თეგებით ძიება

მებრძოლები არიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკისთვის მათ არ სცალიათ - ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში ომის პროვოცირება უნდათ.

„აქ უფრო სხვა ძალებია. სხვა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და აღარც მალავენ. დღევანდელ განცხადებას თუ მივაბამთ ამას, რაც საქართველოში უკრაინის ელჩმა თქვა, პირდაპირ ემსახურება ერთ მიზანს, რომ როგორმე საქართველო დააფიქსირონ, რომ ჩართულია სამხედრო დახმარებაში უკრაინისათვის.

მთელი ამერიკის და ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მუშაობს დღეს უკრაინის დახმარებაზე, უზარმაზარ თანხებზეა საუბარი. თუ არ ვცდები, ბოლოს 90 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა და საუბარია ისევ ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, ეს მხოლოდ ამერიკის მხრიდან. უზარმაზარ თანხებზე და მოცულობებზეა საუბარი.

რა ინტერესი არის საქართველოდან აქ, რა უნდა მივაწოდოთ ჩვენ, მით უმეტეს, როცა ქვეყანა იმყოფება ასეთი გამოწვევების ქვეშ. ჩვენ თავად გავიარეთ რამდენიმე ომი და ორი რეგიონი არის ოკუპირებული. ცხვირწინ გვიდგას ოკუპანტის ერთი ბაზა, დასავლეთში მეორე ბაზა. ეს ასე რომც არ იყოს ჩვენგან მიწოდებული იარაღი ზღვაში კი არა, ოკეანეში წვეთია. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, რა უნდა გადავცეთ აქედან. ეს არ არის მთავარი მიზანი, მთავარია ჩვენგან დაფიქსირდეს სამხედრო დახმარება. ეს იფუთება სხვა დახმარებებით. მთავრობას არ შეუწყვეტას ამდენი ხანია ჰუმანიტარული დახმარებები. აქ სხვა თამაშია. არ არის მხოლოდ სააკაშვილის გავლენები, თუმცა ამ საქმეში ჩართულია სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილმა გაიყოლა უკრაინაში და იქ დღეს არიან პოზიციებზე. რა თქმა უნდა, მათი ჩართულობა სახეზეა, იგივე არახამია, გონჩარენკო და სხვები რომ იშვერენ ხელს და პრორუსობას აბრალებენ, თავად არიან ყველაზე სამარცხვინო, არა თუ პრორუსული, არამედ პირდაპირ რუსული წარსულით...

გონჩარენკო რასაც აკეთებდა, ამას პრორუსობა არ ჰქვია. წლების განმავლობაში ითხოვდა უკრაინის მიერთებას რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან. ამიტომ აქ უფრო დიდი თამაშია, თავად სააკაშვილიც ალბათ ინსტრუმენტია, ვინ აწარმოებს ამას. ვხედავთ, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად დაგვიძაბეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ კრიმინალები, რომლებიც გასამართლებულები არიან ქართული მართლმსაჯულებით, არიან შეფარებულები უკრაინაში, ეს უპატივცემულობაა ქართული სასამართლო სისტემის და ქართული სახელმწიფოსი. ჩვენი საელჩო, მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, დღემდე იქ არის, უშუქობაში, უბედურ პირობებში და ჩართულია. ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ, მათ შორის დაღუპულებს. გადმოსვენებაში თავიდან ბოლომდე ჩართულია საელჩო“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

სალუქვაძემ ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ნამდვილ მებრძოლს, რომელიც ომშია ჩართული, პოლიტიკისთვის არ სცალიათ.

„ჩვენ თუ ჩავუღრმავდებით სიტყვის არსს, მებრძოლი რასაც ნიშნავს და თუ მებრძოლებზე ვსაუბრობთ, მათ ორად არ გავყოფდი. მებრძოლები არიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკისთვის მათ არ სცალიათ.

ვინც იცის ომი, გაიგებენ რომ ეს ასეა. შეიძლება რაღაც წუთები ჰქონდეთ, რომ ოჯახი მოიკითხონ. ახლა ეს წუთებიც არ არის, იმდენად მძიმე ვითარებაა ახლა უკრაინაში, აღმოსავლეთ ფრონტზე, განსაკუთრებით ბახმუტის მიმართულებით. მებრძოლების საქმე პოლიტიკა არც არის.ნაკლებადაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვინ როდის და რა მოტივით ჩავიდა, ფაქტია, რომ ვინც ბრძოლის ველზე იმყოფება, იბრძვის.

დანარჩენები ფორმას ატარებენ თუ არა, ყოფილი სამხედროები არიან თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ეს სხვა კატეგორიაა, რომელთაც სხვა პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ. მებრძოლები ცალკე, პოლიტიკოსები ცალკე. როცა იარაღი გიკავია ხელში, სამხედროს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკა, თუ ჩვენ ნორმალური სახელმწიფო გვსურს. ეს უმარტივესია“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა