თეგებით ძიება
15. 06. 2021 მსოფლიო

ლგბტ თემატიკის მასალები უნგრეთის სკოლებში იკრძალება - კანონი მიღებულია

უნგრეთის პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო - ის კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

კრიტიკოსებმა კანონი ლგბტ ადამიანების უფლებებზე თავდასხმად შეაფასეს. 15 ივნისს კანონს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 199-ადგილიან პარლამენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ აკონტროლებს.

14 ივნისს ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონის გასაპროტესტებლად. კანონი კრძალავს წიგნებს, ფილმებსა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომ სხვა მასალებს, რომლებშიც სექსუალობა არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სასჯელს ითვალისწინებს ამ კანონის დარღვევა.

ლგბტ თემისა და ადამიანის უფლებების დამცველთა კავშირები აცხადებენ, რომ კანონი „ხელყოფს ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ახალგაზრდობის“ უფლებებს. ისინი ამ აკრძალვებს ადარებენ რუსეთში 2013 წელს მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც კრძალავს ე.წ. „გეი პროპაგანდას“, რასაც უფლებადამცველები დისკრიმინაციის იარაღად მიიჩნევენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა