X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
წმ. ღირსი მამა გაბრიელი - ცხოვრება და მოღვაწეობა
  • წმ. ღირსი მამა გაბრიელი - ცხოვრება და მოღვაწეობა

    წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი, (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე), 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად დაიბადა - ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად აკრძალული იყო.

    მამა, ვასილ ურგებაძე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს, შინსახკომის წარმომადგენელი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ.

    მამა გაბრიელმა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი დაამთავრა. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი ბათუმში მსახურობდა. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს.

    1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე).

    1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად.

    მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.

    მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

    1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.
    ბერი გაბრიელი, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ, 2 ნოემბერია დაწესებული.


    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    2 087 ნახვა
    იტვირთება...
    22-02-2014, 13:37