თეგებით ძიება

"ოქროს გასაღები მოსწავლეთა გულწრფელი სიყვარულია" - ნონა შავიშვილი

სანამ მასწავლებელი არ გავხდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რამხელა შრომაა საჭირო, გადასცე მოსწავლეს უნარებთან ერთად საგნობრივი ცოდნა... ვერანაირი მატერიალური სარგებელი ვერ იტვირთებს სწავლა-სწავლების პროცესში დახარჯული ენერგიის კომპენსირებას, ვერ მოგანიჭებს იმხელა დიდ სიამოვნებას, როგორსაც შენი გამოზრდილი მოსწავლის წარმატებულ ადამიანად, პროფესიონალად ქცევა...

მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლეებთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობებზე, TIA.GE-ს კითხვებს აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნონა შავიშვილი პასუხობს.

- რატომ გადაგაწყვიტეთ პედაგოგის პროფესიის არჩევა?

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს შემოქმედებით ჯგუფს, მე აქტირად ვადევნებ თვალს თქვენს მუშაობას და მიხარია, რომ ამდენ ახალგაზრდას გაქვთ საშუალება, ფართო მასებს მიაწვდინოთ რეგიონებში მიჩქმალული საზოგადოების ხმა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მინდოდა მასწავლებლობა და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს ის პროფესიაა, რომლის გარეშეც მართლა ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ასე საჯაროდ პირველად მინდა ვთქვა, ძირითადად რამ მომცა მოტივაცია გავმხდარიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მე დღესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ჩემი პედაგოგები, რომლებმაც, თუნდაც მისხალი წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებაში, თუმცა მათ რიცხვში იყო მასწავლებელი (რომელთანაც დრესაც ძალიან თბილი, გულწრფელი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა მაქვს), რომელმაც ჩემი გულწრფელი მონდომებისა და დაუზარელი, გულმოდგინე მუშაობისა, მიზეზთა გამო, ვერ/არ შემაფასა „5-იანით“... მაშინ ძალიან განვიცადე... ემოციებს ძვლივს ვუმკვლავდებოდი... მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში, ამ კონკრეტულ საგანში, ჩემთვის შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა... იმ წელს მე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი არჩეული პროფესიით მეთქვა სათქმელი!.. წყენამ მალევე გადამიარა და დღეს მადლობელიც კი ვარ!

- რას გაძლევთ ყოველ დღე მოზარდებთან ურთიერთობა და მუშაობა? როგორ ფიქრობთ, დამღლელია თქვენი პროფდესია?

- გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია, თუმცა ვეცდები ემოციებს არ ავყვე და მარტივად გიპასუხოთ, ჩემთვის ყოველი მოზარდი, ილიას გიორგისა არ იყოს, „გადაშლილი წიგნია“, რომელთა კითხვაც ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ შევძლო ამ წიგნების გულმოდგინე და ჩაკვირვებით კითხვა, რადგან სწორედ ისინი არიან ჩემი „მასწავლებლობის“ ხარისხის განმსაზღვრელნი... დამღლელი?! არა, იცით ვიტყოდი უფრო შრომატევადია, თუმცა იმდენად საინტერესო და აზარტული, რომ ხშირად დაღლილობის ძალა აღარ გრჩება!..

- როგორ ასწრებთ კლასში თანაბრად დაუთმოთ დრო ყველა მოსწავლეს ისე, რომ არც ერთის პრობლემა არ გამოგეპაროთ?

- სამწუხაროდ, დროის მენეჯმენტი ჩემთვის „აქილევსის ქუსლია“. აქ მართლაც მაქვს პრობლემები, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ საგაკვეთილო დრო ვიკმარო, ხშირად არ გამომდის, ამიტომ ზოგჯერ მოსაზღვრე დასვენებებსა და არასაგაკვეთილო დროს ვიპარავ, რომ მეტ-ნაკლებად შევძლო ყველა ბავშვიშში ყველა არმოჩენილ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? როგორ შეაფასებდით საკუთარ გამოცდილებას ამ სფეროში, თუნდაც მოსწავლეების დამოკიდებულებების მიხედვით?

- ვფიქრობ ძალიან რთული კითხვაა, თუმცა ჩემი არც თუ ისე დიდი გამოცდილებით, შემიძლია გარკვეული თვალსაზრისი შემოგთავაზოთ. ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს პირველ რიგში უშუალო, უანგარო, პოზიტიური, გაწონასწორებული, კრეატიული, შემეცნებითი... უნდა შეეძლოს ემოციის მართვა, ასევე იგი უნდა იყოს ნოვატორი და კონკრეტული კლასის, კონკრეტული დროისა და სივრცის შესაბამისად უნდა შეეძლოს მიდგომების ცვლა. იგი უპირატესად ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა პასუხისმგებლიანი, სრულფასოვანი, გარემოსთან ინტეგრირებული მოქალაქეების აღზრდისკენ. მას უნდა შეეძლოს ჯანსაღი ურთიერთობები. ჩემმა გამოცდილებამ ისიც დამანახა, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა სითბოზე, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დაამყარო. ვფიქრობ, ხშირად, ამ საკითხთან დაკავშირებული ტრადიციულად მიღებული, სტერეოტიპული შეხედულებები გვერდით უნდა გადადო და გარემოების შესაბამისად წარმართო საგაკვეთილო პროცესები იქნება თუ მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობები.

- შეგქმნიათ თუ არა მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობის გამო პრობლემა სკოლაში?

- ჩემსა და მოსწავლეებს შორის ხშირად მომიშლია სტიგმებისა და სტერეოტიპების შედეგად ნაშენები „საზღვრები“ (ვფიქრობ ზომიერების ფარგლებში) დანგრევისა და უშუალო ურთიერთობების გამო, არაერთხელ გავხვეულვარ უსიამოვნო გაუგებრობებში. საქმე იმაშია, რომ, როცა საჭიროება მკარნახობს, მე ვამსხვრევ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებულ „ბარიკადებს“ და მათთან ინდივიდუალურ, უფრო მზრუნვველ, პირად ურთიერთობებს ვირჩევ, რომელიც საერთოდ არ მიშლის ხელს, მოსწავლის აკადემიური მოსწრების ობიექტურად შეფასებისას.

- გაიხსენეთ თქვენი სკოლის პერიოდი, რა განსხვავებას გრძნობთ თქვენი დროის მოსწავლეებსა და ახლანდელ მოსწავლეებს შორის? დადებითია ეს განსხვავებები თუ უარყოფითი?

- ადამიანი იცვლება დროის დინებასთან ერთად, შესაბამისად, ბუნებრივია, არსებობს მთელი რიგი განსხვავებები ჩემი დროის მოსწავლეებსა და დღევანდელ მოზარდებს შორის. ვფიქრობ, არც ისეთი რადიკალური, „ჩარჩოებში მოქცეული“, სტერეოტიპულ აზროვნებაზე დამყარებული ურთიერთობებია მართებული და არც ზედმეტად ზღვარგადასული, თავისუფლების იარლიყის ქვეშ მოქცეული ფსევდოლიბერალიზმი, გარკვეული საკითხებისადმი პროტესტის ამორალური, აფექტური გზით გამოხატვა, რომელიც დღევანდელი მოზარდების საკმაოდ დიდ ნაწილს სჩვევია... შესაბამისად, ასე ცალსახად საუბარი დადებითი თუ უარყოფითია ეს განსხვავებულობა, ვფიქრობ არასწორია... რაღაც ოქროს შუალედის აღებაა საჭირო, მაშინდელი და ახლანდელი მოსწავლეების თვისებების შერწყმა-დაბალანსება, ვფიქრობ საუკეთესო მოქალაქეებს აჩუქებს ჩვენს ქვეყანას...

- გაიხსენებდით რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევას, რომელიც გადაგხდათ სკოლაში მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

- მოსწავლეებთან ურთიერთობები საინტერესო სათავგადასავლო წიგნის კითხვასა თუ ფილმის ყურებას ჰგავს, რომელშიც ხან მოქმედი გმირი ხარ, ხან - რეჟისორი, ხანაც მკითხველი თუ მაყურებელი... ჩემი არც თუ ისე დიდი პედაგოგიური პრაქტიკა უამრავ უნიკალურ შემთხვევას ინახავს, თუმცა მათგან ყველაზე „დიდი შემთხვევა“, რომელმაც უამრავი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული კლასის მოსწავლის თვალებში შემთხვევით, პირველივე საგაკვეთილო შეხვედრისას აღმოჩენილი სასწაული იყო... მე მის მზერაში თითქოს ჩემი ბავშვობა დავინახე... პირველივე დღიდან უცნაური სიყვარული ვიგრძენი, რომელიც ამ კონკრეტულ კლასში სხვებზეც გადავიდა და კლასის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიცვა!.. ნათქვამია: „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელიო“, თუმცა ისიც ცხადია, რომ სამწუხაროდ, ეს მშობლობა ხშირად სკოლის კედლებშიც კი ვერ ძლებს დიდხანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, ამ ბავშვებთან (ისინი დღეს სტუდენტები არიან), მე სკოლის კედლებიდან დღემდე იგივე და უფრო ახლო, სრულფასოვანი ურთიერთობა მაქვს... ჩვენთვის დღემდე უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია 19 ნოემბერი, რადგან, სწორედ ამ დღეს გამოვჩნდით ერთმანეთის ცხოვრებაში და ბუნებრივად მოვკალათდით!..

- რა გაძლევთ მოტივაციას თქვენს სფეროში?

- უპირატესად მოსწავლეების, წრფელი ურთიერთობებისა და ჩემი პროფესიის სიყვარული. ჩემთვის მოტივაციაა ყოველი შემთხვევა, რომელითაც დავინახავ, რომ მოსწავლის ჩამოყალიბებაში (სხვადასხვა კუთხით), მის პასუხისმგებლიან, გაწონასწორებულ ადამიანად ქცევაში მისხალი წვლილი მაინც შევიტანე, ერთხელ მაინც შევძელი მისი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარება, თუ ერთხელ მაინც შევძელი მისი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, თუ ერთხელ მაინც გავუთბე გული, თუ ერთხელ მაინც დავეხმარე მომავლის იმედის დანახვაში, თუ ერთხელ მაინც შევძელი შევშველებოდი და დაცემას გადამერჩინა...

- რა ხერხებს იყენებთ იმისთვის, რომ თქვენი საგაკვეთილო პროცესი შემეცნებითი და საინტერესო იყოს? რითი განსხვავდება ის "ჩარჩოში“ მოქცეული გაკვეთილებისგან?


- ყოველთვის ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესის ფორმატი ვცვალო საჭიროების შესაბამისად, ხშირად, მოსწავლეთა საერთო ინტერესის გათვალისწინებით, ვუხვევ სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის რელსებიდან... ვფიქრობ, სწავლა-სწავლების პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ცოდნასთან ერთად სიამოვნების მიღებაზე და არა იძულებითი ტანჯვა-წამების განცდაზე... ამიტომ ძირითადად ვცდილობ, მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობების გამოყენებით, მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა-დანახვის საშუალებითა თუ ე.წ. ინტელექტუალური თამაშებით, გავაღვივო მათში მაღალი სააზროვნო უნარები, გამოვუმუშაო პრაქტიკულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის საჭირო ჩვევები, ავამაღლო მათში ინტელექტი. ქართული ლიტერატურა (და არა მარტო ქართული) ამის საინტერესოდ სწავლების იდეალურ საშუალებას მაძლევს. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა რა თქმა უნდა, სასურველ შედეგზე ვერ გავდივართ, თუმცა ეს დანებებისა და მოდუნების უფლებას არ უნდა გვაძლლევდეს!..

- რას ნიშნავს მოსწავლეები თქვენთვის?

- მარტივად რომ გითხრათ, ჩემთვის მოსწავლე ერთგვარი კროსვორდია და უპირატესად სწორედ მისი ამოხსნაა ჩემთვის მასთან ინდივიდუალური და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის საწყისი... ყოველი ახალი მოსწავლე ჩემი ცხოვრების უჩვეულო თანამგზავრი ხდება...

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა დაადგნენ გზას მასწავლებლობისკენ?

- იცით, მასწავლებლობა უბრალოდ პროფესია არ არის. მასწავლებელი ბუნებით ან ხარ, ან არა... პედაგოგს საქმე აქვს მოზარდის, როგორც განათლებასთან, კულტურასთან, შემეცნებასთან, ასევე მის შინაგან სამყაროსთან, რასთან შეხებაც საოცრად საფრთხილოა... მასწავლებლის ერთ სიტყვას, მზერას, ქცევას შეუძლია მოსწავლის ცხოვრება აბსოლუტურად სხვა რაკურსით წარმართოს. იგი საკუთარ ცხოვრებასთან ერთად მოსწავლეთა ცხოვრებითაც ცხოვრობს, ამას კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ადამიანი, რაც არ უნდა კარგად იცოდეს თავისი საგანი, თუ მოსწავლეთა სიყვარული, ემპათიის განცდა, ტოლერანტობა, გულწრფელობა, მოსმენა და მათ ტყავში შეძვრომა არ შეუძლია, ამიტომ ამ პროფესიის გზაზე მდგომთ ვურჩევდი, გარდა საგნობრივი ცოდნის დაგროვებისა, პირველ რიგში გააცნობიერონ მასწავლებლობის პასუხისმგებლობა, ვიდრე მასწავლებლის სტატუს მიიღებენ, უპირატესად მასწავლებლობის ოქროს გასაღები - მოსწავლეთა გულწრფელი სიყვარული ისწავლონ, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეძლებენ ყველა დაბრკოლების გადალახვას...

ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა