თეგებით ძიება

კრიმინალებმა, რომლებმაც გერმანიაში ქართველი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, სავარაუდოდ, 14 წლის გოგოზეც იძალადეს

ბერლინში, 27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, ქმარს კი, ხელკეტებით სასტიკად სცემეს. სამი მამაკაცი ქართველ ცოლ-ქმარს გვიან საღამოს დაესხა თავს. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი ნივთები და თანხა.

ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურება და ცოლ-ქმარზე ძალადობა გერმანული მედიის მთავარი თემაა. სექსუალური ძალადობის ბრალდებით გერმანიის პოლიციამ სამი აფრიკელი მიგრანტი დააკავა, რომლებიც ცნობილ გიორლიცის პარკში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება წელს, იმავე ადგილზე მომხდარი სხვა რამდენიმე დანაშაულიც, მათ შორის, იმავე პერიოდში, 14 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებაც. შემზარავ ფაქტს პირადად გამოეხმაურა ბერლინის მერი.

"მინდა დავრწმუნდე, რომ კრიმინალები, რომლებიც პოლიციამ უკვე დააკავა, სათანადოდ დაისჯებიან. გვაქვს სიტუაციები, არაერთ რაიონში, როდესაც ხალხი თავს დაცულად აღარ გრძნობს. მაგრამ გიორლიცის პარკი ამჟამად ყველაზე პრობლემურია. ბოლო წლებში ამ პარკში, დანაშაული არაერთხელ მოხდა და ხალხიც დიდხანს ხუჭავდა თვალს. მე ამას აღარ დავუშვებ. გვინდა, სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეს ნიშნავს პოლიციის დანაყოფების დამატებას, ვიდეო ტექნოლოგიის გამოყენება, განსაკუთრებით პარკის შესასვლელ ზონებში," - განაცხადა ბერლინის მერმა, კაი ვეგნერიმ.

ახალგაზრდა ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურება ივნისში მოხდა, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტი მხოლოდ ახლა გაახმაურა და მედიას ბრალდებულთა სამკაციანი ჯგუფის დაკავება დაუდასტურა. ექსპერტიზის შედეგად ქალის ტანსაცმელზე აღმოჩენილია თავდამსხმელების დნმ-ის კვალი. ეს დასკვნა ახლა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც, დაზარალებულთა ჩვენებები.

ქართველ წყვილზე თავდასხმისა და ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ ადგილობრივები ღამის საათებში პარკის დახურვას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. გიორლიცის პარკი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვანე სივრცეა, რომელიც ბოლო წლებში ნარკოტიკებით ვაჭრობის, სექსუალური ძალადობის და სხვა მძიმე დანაშაულის ადგილად იქცა.

დაზარალებული ცოლ-ქმარი თავდამსხმელების წინააღმდეგ ჩვენებას მალე სასამართლოში მისცემს. ცნობილია, რომ წყვილი რამდენიმე თვეა გერმანიაში ცხოვრობს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

წყარო: პრაიმთაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა