TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"აბიტურიენტი, ვინც დაბალი ქულა მიიღო, სამარცხვინოა?" - ხვიჩა ყაზაიშვილი მასწავლებლებს მიმართავს
  • "აბიტურიენტი, ვინც დაბალი ქულა მიიღო, სამარცხვინოა?" - ხვიჩა ყაზაიშვილი მასწავლებლებს მიმართავს

    სოციალური ქსელის მომხმარებელი, ხვიჩა ყაზაიშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებსა და აბიტურიენტების მიერ მიღებულ ქულებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს და პედაგოგებს მიმართავს:

    "უკვე რამდენიმე წელია სტატუსებს არ ვწერ, მაგრამ ბოლო დღეებში აბიტურიენტებზე ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, ძალიან მომინდა დამეწერა.
    იქედან დავიწყებ, რომ ამ ახალგაზრდების ‘წარმატებების’ კითხვა არ მაბრაზებს, მეც საკმაოდ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, სკოლაში მაღალი ნიშნები მყავდა. ნაციონალური მოძრაობისა და დიმიტრი შაშკინის მიერ განათლების სამინისტროში ტერორზე დამყარებული მმართველობის გამო მედალი არ მომცეს, ცხადია მხოლოდ მე არა, სხვა ბევრსაც. მედალი რომ არ მაქვს, ეგ არც მადარდებს, უბრალოდ გული მხოლოდ იმიტომ მწყდება, რომ არმოცემის მიზეზს შევეგუე. 100%-იანი გრანტი ბაკალავრიატზეც ავიღე და მაგისტრატურაზეც, უნივერსიტეტიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დავამთავრე. საუკეთესო არასდროს ვყოფილვარ, საკმარისად არ ვშრომობდი, მაგრამ არც მოთხოვნილება მქონდა, არაფერში მჭირდებოდა. დღეს კარგად ვხვდები, რომ ზემოთჩამოთვლილ ‘მიღწევებს’ არანაირი შინაარსი და ღირებულება არ ჰქონდა და არც აქვს, მაგრამ ვხედავ, რომ საპირისპირო აზრებს უნერგავენ მოსწავლეებს და ეს მაბრაზებს.


    ყველა, განსაკუთრებით სკოლები და მასწავლებლები იმ აბიტურიენტებზე წერს და საუბრობს, ვინც მაღალი ქულები მიიღო და მათ საამაყოებს უწოდებენ. ვინც დაბალი ქულა მიიღო, ის სამარცხვინოა? ამგვარი აზრების კვლავწარმოებით ადამიანებს არასრულფასოვნების შეგრძნებებს ვუქმნით ან ვუღვივებთ. დიდი ბოროტებაა მოსწავლეების შეფასება საამაყო/სამარცხვინოდ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. მითუმეტეს, სკოლებისა და მასწავლებლების მიერ. სისტემური განათლების საბაზისო პრინციპია, რომ კარგი და ცუდი მოსწავლე არ არსებობს, კულტურის მსგავს მავნებლურ წარმონაქმნებს სკოლა უნდა ებრძოდეს და არა პირიქით, აძლიერებდეს და ახალისებდეს. ზრდასრულობაში ამას სხვა კატეგორიები ემატება: ვინ მეტი ფული იშოვა, ვინ უფრო დიდი სასახლე ააშენა, ვინ რომელ კუნძულზე დაისვენა, ვინ უფრო პრესტიჟული სასმელი დალია, ვის უფრო მოდური ტანსაცმელი აცვია და ა.შ. ცხადია, ყველა ამ მანკიერებას სკოლა ვერ დაუპირისპირდება, მაგრამ რაც მის ფარგლებშია, ის უნდა გააკეთოს. არა და ყველას ვასწავლით, რომ ადამიანის ღირსებას პატივი უნდა ვცეთ და ის განუმეორებელი და უმნიშვნელოვანესია.

    ფეოლა რომ ეუბნება ხვედელიძეს, ცუდად რომ თამაშობენ, ისინი უფრო მაინტერესებსო, ეგრე ვარ მეც. ვინც მაღალი ქულა ვერ მიიღო, ან გამოცდაზე საერთოდ არ გასულა, რატომ არიან ცუდები ან სამარცხვინოები (სულ მცირე, არასაამაყოები) ? რატომ ვერ მიიღეს მაღალი შეფასებები? რა ფაქტორებმა იმოქმედა იმაზე, რომ სწავლას საერთოდ არ/ვერ აგრძელებენ? იქნებ, რაღაც უჭირდათ? იქნებ, გამოცდაზე რაღაც დაემართათ? იქნებ, კარგ მასწავლებელთან მომზადების რესურსი არ ჰქონდა მათ ოჯახებს? ამ ფაქტორების არსებობის გამო, ბავშვები (მოსწავლეები) ისედაც არაჰარმონიულად, არათანასწორად გრძნობენ თავს და კიდევ, სკოლამ და მასწავლებლებმა დაუფარავად ვეძახოთ, თქვენ სამარცხვინოები ხართო? თან ხომ ვხედავთ, მოსწავლეების მცირე ნაწილია, რომელიც მაღალ ქულებს იღებს...
    ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე გამოცდებზე მიღებული ქულები და სკოლის ნიშნებია. ამ ‘წარმატებული’ მოსწავლეებიდან ბევრი სამარცხვინო საქმეს გააკეთებს, ბევრიც საერთოდ ვერაფერს, ხოლო ‘სამარცხვინოთა’ კატეგორიიდან ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნება იქნება.

    ვეცადე მაქსიმალურად მოკლედ და ყოველდღიური ენით დამეწერა, გაუგებარი რომ არაფერი ყოფილიყო. უბრალოდ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სკოლა ის სივრცეა, სადაც ყველაზე უსარგებლო ადამიანს თავი სასარგებლოდ უნდა ვაგრძნობინოთ, უნდა დავანახოთ, რომ ის მნიშვნელოვანი და საჭიროა!", - წერს ხვიჩა ყაზაიშვილი.

    მასალის გამოყენების პირობები
    4 769 ნახვა

    Face ამბები