X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
“საკუთარი ჰარემი უნდა გყავდეს!..“
  • “საკუთარი ჰარემი უნდა გყავდეს!..“

    ჯაბა ქარსელაძე პარიზში დოქტორანტურაში სწავლობს. რომ დაამთავრებს, უნდა, რომ თბილისში დაბრუნდეს, თუკი თავისი შესაძლებლობების ფართოდ გამოვლენის საშუალება ექნება. თუ არადა, ფიქრობს, რომ არ გაუჭირდება საზღვარგარეთ კარგი სამსახურის მოძებნა.
    საფრანგეთში სწავლის პარალელურად ახერხებს, საკუთარ გარეგნობაზეც იზრუნოს. ვისაც ის დიდი ხანია არ გინახავთ, სასიამოვნოდ გაოცდებით, რადგან ჯაბამ ერთ წელიწადში საკუთარ სხეულს სულ სხვა ფორმები შესძინა, ვიდრე ადრე ჰქონდა. ახლახან “პროფილში“ მაიკლ ჯეკსონის სიმღერა შეასრულა. გადაცემას, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი დის შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.

    - ექვსი თვეა პარიზში ვცხოვრობ. მანამდეც აქ ვიყავი, მაგრამ მერე წელიწად-ნახევრით სასწავლებლად პრაღაში გადავინაცვლე. საფრანგეთში დავბრუნდი იმიტომ, რომ ამერიკულ უნივერსიტეტში დოქტორანტურისთვის მომცეს დაფინანსება. სიხარულით დავთანხმდი. მთხოვეს, მალე ჩამოვსულიყავი პრაღიდან. სამ დღეში მოვახერხე გადმობარგება. ბინის შოვნა ძალიან რთულია, რადგან გარანტორი უნდა გყავდეს. აქაური მეგობრები უარს არ მეტყოდნენ, მაგრამ ყველაფერი ჩემით მოვაგვარე, არავინ შემიწუხებია. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ჩემი დიპლომატიით მოვახერხე ბინის დაქირავება და ევროპულმა გარეგნობამაც ხელი შემიწყო, რადგან არაევროპული გარეგნობის ხალხზე არ უყვართ ბინების გაქირავება.
    - მგონი, ძალიან ცოტაა ქართული შოუბიზნესიდან ისეთი ადამიანი, რომელმაც სწავლა ამჯობინა ამ სფეროში დარჩენას.
    - მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სიმღერა ჩემთვის მეორადი პროფესია იყო და არის. ჩემი მიზანი შოუბიზნესში შემოსვლა და წასვლა არ ყოფილა. ჟურნალისტების დამსახურებით და ალბათ, ჩემი პიროვნებიდან, საინტერესოობიდან გამომდინარე, ვინარჩუნებ გარკვეულ ადგილს ამ სფეროში. რადგან ვსწავლობ, იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერას ბოლომდე ჩამოვშორდი. ყოველთვის ვცდილობ, სიმღერაც ჩავწერო და საზოგადოებას წარვუდგინო. “პროფილში“ მაიკლ ჯეკსონის სიმღერა შევასრულე, რაც ძალიან რთული საქმეა და ამ მომღერლის რეპერტუარს არავინ ჰკიდებს ხოლმე ხელს. ეს მუსიკოსი ძალიან მიყვარს და თავს მივეცი უფლება, მისი სიმღერის ჩემებური ვერსია ჩამეწერა. ეს სიმღერა 1992 წელს ჩაიწერა და მიეძღვნა მზრუნველობას მოკლებულ, დაავადებულ ბავშვებს. ძალიან თბილი სიმღერაა. მე რომ სხვა სი-მღერა შემესრულებინა, ალბათ, სხვა ამბიცია იქნებოდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა ტიპისაა. მეგაპოლისებში უფრო კარგად ჩანს ეს პრობლემა, როგორ უჭირთ ადამიანებს. პარიზში ვხედავ ბავშვებს, როგორ სძინავთ ქუჩაში პლედებით. სხვაა, როცა იცი, რომ ხალხს უჭირს და მეორეა, როცა თავად ხედავ. ამიტომ წამომივიდა სხვა ემოცია და ჩავწერე სიმღერა მათთვის, ნებისმიერი ეროვნების გაჭირვებული ადამიანებისთვის, იმ ქართველი პატარებისთვის, რომლებსაც რაიმე სახის პრობლემა აქვთ.
    რაც შეეხება ნამღერს, ვფიქრობ, თბილი ხმით გამოვირჩევი. ამას ჩემი კოლეგებიც მეუბნებიან და ხალხიც. რასაც ვმღერი, გულით ვასრულებ და ალბათ, ეს არის მთავარი კოზირი. საქართველოში, სამწუხაროდ, მომღერალს მხოლოდ დიდი დიაპაზონით აფასებენ. შესაძლოა, არ მაქვს კარგი მაღალი ბგერები, მაგრამ ისე დაბლა ჩავდივარ, რაც ბევრ მომღერალს არ შეუძლია.
    როცა საქართველოში ჩამოვდივარ და რომელიმე გადაცემას ვსტუმრობ, აუ-ცილებლად მიმაქვს ახალი სიმღერა და მირჩევნია, წელიწადში ერთი გავაკეთო და ხარისხიანი, ვიდრე ათი და უხარისხო.
    - ამ სიმღერაზე იმდენი ილაპარაკე, როგორც ჩანს, მაინც ელოდები კრიტიკას, აი, ჯეკსონი შეასრულაო.
    - ველოდები და კრიტიკა უფრო მაძლიერებს. არ მინდა, თავის ქებად ჩა-მომართვან, მაგრამ რაც რეალობაა, ვერ გავექცევი. როცა ბაკალავრი გახლდით, ვმღეროდი “სახეს ნუ მალავ“. მაგისტრობისას სხვა ტიპის სიმღერები ჩავწერე, მაგალითად, ძალიან სერიოზული კომპოზიცია “Bელლე“. დოქტორანტურაში გადასულმა კი, რომელიც ყველაზე სერიოზული საფეხურია ხარისხის თვალსაზრისით, სიმღერაშიც ბოლო ეტაპია იმ მხრივ, რომ ჯეკსონის სიმღერაზე მაგარს ვეღარ ვიმღერებ. ზუსტად ათი წელი გავიდა, რაც მე და ბუკამ დუეტი შევასრულეთ. ათი წელი, მგონი, საკმარისია, რომ შენი სათქმელი თქვა. მგონია, ამ ეტაპზე მაქსიმუმი გავაკეთე. ძალიან ვინერვიულე. ჯეკსონის ეს სიმღერა რთული შესასრულებელია, მაგრამ დამეხმარნენ მეგობრები, რომლებიც ბექვოკალშიც იყვნენ. კლიპის გადაღებაზე არც მიფიქრია, რადგან ეს უკვე თავხედობა იქნებოდა. სატელევიზიო ვერსია ძალიან თბილი გამოვიდა. ბავშვებთან ერთად გამოვედი. მათ შორის, ჩემს დის შვილიშვილთან ერთად, ანუ ბაბუა გამოვდივარ (იღიმის). ჩემს დასა და ჩემ შორის 12-წლიანი სხვაობაა. ჩემი დისშვილი 21 წლისაა.
    - შენი შვილი არ გყავს, მაგრამ უკვე ბაბუა ხარ.
