თეგებით ძიება

"ბუღას რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ, ისე უფრიალებთ ამ 25 000-იან ნაკადს ჩვენს გოგო-ბიჭებს, მოკლული მამების, წართმეული სახლების, ატირებული დედების შვილებს"

პოეტი, კატო ჯავახიშვილი რუსეთ-უკრაინის ფონზე საქართველოში რუსეთის მოქალქეების შემოდინებაზე წერს:

"ბუღას რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ, ისე უფრიალებთ ამ 25 000-იან ნაკადს ჩვენს გოგო-ბიჭებს, მოკლული მამების, წართმეული სახლების, ატირებული დედების შვილებს. ახალგაზრდობას, რომელიც ომის შვილია, რომელსაც აღარანაირი მენტალური ბმა არ აქვს რუსეთთან, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ აქციებს თავისუფლებიდან მეტრო რუსთაველამდე ავსებს, რომელსაც აღარ სჯერა აღარც მთავრობის, აღარც პოლიტიკოსების, მას მხოლოდ თავისუფლება უნდა, თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა.

რუსი ტურისტი კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის უკრაინაში რომ ომი მიდის, გული რომ გისკდება დარდისგან, და იმავდროულად, ოკუპირებული ქვეყნის შვილი რომ ხარ. იმ მოქალაქეშიც არ არის პრობლემა, რომელიც მოდის, შეიძლება შეშინებულიც, პრობლემა ისევ ჩვენშია, აქამდე რომ ვერ მოვახერხეთ ამ ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება და ახლა ამ მემკვიდრეობას ვაჩეჩებთ ხელში ჩვენს შვილებს. თორე იყოს მშვიდობა, მოვიდეს რუსი ტურისტი, ჭამოს ხინკალი, გაირუჯოს, ვინ უშლის.

დაპირისპირებებს მოიტანს ეს, სიძულვილს, დანაშაულს. და მერე ჩვენი შვილები იქნებიან დამნაშავენი, რომ შესაბამისად ტოლერანტულები ვერ აღმოჩნდნენ. ვერ აღმოჩნდებიან ომის ბავშვები რაციონალურები, ძლივს გამოკვებილი, ძლივს გადარჩენილი ბავშვები საფრთხეებს ვერც კი გაიაზრებენ, ისე შევარდებიან თავით ამ ომში. ვისთვის გვინდა ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა, ვისთვის ვაშენებთ, თუ აქ ჩვენი შვილების ადგილი არ იქნება. წადით თქვენი ყველასი, მართლა! საკუთარ ხალხთან ლაპარაკი ვერ ისწავლეთ, მსოფლიოს როგორ უნდა ელაპარაკოთ", - წერს კატო ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა