X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
„მაკლარენ 650S“ - 12C-ზე სწრაფი, P1-ის იერით
  • „მაკლარენ 650S“ - 12C-ზე სწრაფი, P1-ის იერით

    „მაკლარენმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, 650S-ის ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები. მართალია, ახალ ავტომობილს, მასზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომი 12C-სგან მაკომპლექტებელი ნაწილების მხოლოდ 25 პროცენტი განასხვავებს და რეალურად, მისი სახეშეცვლილი ვარიანტია, მაგრამ უოკინგელები აცხადებენ, რომ ეს ორი განსხვავებული მოდელია. თანაც, 12C-ს წარმოება მანამ გაგრძელდება, სანამ მასზე მოთხოვნა შემცირდება.

     



     


    ახალი ავტომობილი წინიდან ძლიერ ჰგავს კომპანიის ფლაგმან P1-ს, რამაც შესაძლოა, ამ უკანასკნელის მყიდველი უკმაყოფილოც დატოვოს. შეგახსენებთ, რომ ბაზარზე გამოსვლიდან ძალიან მალე, P1-ზე შეკვეთების სრული პაკეტი დაკომპლექტდა. წინიდან თუ ფლაგმანს ჰგავს, პროფილში 650S უფრო 12C-ს მოგაგონებთ. პირველ ორ მოდელთან გარეგნული მსგავსების გარდა, ახალ ავტომობილს აქტიური აეროდინამიკური ელემენტებიც გამოარჩევს.

     


    „მაკლარენი“ ირწმუნება, რომ მართალია, ახალ ავტომობილს შემხვედრი ჰაერისადმი წინააღმდეგობის ისეთივე კოეფიციენტი აქვს, როგორიც 12C-ს, მაგრამ უფრო დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით, მისი ბორბლების გზასთან ჩაჭიდების ძალა (როდსაც ავტომობილის სიჩქარე 241 კმ/სთ-ს აღწევს) 24 პროცენტით არის გაზრდილი.

     



     


    „მაკლარენ ავტომოტივის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკ ფლიუიტი ამბობს, რომ ახალი ბამპერის წყალობით, 650S-ს გაცილებით მეტი ჩაჭიდება აქვს, ვიდრე 12C-ს. მისივე წყალობით, ავტომობილს შემცირებული მოხვევის რადიუსიც აქვს. ამასთან, სწრაფი მოსახვევების გავლისას, მდგრადობაც გაუმჯობესდა. ფლიუიტის თქმით, შუქდიოდური ფარები უფრო ეფექტურადაც ანათებს, ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს და უფრო გამძლეცაა.

     


    650S-ს ინტერიერი ბევრი არაფრით განსხვავდება 12C-სგან. სიახლეა მხოლოდ სალონის გაწყობისთვის გამოყენებული მასალების მხრივ. შეკვეთით შესაძლებელია P1-ის სტილის სავარძლების დაყენება, რომლებსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სტრუქტურა აქვს. შეკვეთითვე შეიძლება უკანა ხედვის კამერის დაყენება და ინტერიერის კარბონის დეტალებით გაწყობა.

     



     


    რაც შეეხება ძრავს, ისევე როგორც პირველ ორ ავტომობილს, ახალსაც მამოძრავებელ ძალას 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელსაც 650 ცხენის ძალის და 678 ნიუტონმეტრის მოცემა შეუძლია, რაც 12C-ს ძრავის სიმძლავრესა და მაბრუნ მომენტზე 25 ცხენის ძალით და 78 ნიუტონმეტრით მეტია. ძრავს ორქუროიანი გადაბმით 7-საფეხურიანი ტრანსმისია უწყვილდება, რომელიც საფეხურებს უფრო სწრაფად ცვლის. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, რაც 0.1 წამით ნაკლებია 12C-ს აჩქარების დროზე. 0-201 კმ/სთ აჩქარებისთვის კი 8.4 წამია საჭირო (0.5 წამით ნაკლები).

    კუპეს ძარიანი 650S-ს საბაზო ფასი 195 000 გირვანქა სტერლინგია (12C-ზე დაახლოებით 20 000 გირვანქა სტერლინგით მეტი), კაბრიოლეტი კი 215 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

    1 373 ნახვა
    იტვირთება...
    19-02-2014, 07:25