    - (იცინის) ევროპელები ალბათ ძალიან სწორად იქცევიან, როცა ოჯახს 30 წლის მერე ქმნიან. იმდენად ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ახლა ჯერ ვერ წარმომიდგენია, რომ მყავდეს ოჯახი და შვილები. აქამდე ბავშვებთან მცირე ხანს ვჩერდებოდი, ახლა, რაც ბაბუა გავხდი და ჩემს დის შვილიშვილთან მაქვს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება ცოტა შემეცვალა. დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა ასეთი შვილი, მაგრამ ჯერ მაინც არ ვარ მზად მამობისთვის. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ვიფიქრე და ევროპაში ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ასაკით დიდ მეგობართან ბავშვს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხუშტურების გამო პატარა არ უნდა გაიზარდოს ტყუილში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დიდი სურვილი აქვთ, ქართველი ცოლი მყავდეს, თუ დავინახე, რომ საქართველოში შეუძლებელი იქნება ჩემი ცხოვრება და ვერ დაინახეს ჩემი ცოდნა, იმედი მაქვს, მექნება ევროპაში დარჩენისა და მუშაობის საშუალება. საფრანგეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ ძნელია თავის დამკვიდრება და კარგ საზოგადოებაში მოხვედრა. მინდა, საქართველოს უკავშირდებოდეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ იმ კავშირებს, რაც აქ მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავ.
    - ოჯახის თემა რომ ამოვწუროთ, როგორც ჩანს, არავინ არის ახლა შენ გვერდით.
    - მგონია, რომ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ამბობენ, სიყვარული ყველაფერს გაგაკეთებინებსო, მაგრამ არასდროს დამიყენებია ჩემ წინ ვინმე. სა-ქართველოშიც ბევრი გატაცება მქონია, ალბათ, გახსოვს ძველი ამბები, ნინი ბადურაშვილიც მომწონდა, ქრისტინეც, ქეთა თოფურიაც. მერე უცხოეთშიც მქონია რომანები, რომლებიც მალე დასრულებულა. ახლაც არ ვარ ჩამოყალიბებული, ზუსტად როგორი გოგონა მომწონს. შეიძლება, ლამაზმა გოგონამ პირი გააღოს და თავისი სილამაზე დაგავიწყოს. მე თავად ესთეტი ვარ, ამიტომ თუ დავინახე, რომ თავს არ უვლის, სიმპათია მეკარგება. ადამიანს კარ-გად გაიცნობ, თუ მასთან ერთ დღეს ან ერთ ღამეს გაატარებ. ქალბატონებში ხშირად ბევრი რამ მაკიაჟის უკან იმალება. საინტერესოა, როცა ქალს მაკიაჟის გარეშე ნახულობ, ბუნებრივ მდგომარეობაში. ჩემთვის ეს არის მთავარი. როცა ქალი უინტერესოა, ყველა ემოცია მეკარგება.
    დღეს ძალიან აქტუალურია ევროპაში მეგობრობა და ცოტა მეტი. ანუ როცა ადამიანთან მეგობრობ და ზოგჯერ მასთან სხვა ურთიერთობა გაქვს, როგორც წესი, ასეთ დროს, ოჯახი არ იქმნება და უბრალოდ, ორივე მხარე სარგებლობს ამით. ვფიქრობ, უფრო კარიერისტი ვარ, მგონია, სიყვარული უფრო გვიან მეწვევა. დღეს ჩემი პირადი ცხოვრება აუწყობელია, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ. თუ მოსასვლელია, მოვა, თუ არადა, ოჯახს აუცილებლად შევქმნი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ბავშვი მაინც მეყოლება, ოჯახი თუ არა.
    - თავის მოვლა ახსენე. გარეგნულად ძალიან შეცვლილი ხარ, დაკუნთული.
    - მაია ასათიანმა მკითხა, ეს კუნთები ნამდვილიაო?! ეს რომ ხელოვნური არსე-ბობდეს, თავის დროზე ვერავინ დამასწრებდა. ნატო დუმბაძე მეუბნებოდა ხოლმე, ივარჯიშეო და სულ ვამბობდი, ვსწავლობ და დრო არ მაქვს-მეთქი. ჩეხეთში ცხოვრებისას მეგობარმა გაუწია ჯანსაღი ცხოვრების წესს აგიტაცია. კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შეგიძლია, უკეთესადაც გამოიყურებოდეო. ძალიან აქტიურად დავიწყე ვარჯიში და გავხდი ამაზე დამოკიდებული. სტრესისგან გათავისუფლებისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. ერთი წელი წონისა და კუნთის მომატების პროგრამა შევასრულე, ახლა გადავედი კუნთების გამოკვეთის პროგრამაზე. მინდა, თითოეული კუნთი მეტყობოდეს და ამისთვის ძალიან ბევრს ვწვალობ. ქართველი პირადი ტრენერი მყავს თბილისში, რომელიც ინტერნეტით მიგზავნის სპეციალურ პროგრამებს, რომელთა მიხედვითაც ვვარჯიშობ. უცხოეთში ტრენერის აყვანა ძალიან ძვირია. ყველას მოვუწოდებ, რომ ივარჯიშონ და მათ რჩევებსაც ვუზიარებ.
    - ქართველ ბიჭებს ნამდვილად არ აწყენდათ მოწოდება ვარჯიშისკენ. ისიც ურჩიე, ცნობილ გოგონებთან როგორ მოიქცნენ. რაიმეთი შეიძლება მათი მოხიბვლა?
    - თბილისში, სამწუხაროდ, გულახდილად ვიტყვი, რომ ცოტა სხვა სიტუაციაა. ჩვენ, ჩემი ჩათვლით, ქართველებს გვღუპავს ის, რომ ვართ ამბიციურები და გვავიწყდება, საიდან მოვდივართ. ჩვენი ე.წ. სელებრითები, ყველა არა, მაგრამ ბე-ვრი, ძალიან ამბიციურები არიან. ძალიან რთულია მათი მოხიბვლა, რადგან იმაზე მეტი ჰგონიათ თავი, ვიდრე სინამდვილეში არიან. გეტყვი ქალის შებმის ჩემეულ დიდ საიდუმლოს, რომელიც ყველაზე ერთნაირად ჭრის - ეს არის ქალისთვის თავის მოწონება და შემდგომში აბსოლუტური იგნორი და სიცივე. მამაკაცი უნდა იყოს დომინანტი და ურთიერთობა მას უნდა მიჰყავდეს. თუ ქალმა ჩაგითრია და თავი დაგავიწყებინა, დაგალენჩა, მაშინ ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდები. სიყვარულზე არ ვამბობ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ შებმაზე ვლაპარაკობ. ძალიან ადვილია ყველა ქალის, მათ შორის, ცნობილისაც, შებმა, თუკი ძალიან მაგრად მოაწონებ თავს და რომ დაევასები, იმ მომენტში ეტყვი უარს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. საჭირო მომენტში უნდა დაიხიო უკან. ის ქალი ყველაზე მეტად სასტიკი და გაბოროტებულია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ როცა შეხვდები, ის დღე თუ ღამე ყველაზე ვნებიანი იქნება.
    - ალბათ, ეს გამოცდილება ბოლო წლებში მიიღე.
    - რა თქმა უნდა, ეს ევროპამ მომცა. ეს რომ მცოდნოდა, ბევრი გოგონას შებმა არ გამიჭირდებოდა. ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ მე, ალბათ, კარგად ავითვისე. რთულია ქალისთვის უარის თქმა, მაგრამ უნდა შეძლო და მერე მიუბრუნდე უკან (იღიმის). თავს ხშირად ვადარებ ხოლმე თურქული სერიალის პერსონაჟს. “მაესტროზე“ რომ გადის “დიდებული საუკუნე“, ამ ერთადერთ სერიალს ვუყურებ. ოსმალეთის ისტორია ნასწავლი მაქვს და ასე დეტალურად არ მქონდა წარმოდგენილი, რა ხდებოდა მათთან. დაუოჯახებელ უფლისწულებს ჰქონდათ ჰარემები. სწორედ ასე უნდა დააყენო საკითხი, რომ თავად ქალისგან იღებდე წინადადებას. უნდა მოახერხო, როცა დაუქორწინებელი ხარ, გყავდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი “ჰარემი“ (იღიმის).

    1 383 ნახვა
    Loading...
    17-02-2014, 09:38