პროკურატურამ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.