თეგებით ძიება

ბათუმში დაღუპული ბავშვების ძმებს "ნიკო კვარაცხელიას სტიპენდიას" დაუნიშნავენ

ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ბავშვების ძმები, თბილისში მოკლული პლატფორმა Feeds–ის დამფუძნებლის, "ნიკო კვარაცხელიას სტიპენდიას" მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ავრცელებს.

“მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა - "ნიკოს სტიპენდიაა". ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ "ნიკოს სტიპენდიას", რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, - აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა