აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს“, რატომ მაინცდამაინც ეს სახელი?

- კრებულს რვა ავტორის შემოქმედება აერთიანებს და თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან, ვერლიბლის არაჩვეულებრივი ტექსტებითა თუ კლასიკური პოეზიით. რაც შეეხება კრებულის სახელს, ამ ცნობილი სიტყვებით მთავრდება უდიდესი იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, ხოლო, მეორეს მხრივ სწორედ ისეთი სიყვარული გვამოძრავებს ჩვენი მკითხველისა თუ მსმენელის მიმართ, რომელიც მზესა და ვარსკვლავებსაც კი აბრუნებს, რამეთუ შემოქმედისთვის მთავარი მკითხველია.

- ხშირ შემთხვევაში რა განგაწყობთ ფიქრისთვის?

- შემოქმედებით საქმიანობაში ფიქრი აუცილებელია, ვასიკო კეჟერაძის ( კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა) არ იყოს, ადამიანმა თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა, თუ არ იოცნება, მაშინ იფიტება და კვდება. ფიქრს იწვევს ახალი წიგნის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა, დიდი მხატვრული ტილოების ცქერა, ამა თუ იმ პერსონაჟის გადაწყვეტილება და ა.შ.



- წერის პროცესზეც მინდა გკითხოთ, როგორია წერის თქვენეული პროცესი?

- ყოველთვის მიკვირს იმ ავტორების, რომლებიც ამბობენ, რომ წერა სიამოვნებას ანიჭებთ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. წერა რთული პროცესია, ავტორს თავის ცოდნა და ემოციები ფურცელზე გადააქვს და იგი დაცარიელებული, ძალაგამოცლილი რჩება. ფილოსოფიურად თუ შევხედავთ წერის პროცესი სიკვდილს გავს, იოანეს სახარებაში წერია, რომ თუ პურის მარცვალი მიწაზე დავარდება და გადარჩება ერთი ცალი დარჩება, მაგრამ თუ იგი დაცემისას მოკვდება მისგან ახალი სიცოცხლე წამოვა, ასეა მწერლობაც და შესაბამისად წერის პროცესიც.

მწერალი სიკვდილისთვის მზად უნდა იყოს, როგორც ბარათაშვილი ამბობს:“ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“, ხოლო წერის
პროცესი მთავარ როლს თამაშობს ამ ამბავში.

- წარსულის რომელი ლიტერატურული ტექსტია თქვენთვის გამორჩეული?

- კონკრეტული ტექსტის დასახელება მიჭირს, თუმცა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ჰომეროსმა, რა თქმა უნდა „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავია, შექსპირის ტრაგედიებიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით „ჰამლეტი’’ და „მეფე ლირი“. ახლაც მაგიდაზე მიდევს დავით წედიანის ნათარგმნი „ფაუსტი“, რაც შეეხება მეოცე საუკუნის ტრაგედიებიდან ნაბუკოვის „ლოლიტას“ გამოვარჩევდი, ამასთან კამოუს „უცხოს“ და ოთარ ჭილაძის მთლიან შემოქმედებას.

- და ბოლოს, როგორც ახალგაზრდა პოეტს, დიდი მისრწაფებები გექნებათ. ამ სფეროში რა კონკრეტული მიზნები გაქვთ?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს თავს ასე თამამად პოეტს ვერ ვუწოდებ, მითუმეტეს როცა საქართველოში ცხოვრობ, ჩვენ ხომ პოეზიის ქვეყანა ვართ! თუმცა, რა თქმა უნდა დიდ დროს ვუთმობ საკუთარ თავზე მუშაობას, როგორც პოეზიის ასევე პროზის კუთხით და არც ისე შორეულ მომავალში ჩემს პროზაულ ტექსტებს შევთავაზებ საზოგადოებას, მიზანიც, ცხადია წერის მხრივ განვითარებაა.

ესაუბრა: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა