თეგებით ძიება

"ტყუილია..." - პენიტენციური სამსახური სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის ტელევიზორით სარგებლობს და პირადი მოხმარების ნივთებიც აქვს.

"გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია.

განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა.

სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს.

აქვე განვმარტავთ სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს, დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საკანში ტელევიზორი არ აქვს და არც ლეიბი. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა