თეგებით ძიება

"ბოდიში, კი მთხოვე რომ არაფერი დაწეროო, მაგრამ.." - ზაზა ჭიკაძის მიმართვა სოციალურ ქსელში

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მამამ, ზაზა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა და კელვინ კატართან წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

"გამარჯობათ!!!

პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას ახალი წლის დამდეგს! დღეს ნათლისღებაა და მიულოცავ მთელს ჩემს ერს და ბერს, მთელს მართმადიდებელ სამყაროს ამ ბრწყინვალე დგესასწაულს!!! მიულოცავ ჩემს ნათლულებს (10 მყავს და ღმერთმა გააძლიეროს და გამიმრავლოს). მივულოცავ ყველას, ვინც დღეს მოინათლა და მოინათლება მომავალში მართმადიდებლად!!!

ახლა კი მინდა, ვინც თვალს ადევნებდით, MMA -ს გულშემატკივრებს და კერძოდ UFC-ის მოყვარულებს, პატარა ჩემეული ანალიზი გავუკეთო, (თუმცა შესაძლოა სუბიექტურად გამომივიდეს და მოგეხსენებათ ვინაიდან და რადგანაც ...მიხვდებით რატომაც მამის პოზიციიდან გამომდინარე და იმედია ამაზე არ განმსჯით) ვეცდები მაქსიმალურად ვიყო ობიექტური!

დავიწყებ იქიდან, რომ გიგას არამარტო თხოვნით, არამედ მოთხოვნით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არ ავყვე იმ ხეითერებს და იმ ვაი გულშემატკივარს, ვინც თავისი კომენტარებით ამჟღავნებს ამ სპორტის თანხლები "ატრიბუტიკის" უცოდინრობას. ცნობისთვის, MMA არის სპორტი და UFC არის ამ სპორტის უმაღლესი ლიგა, სადაც გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რჩეული, უმაღლესი კლასის მებრძოლები (აქ შემთხვევით და ჩაწყობით არავინ და ვერავინ ხვდება), რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველ რიგში, ჰონორარისთვის, რის გამოც სწირავენ თავის ჯამმრთელობას. ნუ, რას იზამ, ვიღაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელიცაა, 21- ე საუკუნეში გლადიატორობა, მაგრამ თავის დამკვიდრებისთვის დღეს ბევრი უკადრებელსაც აკეთებ . ჩხუბი და ბრძოლა კი, განსაკუთრებით ქართველისთვის, მისაბაძია და საამაყოც, ანუ სისხლის ყივილია! ყოველ შემთხვევაში ,მე ასე ვთვლი, განსხვავებით ჩემი მეუღლისგან, ნინოსგან, გიგას დედაზეა საუბარი. აცხონოს მისი სული უფალმა!

დავუბრუნდეთ მმა-ს. ანუ მებრძოლი მით მეტად ფასობს, რაც მეტი ფანი ყავს და მეტი მაყურებელი. ყველა მებრძოლი ცდილობს ბრძოლიდან, ხაზს ვუსვამ, ბრძოლამდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. ბიზნესის კუთხით თუ მიუდგებით, მებრძოლი ქმნის პროდუქტს და ცდილობს გაყიდოს რაც შეიძლება მეტად თავისი შექმნილი პროდუქტი, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. ესაა მათი ამოცანა! ანუ მებრძოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხაზს ვუსვამ, ერთ - ერთი, რომ დადგას შოუ ჩხუბამდე, რომ მაყურებლისთვის უფრო ცნობადი და გაყიდვადი გახდეს, რა თქმა უნდა, ბრძოლის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟარგონულად გეტყვით - მებრძოლი ტეხავს ჰაი-პაის, ამას იტაცებს მედია, სოც ქსელები და შედეგად ვიღებთ მაყურებლისთვის საინტერესო საღამოს. ამას ქვია თრეშ-თოქი, რის გაკეთებაც გიგას და გიგას მენეჟმენტს მოსთხოვა UFC -ს მამებმა. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ მივახვედრო დამწყები გულშემატკივარი, ვისთვისაც გიგას ასეთი ქმედება, რასაც თრეშ-თოქი ჰქვია, მიუღებელია.

რაც შეეხება სოც ქსელებში გიგას ქმედებებს, უმეტესი ნაწილი გიგას მენეჯმენტის დაწერილია და ბევრი ხვდება, რომ ეს ნაწილი გიგას ხელწერა არაა! დღეს ვუსმინე კაკის და გიგა კუხალაშვილის პოდკასტს, "მტკივნეული შოუ", იუთუბზე და ბიჭებს საკმაოდ დახვეწილად და პროფესიონალურად მიყავთ გადაცემები და სწორ ანალიზს აკეთებენ. დამწყებ გულშემატკივრებს ვურჩევ, თვალი ადევნონ ამ გადაცემას, სადაც ხშირად არიან მოწვეული სტუმრებიც, ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ. ასევე ბევრი საინტერესო გვერდია ფეისბუკზე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ახალ-ახალი ნიუსები, ბრძოლის გარჩევები უცხოელი და ქართველი მებრძოლების მონაწილეობით, მათ შორის ჯანსაღი კრიტიკაც, რაც სავსებით მისაღებია მებრძოლებისთვისაც.

დავუბრუნდები გიგას! გეტყვით, რომ გიგას შესაძლებლობების, უნარების და ტექნიკის ცოდნის მხრივ, მწვრთნელების შემდე,გ რა თქმა უნდა, მცოდნედ მეც ვთვლი ჩემს თავს (აქ არ ვგულისხმობ მშობლის პოზიციას). ამ ჩხუბის სრული კემპის, ანუ მოსამზადებელი სამწვრთნელო და საბრძოლო კურსის ჩასატარებლად ჩემი ჩასვლაც გახდა საჭირო, რადგან გიგას პირადი მწვრთნელი ჩხუბამდე ერთი თვე არ იმყოფებოდა ამერიკაში . მე ვიზის დაგვიანების, და რაც ყველაზე საწყენია, გიგას და მისი ოჯახის კორონათი დაავადების გამო, ვერ მოხერხდა ჩემი ჩართულობაც. გიგა დეკემბრის ბოლომდე იყო კოვიდით დაავადებული. რასაც არ აჟღერებდა, რათა არ გაუქმებულიყო ბრძოლა. მიუხედავად მის თანაგუნდელების მცდელობა, გიგას გაეუქმებინა ბრძოლა, უშედეგო აღმოჩნდა თავისი კახური სიჯიუტის გამო. გიგამ გარისკა და აქვს ბევრი გასამართლებელი მიზეზი, რის გამოც მოიქცა ასე და ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ აქ!!!

რა თქმა უნდა ახლა ბევრი დაიწყებს მის არაპროფესიონალურად საქმის მიდგომაზე, ზოგიც თავს იმართლებსო, ჩხუბის შემდეგ ხელებს არ იქნევენო, სუსტია ტოპებისთვისო, ზოგი იდიოტი იმასაც ამბობს, ასე იცის მკვეხარა ქოთნობამ და ტრაბახმაო (რაგინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, ამას იძახის დღევანდელი და ყოფილი, შეუმდგარი მმას ქართველი სპორტსმენები, თითქოს არ იცოდნენ ამ სპორტისთვის დამახასიათებელი თრეშ-თოქის პრინციპები) . კავკასიელისთვის მიუღებელია ასეთი საქციელი და ა.შ. ნუ სამწუხაროდ, ასეთებიც არიან შუა საუკუნის გადმონაშთები. აბა, აბა, ქართველები ომში როგორ იკადრებდნენ მტრის გინებას და შეურაცხყობას. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. ნუ რას იზამ ,ამათ ჩხუბი ბალეტი გონიათ! ხალხო გაიგეთ ეს ის სპორტია, სადაც ყველაფერი მოსულია და იმიტომაც არის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი, თუ პირველი არა, სპორტის სახეობა.

რაც შეეხება ბრძოლას, მოხდა ის რაც მოხდა. სამწუხაროდ დავმარცხდით, რასაც ბევრი გაუმართლებელი და გასამართლებული მიზეზი აქვს. დავიწყოთ იქიდან , რომ გიგას სწორი სტრატეგიით და ტაქტიკით კატარის დამარცხება შეეძლო, თუმცა მისმა მცდელობამ, დაემარცხებინა კატარი საწყის რაუნდებში, უშედეგო აღმოჩნდა. აქ ვთვლი, ერთ-ერთი მიზეზი კატარის სათანადოდ არ შეფასებაა. თუმცა კელვინის ასეთ დაბრუნებას არც არავინ ელოდა. ის რომ კატარი დაიწყებდა პრესინგს და ჭიდაობას, ესეც ვიცოდით, იმასაც ველოდით , რომ გიგას დგომის ყოველ შეცვლაზე კატარიც შეცვლიდა დგომს, რათა ღვიძლი დაემალა, რასაც აკეთებდა კიდეც, პირველ რაუნდებში რომ მაქსიმალურად ეცდებოდა გიგას დაღლას და ბოლო საჩემპიონო რაუნდებში დაიწყებდა მომატებას, ეგეც ვიცოდით. ფაქტიურად ყველაფერი ვიცოდით, რისი გაკეთება შეეძლო და გააკეთა კიდეც! ერთადერთი, რაც ვერ გავთვალეთ, იყო იდაყვები, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც! ახლა იტყვით, თუ იცოდით თქვე ოჯახაშენებულებო, აბა წინასწარ გცოდნიათ შედეგი და ან რა გაჩხუბებდათ ან ბოლო 100 ლარს რატომ მადებინებდით თავიდანვე გეთქვათო:)) მაგრამ ის რასაც კატარი აკეთებდა, თითქმის ყველაფერზე გვქონდა საწინააღმდეგო ტაქტიკა და სტრატეგია გათვლილი. არ დავიწყებ გიგას სუბიექტურად დაცვას და თავის მართლებას. არის ბევრი რამ, რასაც ვერ გათვლი. ერთ-ერთი არის გამართლებაც. საწყის ეტაპზე გიგას შეცდომამ მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე, რამაც გამოიწვია საბოლოო შედეგი! მაგრამ მთავარი შეცდომა არის სხვა რამ, რასაც გენ გეგმა არ ითვალისწინებდა. ეს იყო კატარის დაფინიშება პირველ რაუნდში, რისი მცდელობაც არასწორი იყო, თუმცაღა სავსებით შესაძლებელი, რომ არა ფეხის გასრიალება, შესაძლო იყო სხვა სურათი დამდგარიყო!

არ დავიწყებ იმის არგუმენტირებას, რომ ტრამვებმა და კორონამ მეორე რაუნდიდან თავისი ქნა. ეს უკვე წაგების მეორე მხარეა, რამაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზიცაა, ოღონდ არა მთავარი!

მოკლედ წავაგეთ! სამწუხაროდ გაგიცრუეთ იმედები! მაგრამ დაიმახსოვრეთ: გიგა ის კაცია, ვინც არ ნებდება და არ ეპუება დამარცხებას და ამას მალე იხილავთ! დიდი მადლობა ყველას ვინც გულშემატკივრობთ გიგას, მადლობა იმათაც ვინც სწორი არგუმენტებით გვაკრიტიკებს!!!

ახლა კი იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც ეს სამი წელი ბოღმით სკდებით და საკუთარ ჩირქში იხრჩობით. ყველას უკან დაგიბრუნდებათ ყოველივე! თავს უფლებას არ ვაძლევ, რასაც იმსახურებთ, რომ გაკადროთ. ალბათ ხვდებით რისი თქმაც მინდა! გამგები გაიგებს!

მალე, მალე დავბრუნდებით უფრო ძლიერები და გაგახარებთ. რასაც დაგპირდათ გიგა აუცილებლად შეგისრულებთ და ქამარიც ჩამოვა საქართველოში.

გიგა, ბოდიში, კი მთხოვე რომ არაფერი დაწერო, არც ცუდი და არც კარგიო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. გასკდა გული. შენც გყავს შვილები და გამიგებ!" - წერს ზაზა ჭიკაძე.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს ჩატარებულ ბრძოლაში გიგა კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ზედიზედ 7 მოგებული ბრძლის მერე ეს ქართველის პირველი მარცხი გახლდათ UFC-ში.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა