თეგებით ძიება

„ნასვამი იყო, 22 წლის გოგო გააუპატიურა, გაგუდვა სცადა" - 43 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი

წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს 22 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა იყო, 43 წლის მერაბ დ-ძე ფსიქიკურად გაწონასწორებული აღმოჩნდა – მას შეეძლო საკუთარი ქმედების კონტროლი.

ამონაწერი გოგოს ჩვენებიდან:

„მისი სტუმრობა არ მომეწონა, ნასვამი იყო. ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა: ბიცოლას სახლში ყავა ვერ ვიპოვე, ყავა დამალევინე და წავალო. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავედი, როცა თავს დამესხა, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი“.

დაზარალებული გოგოს ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძემ მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით სამზარეულოში დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგოს ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, მას სახეზე ბალიშიც კი დააფარა. გონებადაკარგული გოგო გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მერაბ დ-ძემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, შემდეგ კი, როდესაც გოგო ხელიდან დაუსხლტა, მამაკაცმა მაგიდიდან ჩანგალი აიღო და მას ყელში დაარტყა.

სახლის დატოვებისას მერაბ დ-ძე შემთხვევით მეზობელ მამაკაცს გადაეყარა, რომელსაც მისი იქ ყოფნა საეჭვოდ ეჩვენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ჰკითხა, აქ რას აკეთებო, მერაბმა უპასუხა, ირინას მამასთან ვიყავი საქმეზეო.

მამაკაცს ნასვამი მერაბ დ-ძის ქცევა არ მოეწონა და როგორც კი ის თვალს მიეფარა, მეზობლების ბინაში შევიდა. სწორედ მან აღმოაჩინა დაჭრილი და გონდაკარგული გოგონა, რომელიც მთვრალ მოძალადეს გარდაცვლილი ეგონა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა ჯერ მეზობლებს დაუძახა, შემდეგ კი, მათი დახმარებით, სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგოს გადარჩენა შეძლეს.

სამართალდამცველებმა მერაბ დ-ძე, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღწერა, თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა.

დაზარალებული გოგოს ოჯახის წევრებისა და ნათესავების რისხვას დაკავებული მერაბ დ-ძე ძლივს გადაურჩა, სოფელი მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა, თუმცა დაკავებული მამაკაცი სამართალდამცველებმა განრისხებულ მოსახლეობას გაარიდეს და რაიონიდან მალე წაიყვანეს. ამონაწერი განსასჯელის ჩვენებიდან:

„ირინა ძალიან მიყვარდა, მინდოდა, ცოლად შემერთო, მაგრამ ჩემი წარსულისა და ასაკის გამო – მასზე ბევრად უფროსი ვიყავი, მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. თვითონ ირინაც ჩემს გრძნობებს ცინიკურად უპასუხა, ამიტომაც ვიყავი მასზე გამწარებული. ერთი-ორჯერ ბიცოლაჩემს ისიც კი ვუთხარი, აქ აღარ ჩამოვალ, ირინას ყურება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ჩემს კმაყოფაზე იყვნენ და უპატრონოდ ვერ ვტოვებდი.

იმ დღეს ძალიან მთვრალი ვიყავი. როცა ბინაში მივედი, ირინამ მასხრად ამიგდო, შეურაცხყოფა მომაყენა, გამწარებულმა ასე ვიძიე მასზე შური – თუმცა როცა მივედი, არც მისი გაუპატიურება მიფიქრია და არც დაჭრა, ეს სულიერი აღელვების გამო ჩავიდინე“.

დაზარალებული გოგონას დედის ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძე გოგოს ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა.

ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა, ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, – აცხადებდა ირინა ბ-შვილის დედა.

დაზარალებული ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, მას, საბოლოოდ, გოგოს გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

განსასჯელს პირველ ჩვენებაში ჰქონდა განცხადებული, რომ „გოგო მკვდარი ეგონა“ და „შემთხვევის ადგილს გაერიდა“, თუმცა, რომ არა მეზობლის დროული დახმარება, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონასთვის მართლაც დამდგარიყო ფატალური შედეგი.

სასამართლომ არ გაიზიარა მერაბ დ-ძის დაცვის მიერ მოთხოვნილი სასჯელის შემსუბუქება და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა