X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
შუმახერმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!
  • შუმახერმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!

    გამოძიება დასრულდა: შუმის დაცემის ახალი დეტალები

    ფრანგმა პროკურორმა, 62 წლის პატრიკ კუინსიმ გამოაცხადა, რომ მიხაელ შუმახერის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. დასკვნა: იმაში, რაც 29 დეკემბერს მერიბელის სათხილამურო ტრასაზე მოხდა, ბრალი არავის მიუძღვის - დამნაშავე, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას, მხოლოდ თვითონ 45 წლის შუმახერია, რომელიც ჯერ კიდევ კომაშია.

    პროკურატურის წერილობით განცხადებაში შუმახერის დაცემის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მაგალითად: მიხაელმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!

    Auto Bild

    როგორც ირკვევა, ლეგენდარული მრბოლელი ტრასიდან ოთხნახევარი მეტრით გადავიდა და ახალი თოვლით დაფარულ ქვებზე გადაიჩეხა. 8 იანვარს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში პროკურორი ტრასიდან 8 მეტრით გადასვლაზე საუბრობდა, ახლა კი ირკვევა, რომ შუმი ნიშნულს ოთხნახევარი მეტრით გასცდა. პროკურორი განმარტავს, რომ მიხაელს სრიალის დროს რეალური შეცდომა არ დაუშვია - უბრალოდ, სასტიკად არ გაუმართლა!
    Auto Bild
    მიხაელი იმდენად უიღბლოდ წამოედო ქვაზე, რომ ჰაერში 10,4 მეტრი იფრინა და მომდევნო ქვაზე თავით დაეცა. მისი ჩაფხუტი რამდენიმე ადგილზე გატყდა. შესაბამისად, მიხაელმა თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო და როგორც იცით, გრენობლის კლინიკაში დღემდე კომაშია.

    წინა კვირაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ტრავმა ჩაფხუტმა, კერძოდ კი მასში ჩამონტაჟებულმა კამერამ დაამძიმა, თუმცა ეს ინფორმაცია უარყვეს: კამერა ტრავმაზე გავლენას ვერ იქონიებდა, რადგან შუმახერს თავის მარჯვენა მხარე დაუზიანდა, კამერა კი ჩაფხუტის ცენტრში იყო დამონტაჟებული. თანაც, არც ვიდეო-მასალა დაზიანებულა.

    პროკურორის განცხადებით, ტრასის ადმინისტრაციას მომხდარში ბრალი არ მიუძღვის, რადგან ნიშნულები კანონზომიერად იყო გაკეთებული. შეგახსენებთ, რომ მერიბელის ტრასის ადმინისტრაციამ იანვრის დასაწყისში აიყვანა ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი, მაგრამ თავის მართლება საჭირო არ იქნება.

    თუმცა სამოქალაქო სამართლის კუთხით, შუმახერის ოჯახს შეუძლია, რომ მერიბელის ტრასის ადმინისტრაციას უჩივლოს, მაგრამ შუმის ოჯახის წევრები ამაზე არ ფიქრობენ - მათთვის ყველაზე მთავარი მიხაელის გამოჯანმრთელებაა.

    931 ნახვა
    იტვირთება...
    19-02-2014, 07:25