თეგებით ძიება
21. 07. 2021 ბიზნესი

პოლიციამ 1 000-ზე მეტ ბიტკოინის მაინერს ბულდოზერით გადაუარა [VIDEO]

CNBC-ის ინფორმაციით, მალაიზიაში მაინინგ მოწყობილობები პოლიციამ ელექტროენერგიის ქურდობაში ბრალდებული პირებისგან ამოიღო, რომლებმაც 2 მილიონი დოლარის ელ. ენერგია ტარიფის გადახდის გარეშე, უკანონოდ მიითვისეს.

კონფისკებული მაინერების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებდა და მათი აუქციონზე გაყიდვა მალაიზიის მთავრობას შეეძლო, თუმცა მათ დემონსტრაციულად დასჯის გზა აირჩიეს.

კრიპტოვალუტის მაინინგი ქვეყანაში აკრძალული არ არის და კემბრიჯის კვლევის მიხედვით, ბიტკოინის გლობალური მაინინგის 3.4% მალაიზიაზე მოდის.

მიუხედავად ამისა, პოლიცია აქტიურად აკონტროლებს მაინინგ ინდუსტრიას, რადგან ელექტროენერგიის უკანონოდ ან გადაჭარბებით მითვისების შემთხვევები მალაიზიაში ხშირია.

ჯერ კიდევ გასულ თვეს ქალაქ მელაკაში დააკავეს პირი, რომელმაც ადგილობრივი კომპანიიდან ბიტკოინის მაინინგისთვის 2.2 მილიონი დოლარის ელექტროენერგია მოიპარა.



გლობალურ მაინინგ ინდუსტრიაში უდიდესი ცვლილებები ჩინეთში დაწესებულ უახლეს შეზღუდვებს უკავშირდება, რის გამოც ჩინეთში განთავსებული ასეულობით მსხვილი მაინინგ ცენტრი დაიხურა, რაც გლობალურ ჰაშრეიტზე ნეგატიურად აისახა.

გაძევების უახლესი ტალღა სიჩუანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის რეგიონს შეეხო. ამ ტერიტორიებზე მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგცენტრებია განთავსებული, რომლებიც გლობალური ჰაშრეიტის უმნიშვნელოვანეს წილს ფლობენ.

ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის მოხმარებისა და მაინინგის აკრძალვების ტალღა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო და თითქმის ყოველწლიურად მთავრობა ახალ შემზღუდავ რეგულაციებს აწესებს, თუმცა უახლესი აკრძალვების ტალღა თავისი სიმკაცრით უპრეცედენტოა.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ჩინეთის მიერ მაინინგის აკრძალვა და ცენტრების დახურვა, გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის მომავლისთვის პოზიტიური მოვლენაა, რადგან ის შეამცირებს ჩინეთის გავლენას კრიპტო- და გლობალურ მაინინგინდუსტრიაზე.

ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ, გარკვეულწილად, საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნის სურვილითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვების 8-წლიან ისტორიაში ჩინეთის მთავრობა ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს სწორედ მაშინ აწესებს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

სავარაუდოდ, მაინერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად აშშ-ს რამდენიმე შტატი, კერძოდ, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, ვაიომინგი და კოლორადო იქცევა.

ამ შტატებში მიღებულია რამდენიმე კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციას უწყობს ხელს და პოტენციური ინვესტორებისათვის მიმზიდველ სამართლებრივ გარემოს ქმნის.

ტეხასში მსხვილი მაინინგ ცენტრების აშენებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Bitmain, Blockcap, Argo Blockchain, BIT, Layer1 და Compute North.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა