X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს
  • ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს

    ვეტერანი მოდელი ნინო ორდენიძე ამჟამად უმუშევარია და მხოლოდ შვილების აღზრდითაა დაკავებული. თურმე, მისი უმუშევრობა ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახება, რადგანაც ყველაფერზე ოჯახის უფროსი ანუ ნინოს მეუღლე ზრუნავს.

    - ძალიან მიყვარს ფულის შეგროვება და მერე დახარჯვა. ისე, თანხის დაგროვებას დიდი ნებისყოფა სჭირდება, მაგრამ მაინც ვახერხებ სასურველი თანხის შეგროვებას და მერე საჭიროებისამებრ დახარჯვას. რამდენიც უნდა ვიძახოთ, - ადამიანისთვის ფული მთავარი და აუცილებელი არ არისო, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. ფული არსებობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მისი უქონლობის გამო, ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.

    - ფულს ყველაზე მეტი სიამოვნებით რაში ხარჯავ?
    - დიდ სიამოვნებას მანიჭებს საოჯახო ნივთების ან სუვენირების შეძენა. მას მერე, რაც გავთხოვდი და საკუთარი ოჯახი მაქვს, სულ ვცდილობ, სახლისთვის ახალ-ახალი რაღაცები შევიძინო. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი კომფორტული და მშვიდი გარემოა, რომლის შესაქმნელად არც ფული მენანება და არც - საკუთარი ენერგია.

    - პირველი ხელფასი როდის აიღე და თუ გახსოვს, რამდენი იყო?
    - პირველი ჰონორარი 18 წლის ასაკში ავიღე. სამოდელო სააგენტოს - "ნატალის" მიერ მოწყობილ ჩვენებაში ვმონაწილეობდი და 100 ლარი გადამიხადეს. იმ დღეს ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ჩვენების დამთავრების შემდეგ ფული კაფეში, მეგობრებთან ერთად დავხარჯე. მახსოვს, რომ ძალზე თავდაჯერებული და ამაყი გახლდით.

    - შენი აზრით, რა თანხაა საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს?

    - საშუალო დონეზე რომ იცხოვრო, ამისთვის თვეში 5.000 ლარია საჭირო. ეს იმისთვის, რომ ელემენტარული, ყოველდღიურად საჭირო წვრილმანი შეიძინო. თუ ნაკლები შემოსავალი გაქვს, პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს. საზოგადოების ნაწილს 24-საათიანი დღის რეჟიმით უწევს მუშაობა, რომ ოჯახი გამოკვებოს.

    - მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ თუ ოჯახის წევრებიც გეხმარებიან?
    - ამ ეტაპზე შვილების აღზრდით ვარ დაკავებული და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მეუღლეზე გახლავართ დამოკიდებული. მატერიალურად ოჯახს ის უზრუნველყოფს.

    - ხშირად აღმოჩენილხარ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა ფული საერთოდ არ გქონდა?
    - როცა ვხვდები, რომ დღეს თუ ხვალ ფული დამიმთავრდება, წუწუნს ვიწყებ. ისე, დიდი ხანია, წუწუნი არ დამჭირვებია. როცა ბავშვები გყავს, უფულობა უფრო მეტად აუტანელია. მათთან ერთად გარეთ თუ გადიხარ, მით უმეტეს, - ხან რას ითხოვენ და ხან - რას.

    - მეუღლის გარდა, ოჯახში შემოსავალი არავის აქვს? მატერიალურად ვინმე გეხმარებათ?
    - ხშირად მამაჩემიც მეხმარება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მამას და ქმარს - ორივეს ერთდროულად "ვარეკეტებ". აბა, რა ვქნა, ამჟამად საკუთარი შემოსავალი არ მაქვს (იცინის).

    - უფულობის გამო შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე?
    - არ არსებობს, რომ უფულობის გამო დეპრესიაში ჩავვარდე. დღეს თუ არ მაქვს, ხვალ მექნება. არ შეიძლება, ამის გამო საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავიგდოთ. სასოწარკვეთა და უხასიათობა საერთოდ არ მჩვევია.

    - დაგვისახელე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საკუთარი შრომით მოგიპოვებია...
    - საქმეში 4.000 დოლარი ამიღია. ერთ-ერთმა კომპანიამ შამპუნის რეკ­ლამაში გადამიღო და აი, ასეთი კარგი ჰონორარით დამაჯილდოვა (იღიმის).

    - ახლობლების აზრით, - ფულის ფასი იცი თუ მფლანგველი ხარ?
    - ადრე უაზროდ მფლანგველი ვიყავი, ფულის ფასი





    მართლა არ ვიცოდი და შემეძლო, რაც მქონდა, ერთ დღეში დამეხარჯა. არ ვფიქრობდი იმაზე, მეორე დღეს რა უნდა მექნა. მთავარი იყო, იმ წუთში რაც მინდოდა, ის შემეძინა. ახლა კი, რაც უკვე ოჯახი მაქვს, ფულის უფრო ჭკვიანური ხარჯვა ვისწავლე. თანხას უაზრო რაღაცებში აღარ ვყრი.

    - ოდესმე ფული თუ გისესხებია?
    - რა თქმა უნდა, მისესხებია და გამისესხებია კიდეც. ფულის სესხება და გასესხება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოების დიდი ნაწილი ვალებშია და როცა არ გაქვს, იძულებული ხარ, ისესხო. პირადად მე, ვალის კარგი გადამხდელი ვარ. ამ მხრივ, ფულთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.

    - საოჯახო ნივთები განვადებით თუ შეგიძენია?
    - როგორ არა! განვადებით ხშირად ვსარგებლობ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმათთვის, ვისაც ფულის მოგროვება არ შეუძლია. მიუხედავდ იმისა, რომ ფულის გადანახვა არ მიჭირს, ხანდახან განვადებით მაინც ვსარგებლობ. მომწონს, სასურველი ნივთის შესაძენად ფული ნელ-ნელა რომ უნდა გადაიხადო.

    - გაჭირვებულ ადამიანებს ხურდა ფულით ხშირად ეხმარები?
    - ყოველთვის ვცდილობ, მათ დავეხმარო. მერწმუნეთ, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს დახმარების ხელს ვუწვდი.

    - ფული თუ დაგიკარგას ან გიპოვია?
    - დამიკარგავს და მიპოვია კიდეც, მაგრამ დიდი თანხა - არა.

    - საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?
    - სხვათა შორის, საფულეში ფულს მართლაც, ხშირად ვაკონტროლებ. აბა, არ უნდა ვიცოდე, რამდენს ვხარჯავ და კიდევ რამდენის დახარჯვის საშუალება მაქვს?..

    - სამოსსა და კოსმეტიკაში ბევრ ფულს ხარჯავ?
    - დიახ, ამ ყველაფრის შესაძენად ფული არასოდეს მენანება. მთავარია, მომეწონოს... არანაირი გართულება არ მაქვს იმაზე, რომ აუცილებლად, ძვირად ღირებული ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა. ბრენდული სამოსის ტარებით დაავადებული ნამდვილად არ ვარ.

    - ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია?
    - ასეთი საჩუქარი ჩემთვის ბევრჯერ გაუკეთებიათ, თუმცა ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვნი - სახლი გახლავთ. ეს ის საჩუქარი იყო, რომელმაც აღმაფრთოვანა.

    - ასე ვინ გაგანებივრა?
    - ასეთი სასიამოვნო საჩუქარი ორჯერ მივიღე: ერთხელ მამამ გამახარა, მერე - მეუღლემ.

    - შენს შვილებს ყულაბა თუ აქვთ?
    - ყულაბა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ და ის ერთ თვეში აავსეს. როგორც კი აივსო, გატეხეს. დავითვალეთ და 250 ლარი ჰქონდათ შეგროვებული. მას მერე ყულაბა აღარ ჰქონიათ.

    - აზარტული ხარ?
    - არა, არ ვარ და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კაზინოში ათასობით და ათიათასობით ლარს აგებენ. ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორსაა. კაზინოში არასდროს ვყოფილვარ და არც ფულზე მითამაშია.

    - გამოდის, რომ ფულის ყადრი იცი?

    - ვიცი, როგორ არ ვიცი! ეს ცხოვრებამ მასწავლა. ვინც ფულის ყადრი არ იცის, ძალიან საცოდავია, რადგან ასეთს ფული არასოდეს ექნება.

    - პროდუქტების შესაძენად ბაზარში ან მაღაზიებში თავად დადიხარ?
    - დიახ, პროდუქ­ტების შესაძენად თავად დავდივარ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სურსათ-სანოვაგის შეძენაც მიყვარს და მერე სადილების მომზადებაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდ სუპერმარკეტებში შესული რაღაცნაირად, აზარტული ვხდები და შემიძლია, იქ მთელი თვის დანაზოგი დავტოვო (იცინის).

    - ვაჭრობა თუ გამოგდის? შეგიძლია, გამყიდველს მოწონებულ ნივთზე ან სამოსზე თანხა დააკლებინო?
    - დიახ, შემიძლია! ვაჭრობა ხანდა­ხან კარგად გამომდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თურქეთში ვარ.

    - ფულთან დაკავშირებით რომელი ცნობილი გამონათქვამი გახსენდება?
    - "ფული ხელის ჭუჭყია", - სულ ეს გამონათქვამი მახსენდება, როცა ფულზე ვლაპარაკობ (იღიმის).

    - როგორ ფიქრობ, ფული მართლა ხელის ჭუჭყია?
    - ხელის ჭუჭყი არ არის, მაგრამ ბევრი ფული ხშირად, ადამიანს აფუჭებს და "აჭუჭყიანებს".

    - გაფუჭებაში რას გულისხმობ, უფრო თავმომწონეები ხდებიან?
    - დიახ, სწორედ ასეა! უნახავმა რა ნახაო, - ასე მოსდით. ბევრი ფული "თავში აუვარდებათ" ხოლმე და ჰგონიათ, რომ მაგარი ტიპები არიან, ამქვეყნად ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. ის კი არ იციან, რომ ყველაფერი ფულით არ განისაზღვრება. ავიწყდებათ მეგობრები, ახლობელი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ისიც აღარ ახსოვთ, საიდან მოდიან. ჩემი აზრით, ამპარტავნება ყველაზე საშინელი თვისებაა.

    1 655 ნახვა
    იტვირთება...
    15-02-2014, 07:42