"გოოოლ! ეს არის ბოლო მისი სიტყვა... შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე" - რას წერენ სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის წამყვანზე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა "გასტრომოყვარულის" ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.
"მისი ქვეყნის ნაკრების გოლი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!! გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!! შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე, ალე!!! - მშვიდობით, ალეკო, ლეილა, მიყვარხარ, არ მაქვს სიტყვები, რომლითაც განუგეშებ, ლეილა შავიშვილი" - ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი შორენა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.
ალეკო თხილაიშვილი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი - ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.