თეგებით ძიება

ვერ გავიგე ჭიაბერაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს - გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილისადმი მისი პატივისცემის მიუხედავად, არ ესმის რა კავშირი აქვს „ენმ“-სთან ზურაბ ჭიბერაშვილს.

მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაშინ გავიდა როცა პარტიას უჭირდა, „ალბათ, უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა გამოუვიდა“.

„ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ ზურასთვის უპრიანი მთლად არ უნდა იყოს ამ პაექრობაში ჩართვა.

ის ნაწილი, რაც ჩვენ სამუშაო ჯგუფში გავიარეთ გულისხმობს იმას, რომ კანდიდატად ოფიციალურად რომ დარეგისტრირდეს პირი, პოლიტიკური საბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია სჭირდება და ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ადამიანი, ფორმალურად ყველას შეუძლია, მაგრამ აქ მხოლოდ ფორმალურ მხარეზე ხომ არ არის საუბარი. საუბარია პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე. არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“. მე ვფიქრობ, რომ არ „მოსულა“.

მე იმ განცხადებას ვგულისხმობ, როცა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ამოცანად გაცხადებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. შესაბამისად, მაშინ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს იმ კონტექსტში, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი, უბრალოდ ამ ისტორიიდან გამომდინარე უხერხულია. ისე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. არავინ არავის არაფერს უკრძალავს და ვერ უკრძალავს. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, ერთი არის მეგობრობა და მეორე არის პოლიტიკური სწორი და არასწორი ნაბიჯები. ერთმანეთისგან ეს უნდა გავყოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა