TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.3%-ით გაიზარდა
  • ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.3%-ით გაიზარდა

    საქსტატის ბოლო მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.


    2021 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით მეტია.

    2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

    მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე - 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.1 პროცენტი.

    საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის I კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი).

    2021 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.1 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -4.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.4 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

    105 ნახვა