თეგებით ძიება

ტრაგიკული ისტორია ჟურნალისტზე, რომელიც სოხუმთან მაშინ დაიღუპა, როდესაც შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მიფრინავდა

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტ, ალექსანდრა ტატლის ეხება. უცხოელი ჟურნალისტი 1993 წელს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა. იგი სოხუმში შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მიფრინავდა.

ნანა აკობაძემ ამერიკელ ჟურნალისტს პატივისცემის ნიშნად ელექტრონულ საფლავზე ყვავილი დაუტოვა, ტრაგიკული ისტორიის ნაწილის შესახებ კი მოქალაქეებს უყვება.

„გუშინ, ზუსტად 9 187,51 კილომეტრის იქით, მერილენდის შტატში, ჩესტერთაუნის წმინდა პეტრეს სასაფლაოზე ერთ ლამაზ გოგოს ყვავილი დავუტოვე. Forget Me Not (არ დამივიწყო) ჰქვია ემოჯებში იმ სიფრიფანა მელნისფერ ყვავილს.

საფლავის ფოტოს ქვეშ ოპცია Flowers გამწვანდა - ელექტრონულ საფლავზე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ყვავილი გაჩნდა, ტექსტთან ერთად: „არ დაგივიწყებ, ალექსანდრა!“

MEMORIAL ID 179378556 - ეს ამერიკელი ჟურნალისტის ალექსანდრა ტატლის საფლავია, რომელიც 1993 წლის 21 სექტემბერს ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში: Ty-134A-3 სამგზავრო თვითმფრინავი სოხუმთან ახლოს 300 მეტრი სიმაღლიდან ჩამოაგდეს აფხაზებმა. ეკიპაჟის 5 წევრი და 22 მგზავრი - ყველა დაიღუპა. მათ შორის - The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, 39 წლის ალექსანდრა, რომელიც სოხუმში მიფრინავდა, შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად.

წინა დღით მისი საქართველოში ჩამოფრენა სასწაულის სფეროდან იყო, რაც მოგვიანებით გელა ჩარკვიანმა თავის „ნაგერალაში“ ასე გაიხსენა:

„1993 წლის სექტემბერში პარიზიდან ამერიკელმა ჟურნალისტმა გოგონამ დაგვირეკა სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობდი და შემევედრა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ თუმცა დროის სიმცირის გამო ეს თითქმის შეუძლებელი იყო, იქნებ მომეხერხებინა ჩვენი ვიზის მიცემა მისთვის იმავე დღეს. „მაშინ ხვალ დილით თბილისში ვიქნები და მოვუსწრებ სოხუმში მიმავალ თვითმფრინავს. ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია!..“ ...ამ საკითხის მოგვარება ჩემს მოადგილეს უწესიერეს კაცს შალვა ფიჩხაძეს დავავალე. მან აიკლო საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეძლო, სრულიად უიმედო სიტუაციაში მოეხდინა ბიუროკრატიული სასწაული. ამერიკელი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდა და სოხუმშიც გაფრინდა. სწორედ იმ Ty 134-ით“...

შალვა ფიჩხაძე, როგორც მისმა მეუღლემ და დღეს უკვე ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ლიკა წერეთელმა მითხრა, თურმე სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა ამ ამბავს და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა მოხდებოდა, უგულოდ რომ მიდგომოდა ამ საქმეს და არ დახმარებოდა ალექსანდრას საქართველოში ჩამოფრენაში?!...

„უბდური შემთხვევა თუ ფატალიზმი?“ - სვამდა კითხვას გელა ჩარკვიანი.

იმ დღეს იმ თვითმფრინავით სოხუმში კიდევ ერთი გერმანელი ჟურნალისტი გეგმავდა გაფრენას, რომელმაც ბოლო წუთებში გადაიფიქრა: „გული ცუდს მიგრძნობსო“ და თურმე ალექსანდრასაც ურჩევდა დარჩენას.

წლების შემდეგ ალექსანდრას კვალს გავყევი. მოვიძიე, რას წერდა მასზე მაშინდელი პრესა, რას იხსენებდნენ ალექსანდრას ოჯახი და მეგობრები, როგორი იყო თავის პროფესიაზე შეყვარებული ომის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი.

ცხოველების მოყვარულს (მისი ოჯახი მერილენდში საცხენოსნო სპორტით იყო დაკავებული, ალექსანდრას შერჩეული ცხენი არაერთხელ გამხდარა ჩემპიონი) საყვარელი ძაღლი ჰყოლია, სახელად ჯორჯი, რომლის ფოტოც სულ ედო საფულეში. მეგობრები წერდნენ, რომ ალექსანდრას ნეშტის ამოცნობა სწორედ სასწაულით გადარჩენილი ამ ფოტოთი მოხერხდა.

ჩემი მოთხრობა, სათაურით „დოღი“, რომელიც ერთდროულად ეძღვნება ალექსანდრას და შალვა ფიჩხაძეს, „კვირის პალიტრის“ მიერ შარშან გამოცემული ომის ანთოლოგიაშია შესული. წიგნი რომ გამოვიდა, ამერიკაში ვიყავი და გელა ჩარკვიანს დავურეკე:

„ჩემი შვილი, თქვენი ნაცნობი იოანე ერთ წიგნს მოგიტანთ, ჩემს მოთხრობაში თქვენთვის ნაცნობ პერსონაჟს შეხვდებით, ყველაზე მეტად თქვენი აზრი მაინტერესებს“-მეთქი. დამპირდა, რომ აუცილებლად წაიკითხავდა და სადარბაზოს კარის კოდი მიკარნახა იოანესთვის გადასაცემად. იოანემ, რასაკვირველია, წიგნი მიუტანა. რასაკვირველია, გელა ჩარკვიანი პირობას შეასრულებდა და წაიკითხავდა.

სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი, მომესმინა მისი აზრი, ერთად გაგვეხსენებინა ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, მასთან ერთად - თავისი საქმის პროფესიონალი, უწესიერესი შალვა ფიჩხაძე და გვემსჯელა - რა იყო ეს: შემთხვევა თუ ფატალიზმი?!

P.S. ვინც ბოლომდე წაიკითხავთ ამ ტექსტს, გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე https://www.findagrave.com/.../alexandra-tuttle/flower და ერთი ყვავილი დატოვოთ ალექსანდრა ტატლის საფლავზე: რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა. სურვილის შემთხვევაში, ტექსტის დატოვებაც შეგიძლიათ. ამ სიმბოლური ჟესტით პატივს მივაგებთ ჟურნალისტს, რომელიც ჩვენს ომს შეეწირა.

საიტზე https://www.wikiwand.com/.../List_of_journalists_killed...

ნახავთ იმ ჟურნალისტების გრძელ სიას, რომლებიც ცხელ წერტილებში დაიღუპნენ, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამ სამწუხარო სტატისტიკაში ქართული გვარებიცაა. სტატისტიკა პერიოდულად ახლდება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა იმატებს, რადგან მსოფლიო არ აპირებს ომებზე უარის თქმას“,- წერს ნანა აკობიძე.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა