თეგებით ძიება
16. 08. 2021 მსოფლიო

„ილოცე ჩვენთვის… აქ თუ დავრჩები, მომკლავენ” – ქალების ემოციური წერილები ავღანეთიდან

„ყოველდღიურად უამრავი სასოწარკვეტილი ავღანელი ქალებისა და კაცებისგან წერილებს ვიღებ. „ილოცე ჩვენთვის“, „სიტუაცია ძალიან კრიტიკულია, ვნერვიულობთ“, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტი, იალდა ჰაკიმი ავრცელებს, რომელიც ავღანეთის ამბებს წლების განმავლობაში აშუქებს.

წლების განმავლობაში, გავიცანი ქალი ჟურნალისტები, ქალი მოსამართლეები, ქალი პარლამენტარები, ადამიანის უფლებათა დამცველები, უნივერსიტეტების სტუდენტები. მრავალი მათგანი ჩემი კარგი მეგობარიც გახდა. ყველა ერთს ამბობდა – ჩვენ ფეხზე წამოვდექით, რადგან გვამხნევებდნენ ამერიკა და მისი მოკავშირეები. ახლა კი, მეუბნებიან, რომ თავს სრულიად მიტოვებულად გრძნობენ იმ დემოკრატიული სამყაროსგან, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ მისი ნაწილი იყვნენ“, – წერს ჟურნალისტი.

ჰაკიმი ქალებისგან მიღებულ რამდენიმე შეტყობინებას ფართო საზოგადოებას უზიარებს:

„გთხოვთ, დამეხმაროთ აქედან გაღწევაში. მე ვამზადებდი გადაცემებს ქალთა უფლებების დაცვაზე, ავღანეთის ეროვნულ არმიასა და ქვეყნის გაუმჯობესებაზე. აქ თუ დავრჩები, არ ვიცი, ვიცოცხლებ თუ მომკლავენ“.

„როგორც ახალგაზრდა, განათლებული სამოქალაქო აქტივისტი, მართლა შეშინებული ვარ იმ სიტუაციით, რომელიც ყოველ წამს უარესდება. მე და ჩემს ოჯახს გვეშინია, რომ „თალიბანი“ დაგვხოცავს. პრობლემა ისაა, რომ ჩემ გარშემო ყველა ადამიანი ღელავს იმაზე, რომ მე სტუდენტი ვარ“.

„ჩვენ დავწვით ყველა დოკუმენტი და მანიშნებელი ნივთი, რათა ჩვენი ვინაობა „თალიბებისგან“ დავმალოთ. აშკარაა, რომ ეს სიფრთხილე დიდი ხნით ვერ დაგვეხმარება. მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ მიწისქვეშა თავშესაფარი იმ შემთხვევისთვის, თუ ტყვიებსა და რაკეტებს ისვრიან. უსაფრთხოების ამ ზომამ, შეიძლება, სიცოცხლე შეგვინარჩუნოს იქამდე მაინც, ვიდრე „თალიბანი“ კარდაკარ გამოიძიებს ყველაფერს“.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა