X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
...ACTION: ახალი მუსტანგი!
  • ...ACTION: ახალი მუსტანგი!

    Musclecar-ების მოყვარულებო, სწორდი, სმენა! ლეგენდარული Ford Mustang-ის ახალი თაობა ასპარეზზე გამოსასვლელად მზადაა - გაზაფხულიდან გაყიდვები ამერიკაში დაიწყება და მალე მას საქართველოშიც (ფორდის ოფიციალური დილერი ჩვენთან ”ჯი თი მოტორსია”) უნდა ველოდოთ. ახალი ”მუსტანგი” V8 ძრავით დაახლოებით 40 000 ევრო ეღირება

    „Mustang – since 1964“ - გვეუბნება მძღოლის გვერდითა მგზავრის ცხვირწინ, ტორპედოზე დასმული ვერცხლისფერი მედალი და ამ წარწერის გვერდით მორბენალი ულაყია გრავირებული. პრინციპში, ეს საჭირო სულაც არ იყო. ”მუსტანგს” ხომ ყველა იცნობს. ”მუსტანგი” ყველამ იცის.

    თუ ქუჩაში არ შეგხვედრიათ, კინოში მაინც გექნებათ ნანახი, რადგან ყველასათვის კარგად ნაცნობი სიტყვა Action ”ფორდ მუსტანგის” წინ უთვალავჯერ ექნებათ დაძახებული. ”მუსტანგი” 500-ზე მეტი ფილმშია გადაღებული, რითაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინო-მანქანაა. გარდა ამისა, ზუსტად ნახევარი საუკუნეა, რაც იწარმოება და რაკი მისი წარმოება არასდროს შეწყვეტილა, ისეთ ავტოლეგენდებს უდგას გვერდით, როგორებიც Porsche 911 ან Land Rover Defender არიან.

    Auto Bild
    გარემო მაგარი მეეტლისთვის: შემართულ მუსტანგს საჭეზეც შეხვდებით

    Auto Bild
    ჩამრთველების ცენტრი: სტარტის ღილაკის გვერდით კლასიკური გადამრთველებია, რომელთაგან სამი სვლის ხარისხზე ახდენს გავლენას

    წელს ამ ლეგენდარულ Musclecar-ს ზუსტად 50 წელი უსრულდება და რა გასაკვირია, რომ ამერიკელებს სწორედ ახლა გამოჰყავთ სცენაზე თავიანტი მორიგი, სრულიად ახალი ულაყი - გაიცანით და პატივი ეცით, ახალი ”მუსტანგი” მოდის!

    AUTO BILD-მა Mustang Cabrio ექსკლუზიურად მოინახულა (კაბრიოლეტიც და კუპეც ერთდროულად გამოდის) და პირველ შთაბეჭდილებებსაც ახლავე გაგიზიარებთ.

    რაც ყველაზე მთავარია, ჯდომის პოზიცია ახალ ”მუსტანგშიც” განუმეორებელია. კოკპიტი მძღოლს საბრძოლო განწყობას უქმნის. ღრმად ჩასმული ინსტრუმენტები, თვალსასეირო ცენტრალური კონსოლი კლასიკური ჩამრთველებითა და დიდი სტარტ-ღილაკით მანქანის დაქოქვის და დაძვრის სურვილს აღვივებს. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და გარე სარკეები კი ზედმეტად კოხტა გვეჩვენება. აი, კაპოტი კი სხვა საქმეა: მას ორი ზოლით იმდენად მძლავრი იერი აქვს, რომ საჭესთან მოთავსებულს, თავი როდეოს მხედარი გეგონება. ყველაზე კარგი ის არის, ”მუსტანგის” ხასიათი არ შეცვლილა - სიგრძეში 4,78 მეტრითა და 1,38-მეტრიანი სიმაღლით ლეგენდარული ”ფორდი” ისევ შემართული მუშტის ასოციაციას იწვევს. მუშტისა, რომელიც დასარტყმელადაა გამზადებული.

    Auto Bild
    უკანა მაშუქები 1964 წლის ”ფორდ მუსტანგს” გაგახსენებთ

    Auto Bild

    მიუხედავად ამისა: ახალი ”მუსტანგი” არ არის ისეთი სუფთა სპორტული მანქანა, როგორიც მაგალითად General Motors-ის ”შევროლე კორვეტია”. უკანა სავარძლები ყოველი შემთვევისთვის, გაჭიმული გვერდითა ზოლი, გამომწვევი და ექსპრესიული ცხვირი, მეტყველი კიჩო და დაბერილი ფრთები მას უფრო Musclecar-ის თანამედროვე ინტერპრეტაციის იერს ანიჭებენ.

    რაც არ უნდა შოვინისტურად ჟღერდეს, მაინც უნდა ვთქვათ: Ford Mustang იყო, არის და კაცების მანქანად რჩება. უბრალოდ ისეთი ტიპია, რომელიც ტილ შვაიგერს უფრო შეეფერება, ვიდრე ნებისმიერ მანდილოსანს ამა ქვეყნისა.

    თუმცა ”მუსტანგის” ფანმა კაცურმა კაცებმა, თუ არასწორად შეურჩიეს, ახალ მოდელში თავი შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნონ, რადგან ლეგენდარული ამერიკელი 2,3-ლიტრიანი ძრავითაც იწარმოება, რომელიც, მართალია, ტურბინიანია და და 309 ცხენის ძალა აქვს (407 ნოუტონმეტრი), მაგრამ მაინც 4-ცილინდრიანი აგრეგატია. ეს კი, მიუხედავად მართლაც მოხდენილი სიმძლავრისა, ”მუსტანგის” და ზოგადად Musclecar-ების ნაღდი მოყვარულისთვის იგივეა, ბაფაო ბილს ხელში წყლის პისტოლეტი რომ დააკავებინო. თუმცა, არა, დამშვიდდით ბიჭებო! საბედნიეროდ, ახალი ”მუსტანგი” კლასიკური, 5-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი ძრავითაც იწარმოება, რომლის სიმძლავრე 426 ცხენის ძალაა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 529 ნიუტონმეტრი.

    Auto Bild
    ახალი Mustang Cabrio სახურავს 15 წამში იხდის და კიჩო მალავს

    Auto Bild
    Auto Bild

    საჭირო სიახლე სავალ ნაწილში: ანტიკვარული, ხისტრი უკანა ღერძის ნაცვლად, ახალმა ”მუსტანგმა” მრავალბრუნვადი, დამოუკიდებელი საკიდრები მიიღო, რითაც ის კიდევ უფრო მოქნილი ულაყი იქნება. ამ მანქანის კლასიკოსი ფანები აქ კიდევ ერთხელ უნდა დავამშვიდოთ: მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სვლის კომფორტისა, ”მუსტანგი” ისევ ისე ივლის, როგორც მის ფანატებს მოსწონთ - გათიშე ESP და დაიწყე დრიფტი! ასე რომ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი რიგზეა!

    თუმცაღა ნამდვილ კავბოებს მაინც მოუწევთ ისეთ ”ეშმაკისეულ” დეტალებთან შეგუება, როგორებიცაა კურსის ასისტენტი, სენსორულეკრანიანი ნავიგაცია და ა.შ.

    სავარაუდო ფასი, რომელიც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, მოსალოდნელზე დაბალია და ახალ ”მუსტანგს” კარგ შანსს აძლევს საიმისოდ, რომ არა მარტო ნაღდი ფანები, არამედ სხვებიც მიიზიდოს - ისეთები, ვისთვისაც ტორპედოზე განთავსებული ვერცხლისფერი მედალი წარწერით „Mustang – since 1964“ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

    დასკვნა
    ”მუსტანგის” ფენომენი უკვდავია. ახალი მოდელით კი ”ფორდი” არა მარტო ამ კონკრეტული მანქანის ისტორიას და ტრაციას, არამედ ზოგადად ავტო-ისტორიას და ავტო-ტრადიციას აგრძელებს. US-რომანტიკოსებო, გილოცავთ!
    იორგ მალტცანი


    მუსტანგი, როგორც ფილმების გმირი


    Ford Mustang კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილია, რადგან 500-ზე მეტ ფილმში უთამაშია. მისი კინო-კარიერა 1964 წელს დაიწყო ცნობილ ფრანგულ კომედიაში ”ჟანდარმი სენ ტროპედან”. უფრო სერიოზული როლები ჰქონდა ”ბულიტში”, ზოგიერთ ”აგენტ 007-ში” და ფილმში ”გატაცება 60 წამში” (1974). კინოინდუსტრიაში ”მუსტანგს” ადრიფტავებდნენ, ”მუსტანგით” მისდევდნენ და ”მუსტანგით” გარბოდნენ.


    ”ბულიტი”, 1968


    1968 წელს გამოშვებული ”მუსტანგით” სტივ მაკქუინი სან ფრანცისკოში მისდევს განგსტერს, რომელიც Dodge Charger-ით გარბის. დევნის სცენა 10 წუთს გრძელდება

    Auto Bild


    ალმასები სამუდამოდ, 1971


    ეს არის მეშვიდე ფილმი ჯეიმს ბონდის შესახებ, რომელშიც აგენტი 007 (შონ კონერი) ღამით, ლას ვეგასში პოლიციას სწორედ ”მუსტანგით” გაურბის

    Auto Bild


    ”გატაცება 60 წამში” (1974)


    ამ ფილმში ”მუსტანგს” ”ელეანორი” ჰქვია და სხვა მანქანებს დრიფტის საუკეთესო გაკვეთილებს უტარებს. 2000 წელს მისი რიმეიქი გადაიღეს (ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით)

    Auto Bild

    3 063 ნახვა
    იტვირთება...
    20-02-2014, 07:11