X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
არეული...
  • არეული...

    ვიცი, შეიძლება ახლა სისულელეები დავწერო და მერე ვინანო, სიმწრით გამეცინოს, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია. შენ ისე მოქმედებ ჩემს ისედაც გაფუჭებულ ნერვებზე, რომ მინდება მიგახრჩო. არადა მისახრჩობადაც რომ არ მემეტები... ვერ გიტან..! აი, ყოველდღე რომ ნერვებს მიშლი და ამის მიუხედავად საყვარლად დარჩენას რომ ახერხებ, სწორედ იმიტომ ვერ გიტან. ვერც შენ გიტან, ვერც ამ პერიოდს და ვერც იმას, ახლა ამ გრძნობით შეპყრობილი ამ ტექსტს რომ ვწერ... იმდენად ვარ არეული, რომ არ ვიცი რატომ და რისთვის ვწერ. შენ ამას ვერასდროს ნახავ, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს... ვერ ვიტან იმ დღეებს, შენი მანქანით რომ “შემოქროლდები” ხოლმე ეზოში, ჩემი ფანჯრის ქვეშ რომ აყენებ მანქანას და მოპირდაპირე სადარბაზოში შედიხარ. ვერც მაშინ გიტან, ყველაზე საყვარელი ღიმილით რომ მიღიმი, თან ცდილობ გამაბრაზო და მერე ჩემს დაბღვერილ სახეზე გეცინება.
    “კაი, ნუ იბუსხები” მეუბნები და თან ცდილობ ხარხარი შეიკავო. მე კი ჩემს უსუსურობაზე მეშლება ნერვები და კიდევ იმაზე, რომ შენი თვალების ყურებისას ცუდად ვხდები. სწორედ ამიტომ, როცა გელაპარაკები, გარშემო ყველაფერს ვათვალიერებ, გარდა შენი თვალებისა. შემიძლია, უბრალოდ მიწასაც მივაშტერდე, ოღონდ შენ არ შემოგხედო.
    - რა იყო რომ არ მიყურებ, დავიჯერო ასეთი მახინჯი ვარ? - მკითხე დღეს, როდესაც მე შენს იქით უსასრულობაში ვიყურებოდი.
    შენმა სიცილმა გამომაფხიზლა და უნებურად შემოგხედე. “მაინც რა საყვარელია ეს დამპალი”-გამიელვა თავში.
    - რა ვიცი, სარკეში არ იყურები? - გკითხე ცოტაოდენი ირონიით. სახე მაშინვე შეგეცვალა და მივხვდი, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა. ჩვენს არც ისე ახლოს ვართ... თუმცა, მეორე წამს ჩემმა მეორე “მემ” წამოიყვირა ფრაზა-“რომ გაიზრდები, ჩემთან გამუშავებ” არაფერი ისეთი, მაგრამ ჩემი ნერვების პატრონი, კიდევ უფრო ვღიზიანდები...
    საუბარი სხვა თემაზე გადავიტანეთ და დაძაბულობაც განიმუხტა. ან, საერთოდ, მე მეჩვენებოდა ეს დაძაბულობა... მასწავლებელთან მეჩქარებოდა და სწრაფად დაგემშვიდობე.
    - მიდი, თამ, ისწავლე “ფრანციცული” და მერე მეც მასწავლე, - მომაძახე.
    მე კიდევ საათს რომ დავხედე, კისრისტეხით გავიქეცი მასწავლებელთან. ნახევარი საათი დამაგვიანდა...
    სახლში გადათიშული ვბრუნდებოდი, სადარბაზოდან თქვენ რომ გამოდიოდით. ნიკას ხელში ძაღლი ეჭირა, რომელიც კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. რომ დამინახე ხელი დამიქნიე და მეც მაშინვე ნიკასთან მივედი და ძაღლს მოვეფერე.
    - ბუბუ, - დავუძახე, მან კი საცოდავად მომანათა თავისი თბილი თაფლისფერი თვალები. - ისევ ცუდად არის? - შემეშინდა, რომ რამე მოუვიდოდა იმ ერთადერთ ძაღლს, რომლის მოფერებაც არ მეშინოდა, მიუხედავად მისი კატასტროფული სიცელქისა.
    - დღეს დილით უარესად გახდა და ვეტერინართან მიგვყავს, - მიპასუხა ნიკუშამ.
    - კარგი, აღარ შეგაყოვნებთ. გამაგებინე მერე ამბები, - ვუთხარი ნიკას.
    ვცდილობდი არ შემომეხედა... სიმართლე რომ ვთქვა, იმ წუთას ბუბუზე ისე ვნერვიულობდი, შენ საერთოდ არ მახსოვდი. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდი, ჩემკენ მოტრიალდი და ლოყაზე მიჩქმიტე. მერე ისე სწრაფად ჩაჯექი მანქანაში და ადგილს მოწყვიტე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. “დამპალი!დამპალი!” იმეორებდა ჩემი გონება...
    ახლაც ისე მეშლება ნერვები, ამ ყველაფერს რომ ვწერ. რაში მჭირდება? ჩემს თავსვე ვუკეთებ უარესს. მე არ ვიცი, რას ვგრძნობ, ან რას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ის არ არის! მე არ ვარ შეყვარებული... არა, ამ სიტყვებით თავს კი არ ვირწმუნებ, ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ... თუმცა, მიუხედავად ამისა, მერე არეული ვარ და ეს ყველაფერი მაინც შენი ბრალია...!
    1 107 ნახვა
    იტვირთება...
    23-02-2014, 07:38