X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სოფო ხალვაში საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა
  • სოფო ხალვაში საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა

    მომღერალი სოფო ხალვაში მეუღლესთან, მიშა ძოძუაშვილთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა და ახალი საქმეც წამოიწყო. საბავშვო სტუდია გახსნა, სადაც მისი შვილი 6 წლის ქეთოც ისწავლის. სოფოს ქეთოს გარდა ჰყავს 7 თვის მარიამი, რომლის აღზრდაშიც, ძიძის გარდა, მშობლები ეხმარებიან. თუ როგორ შეეგუა სოფოს ოჯახი ბათუმში დაბრუნებას და რის გაკეთებას სთხოვდა მამამთილი, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

    - ამჯერად ვარ ბათუმში, ჩემს ქალაქში, ბევრად მშვიდად და წყნარად (იღიმის). სიახლე არის ის, რომ აქ მე და ''ბასტი-ბუბუმ'' ჩამოვაყალიბეთ ამ სტუდიის ფილიალი, ბათუმელ ბავშვებს გავუკეთეთ ეს სტუდია, რაც მათი სწორი განვითარებისთვის ძალიან კარგია. გარდა ამისა, გავხსენი ხმის ჩამწერი სტუდია, ფოტო და ვიდეოსტუდიები, სადაც როგორც ფოტოები, ასევე კლიპები დამზადდება, სტუდია ფილმების გადაღებაზეც იმუშავებს. იგეგმება ახალ-ახალი პროექტები, რისი გახმაურებაც ჯერ არ მინდა.
    - ბათუმში ოჯახთან ერთად ხარ წასული?
    - კი, ჩემს მეუღლესაც საქმეები აქვს და ბავშვებიც აქ არიან.
    - ანუ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდი...
    - კი, ჯერჯერობით. როცა საჭიროა, თბილისში მივდივართ, მაგრამ ამ ეტაპზე ბათუმში გადმოვედით. ბათუმში ჩემი ჩასვლა ყოველთვის სიხარულს უკავშირდებოდა და ახლაც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.
    - მართალია, ბათუმი შენთვის მშობლიური ქალაქია, მაგრამ შენი მეუღლისთვის არ იყო გარკვეულ სირთულესთან დაკავშირებული ბათუმში გადასვლა?
    - მისთვის ალბათ ცოტა რთულია, მაგრამ რადგან საქმეშია ჩართული, ასეთ დეტალებზე ვერ ფიქრობს. თუმცა ალბათ მას მაინც თბილისში ყოფნა ურჩევნია, რადგან თბილისი მისი მშობლიური ქალაქია.
    - როგორც ვხვდები, ახლა სხვადასხვა საქმით ხარ დაკავებული, მაგრამ ისიც გვითხარი, რა ხდება კარიერაში?
    - ამ კუთხითაც მაქვს სიახლეები, ძველით ახალი წლისთვის ჩემი ბენდის წევრები ჩამოვიყვანე და ბათუმელებს ლამაზი საღამო ვაჩუქეთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ალბომზე, უკვე დავასრულეთ მუშაობა სარეკლამო სიმღერაზე, რომელზეც შეიქმნება კლიპი, ამას მოჰყვება ალბომი და კონცერტი. თუ რისი რეკლამა იქნება, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
    - რაც შეეხება შვილებს, ქეთო უკვე დიდი გოგოა.
    - კი, იანვარში 6 წლის გახდა და ვემზადებით სკოლისთვის, მაგრამ უკვე ეზარება სკოლაში სიარული (იღიმის). გვინდა, თბილისში მივიყვანოთ სკოლაში, მაგრამ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ გვაქვს, საქმეებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, მარიამს, უკვე 7 თვისაა, ინტერესდება ახალ-ახალი რაღაცებით, სულ იცინის და კარგ ხასიათზეა, უყვარს, როცა ქეთო ეთამაშება. სხვათა შორის თავიდან ვღელავდი ქეთოზე, ვფიქრობდი, არ ეეჭვიანა, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით, ძალიან მზრუნველი აღმოჩნდა. მეტიც, მარიამი რომ გავაჩინე, ქეთოც ჩემთან ერთად იყო სამშობიაროში და ექთნებს ბავშვი რომ გაჰყავდათ, ქეთოც თან დაჰყვებოდა, უყურებდა, რას და როგორ უკეთებდნენ (იცინის).
    - ხშირად ამბობენ, გოგონებს მამებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთო.
    - ალბათ, ასეა, თუმცა არ ვიცი, ბიჭები როგორები არიან, რადგან ორივე ქალბატონი მყავს. განსაკუთრებული დამოკიდებულება კი ალბათ იქიდან მოდის, რომ გოგონები უფრო თბილები არიან და გამოხატავენ ამას. მიშა ძალიან კარგი მამაა, სულ ცდილობს, ქეთოს ასიამოვნოს, სურვილებს უსრულებს და განებივრებული ჰყავს, მეორე კი ჯერ ასეთი რაღაცებისთვის პატარაა.
    - მარიამის გაზრდაში ვინ გეხმარება?
    - ქეთოს ძიძა, რომელიც მარიამის გაზრდაშიც მეხმარება, მაგრამ ასევე ძალიან მიდგანან გვერდში დედა და მამა, მშობლები ყველაზე კარგი დამხმარეები არიან.
    - ბათუმში შენს მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, თუ ცალკე?
    - ცალკე, მაგრამ ბოლომდე მარტოები არ ვართ, ხან დედასთან ვართ, ხან აქეთ - ჩვენთან.
    - როგორც გვითხარი, საკმაოდ დაკავებული ხარ, საოჯახო საქმეებისთვის თუ იცლი?
    - საერთოდ, ძალიან მიყვარს საოჯახო საქმეების კეთება, სადილების მომზადება, ხშირად მეგობრები რჩევებსაც მეკითხებიან. მიხარია, რომ ხშირად მსტუმრობენ და მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები.
    - სოფო, როგორ შეეგუვნენ მიშას მშობლები თქვენს ბათუმში გადასვლას, ალბათ ძნელია, როცა თუნდაც შვილიშვილები ასე შორს მიდიან.
    - მიშას მშობლებიც შეჩვეულები არიან ასე ცხოვრებას, რადგან ჩემი მამამთილი, რეზო ძოძუაშვილი, ძირითადად სულ წასულია, ხან რომელ ქალაქში უწევს ყოფნა და ხან რომელში. ისე, რეზო, საქმიდან გამომდინარე, სულ მხარში მიდგას, სამზარეულოში რომ დამინახავდა, სულ მეჩხუბებოდა, მანდ რა გინდა, წადი, იმეცადინეო (იცინის). უნდა, რომ მეტი ვიმუშაო განვითარებისთვის. მათთვის ჩვენი ბათუმში გადმოსვლა გაუგებარი არ ყოფილა. ახლა რეზო თავადაც ქუთაისშია, იქ მუშაობს მწვრთნელად და ცოტა ხნის წინ ჩამოსულიც იყო ჩვენ სანახავად, შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორიული თვალსაზრისით ახლა უფრო ახლოს ვართ (იღიმის).

    1 601 ნახვა
    Загрузка...
    19-02-2014, 10:06
    Загрузка...