უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული შეიარაღებული ჯგუფები რუსეთში შეიჭრნენ – მედია
უკრაინაში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.
„ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრ-სანტიმეტრ წავართმევთ“, - წერს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამ“ პოსტში.
რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა „ციმბირის ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.
უწყების მტკიცებით, რუსეთის არმიამ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვა.
„რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.