თეგებით ძიება

საქართველო 82%-ით სხვა სახელმწიფოებზეა ენერგოდამოკიდებული

ქვეყნის თავისუფლების ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ენერგოდამოუკიდებლობაა. განსაკუთრებული აქცენტი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე კეთდება, ნავთობისგან განსხვავებით მათი შორი მანძილიდან ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ბევრად უფრო რთული და ძვირია.

საქართველოს ნავთობი და გაზი არ გააჩნია, ელექტროენერგიის შემთხვევაშიც კი საკუთარ საჭიროებებს მხოლოდ ნაწილობრივ იკმაყოფილებს.

2020 წელს საქართველომ 12.157 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა სრულმა მოთხოვნამ დანაკარგების გათვალისწინებით 12.655 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. მართალია პირდაპირი იმპორტი მხოლოდ 1.610 მლრდ კვტ/სთ იყო, მაგრამ იმავე წელს გაზზე მომუშავე თმოსადგურებმა 2.820 მლრდ კვტ/სთ-ს მიღება შეძლეს. გაზს საქართველო აზერბაიჯანისგან ღებულობს, რომელიც რუსეთისგან განსხვავებით სანდო პარტნიორია, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფისგან არც ის მილსადენია დაზღვეული. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოს გაზსაცავი დღემდე არ გააჩნია, არადა 13 წლის წინ ევროობლიგაციები ქვეყანამ სწორედ ამ მიზნით გამოუშვა. $500 მლნ შემდეგომ ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

საქართველო საკუთარი რესურსებით ელექტროენერგიას მხოლოდ ჰესებისგან და ქარის სადგურისგან ღებულობს. ცალკეული მზის პანელების წილი უმნიშვნელოა. 2020 წელს საქართველომ ჰესებისგან 8.248 მლრდ, ხოლო ქარის სადგურისგან 91 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც ჯამში 8.339 მლრდ კვტ/სთ-ს უდრის. ამ რიცხვს უნდა გამოაკლდეს ექსპორტირებული 154 მლნ კვტ/სთ, რადგან ელექტროენერგიის სპეციალურ ბატარეებში შენახვა ძვირი ჯდება და უმჯობესია ჭარბი ენერგია გაიყიდოს და დანაკლისი იმპორტით შეივსოს.

საბოლოო ჯამში გასულ წელს ქვეყანამ 12.655 მლრდ კვტ/სთ მოთხოვნიდან, დანაკალრგების გათვალისწინებით, საკუთარი რესურსებით მხოლოდ 8.185 მლრდ კვტ/სთ-ის დაკმაყოფილება შეძლო, რაც 65%-ზე ნაკლებია. გაზისა და ნავთობის მიმართულებით ეს მაჩვენებელი 0%-მდე ეცემა.

საქსტატს 2020 წლის კონსოლიდირებული ენერგეტიკული ბალანსი ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს, 2019 წლის მონაცემებით კი ირკვევა, რომ საქართველომ ჯამში 5.101 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტი ენერგია მოიხმარა, შიდა წარმოებამ მხოლოდ 1.092 მლნ ტონა შეადგინა, ექსპორტზე 55 ათასი ტონა გავიდა, იმპორტმა კი 4.173 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველო ენერგეტიკულად სხვა სახელმწიფოებზე 81.8%-ით იყო დამოკიდებული. შედარებისთვის 2018 წელს მოხმარებამ 4.820 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტი შეადგინა, იმპორტმა - 3.885 მლნ ტონის, ენერგოდამოკიდებულებამ - 80.6%. უფრო ადრე 2013 წელს ენერგოდამოკიდებულება ბევრად უფრო ნაკლები - 68.3% იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება, ბევრი ადამიანის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. 2021 წლის იანვარ-აპრილში აფხაზეთმა 1.155 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა, რაც თბილისის მოხმარების მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. 90-იანი წლების ბოლოს დადებული არაოფიციალური შეთანხმების თანახმად რეგიონს ენგურჰესის გამომუშავების 40% უნდა რგებოდა. ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და აფხაზეთს ზამთრის პერიოდში არამხოლოდ 100%-ით მიაქვს ენგურჰესის რესურსი დამატებით იმპორტსაც საჭიროებს, რომლის საფასურსაც თბილისი იხდის. პროტესტს იწვევს განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ აღნიშნული ელექტროენერგიით მოსახლეობასთან ერთად რუსული საოკუპაციო ბაზებიც მარაგდება. იმის გამო, რომ ჰესის აგრეგატები გალსი მდებარეობს, გათიშვა მარტივი გამოსავალი არ არის. ენგურის მეორე მხრიდან რუსეთს დივერსიის მოწყობა თავისუფლად შეუძლია. ენგურჰესი უბრალოდ ყველაზე დიდი ელექტროსადგური არ არის, რომელიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც წესი ჯამური გენერაციის 1/3-ს ან მეტს. მისი დამატებითი სიკეთე კაშხალია, რაც ქსელში ბალანსის შენარჩუნებას იძლევა.

საქართველომ დღევანდელზე 5-ჯერ მეტი ელექტროენერგიაც რომ აწარმოოს და 70% ექსპორტზე გაიტანოს, სრულ ენერგოდამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს, რადგან ბუნებრივი გაზი და ნავთობი კვლავ საყიდელი ექნება. ადგილობრივი გაზის მოხმარებაში უმნიშვნელოა და 0.3-0.5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში მციროდენობით ნავთობის მოიპოვება, მოთხოვნის დაახლოებით 3%, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ისიც ნედლეულის სახით მთლიანად ექსპორტზე გადის და მზა საწვავი 100%-ით იმპორტირებულია.

ნავთობის ტრანსპორტირება შედარებით მარტივია და ნაკლებპრობლემატურია. ბუნებრივი აირის შემთხვევაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად გაზსაცავს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, რაც საქართველოს არ გააჩნია. ელექტროენერგიის მიმართულებით ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდრორესურსის მხოლოდ 20-25 პროცენტია ათვისებული, მზის და ქარის თითქმის საერთოდ არა, თუმცა სარეზერვო სიმზლავრეების გარეშე, ისეთები როგორებიცაა წყალსაცავიანი ჰესი, თბოსადგური ან ატომური ელექტროსადსგური, მზის და ქარის პოტენციალის სრულად ათვისება მათი არასტაბილურობის გამო ვერ მოხერხდება.
"კომერსანტი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა