თეგებით ძიება
17. 05. 2021 News-ები

შესაძლოა, პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდოს“ – „პურის მცხობელთა ასოციაცია“

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ პურის მწარმოებლები ერთ ტომარა ფქვილს 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად არ მიიღებენ, შესაძლოა, პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდოს.

ამის შესახებ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში პურ-პროდუქტებთან დაკავშირებით სუბსიდირება ხორციელდება. მთავრობა პროცესში მონაწილეობს იმისათვის, რომ პურზე ფასი იმ ნიშულზე შენარჩუნებულიყო, რაც დღესაა დაფიქსირებული. როგორც მოგეხსნებათ, სტატისტიკის სამსახური ყოველთვიურად პურ-პრუდუქტებზე ფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დაფისირებული იყო 6 %-იანი მატება. ეს არის იმ საცხობებზე, რომლებიც ელიტარულ პურს უშვებენ, მაგალითად, „ანტრე“ და ასეთი საცხობები. რაც შეეხება ისეთ პურს, რომელიც ფართო მოხმარებაშია, ამაზე ფასი არ შეცვლილა. ეს სუბსიდირების პროგრამის ხარჯზე მოხდა. დასუბსიდირდა ფქვილი, ანუ ძირითადი ნედლეული, რისგანაც პური მზადდება. ეს ძალიან კარგია. მეწარმეებს უთხრეს, ტომარა ფქვილს 53 ლარად მიიღებთო. მთავრობა წისქვილებს დანარჩენ ხარჯებს თავად უფარავდა. სახელმწიფომ მთლიანობაში სუბსიდირებისთვის 10 მილიონი გაიღო.
დღეს ასეთი ტენდენციაა: ახალი მოსავალი წამოვიდა და ამ პერიოდს ფქვილზე ფასების დაწევა ახასიათებს. ეს ასეც მოხდა.

მინდა, ჩვენი, მცხობელების პრობლემების შესახებ გითხრათ. შეგვითანხმდნენ, ტომარა ფქვილს 53 ლარად მიიღებთო, ეს მეექვსე თვეა – ასეა. ამ ექვს თვეში კი ვალუტის კურსი, საფუარის, მარილის ფასი შეიცვალა. საწვავზე რა ამბავია, იცით, დისტრიბუცია ძალიან გართულდა. კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება, უცხოეთიდან შემოაქვთ. მოკლედ, მცხობელები კარგ დღეში არ ჩავვარდით. რამდენჯერმე საუბარი იყო იმაზე, რომ სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოებაში პრობლემებია.

სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ჩვენ ტომარა ფქვილს 53 გვაძლევენ. კარგი იქნება, თუ ტომარა ფქვილს 50 ლარად მივიღებთ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პურზე ფასი შენარჩუნდეს. ან სხვა გზა არ რჩება: პროდუქციას ფასი 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს იმისათვის, რომ თავი შევინახოთ და წარმოება გავიტანოთ“, – განაცხადა დოლიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა