X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ლელა წურწუმიას შვილის პირველი ინტერვიუ
  • ლელა წურწუმიას შვილის პირველი ინტერვიუ

    "მე ვარ მარიამ მამულაშვილი, 12 წლის. დავიბადე 2002 წელს 17 თებერვალს. დავდივარ სკოლა "სადუნიში". ვარ მეექვსე კლასში", - ასე გამეცნო მომღერალ ლელა წურწუმიას შვილი, რომელსაც თავიდანვე ბებია (მამის დედა), ნანა ტრაპაიძე ზრდიდა და ის დღესაც ბებია-ბაბუასთან ცხოვრობს.

    - მარიამ, კარგად სწავლობ?
    -
    ცუდი მოსწავლე არ ვარ.

    - რომელი საგნები გიყვარს?
    -
    უცხო ენები. ვსწავლობ ესპანურს, ინგლისურს, რუსულს. მიყვარს ხელოვნებაც.

    - სკოლიდან რომ ბრუნდები, მაშინვე სამეცადინოდ ჯდები?
    -
    კი, მაშინვე ვმეცადინეობ. სწავლა არ მეზარება.

    - კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებ?
    -
    არც ისე. კომპიუტერში ხშირად ვიძიებ რაღაც თემებს. ახლა მაგალითად, ბუნებაში დავალება მოგვცეს და მეც უამრავი ინფორმაცია უნდა შევაგროვო. კომპიუტერში ხანდახან, რაღაცებს ვთამაშობ... მამამ მითხრა, "ფეისბუკის" გვერდს გაგიხსნიო. საერთოდ, კარგად ვხატავ და დედა შემპირდა, - ხატვის მასწავლებელთან მიგიყვანო. ვხატავ ფუნჯითაც, ფანქრითაც, ფლომასტერითაც. პლასტელინისგანაც ვძერწავ რაღაცებს. ყველაზე მეტად ცხოველების დახატვა მიყვარს.

    - ეტყობა, ცხოველები გიყვარს, არა?
    -
    ძალიან. ერთხელ ძაღლი მყავდა, მაგრამ მომიკვდა და გული დამწყვიტა.

    - ბევრი მეგობარი გყავს? ეზოში სათამაშოდ თუ გიშვებენ?
    -
    კი, კარგი მეგობრები მყავს. ეზოში მიშვებენ, მაგრამ მე არ მინდა ზამთარში იქ ჩასვლა, რადგან ვცივდები ხოლმე. ეზოში თამაში ზაფხულში მირჩევნია. ვმეგობრობ არა მარტო გოგონებთან, ბიჭებთანაც.

    - ლექსებსაც ხომ არ წერ?
    -
    ლექსებს მარტო ბებიაჩემის დაბადების დღეზე ვწერ ხოლმე. ყველაზე მაგარი ბებია მყავს. აი, ასეთი სტროფი მაქვს: "მე რომ მიყვარს, მეფერება, შენი თეთრი თმებია,/ ნუღარ დამიბერდები, ჩემო ტკბილო ბებია..." მე და ბაბუამ დაბადების დღეზე შოკოლადის ტორტი მივართვით. მერე მე სუფრა გავშალე და ბებია მოვიწვიე. მოკლედ, სიურპრიზი მოვუწყვეთ.

    - ვიცი, რომ ის გზრდის...
    -
    კი, ბებიამ გამზარდა და ყველაზე მეტად მიყვარს. ბებო არის ძალიან კეთილი და მოსიყვარულე. ადრე, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ჩვენთან ია - ჩემი ძიძა მოდიოდა და მასთან მეძინა. მერე ის საბერძნეთში წავიდა... ახლა მე და ბებოს ერთად გვძინავს.

    - რაიმე წრეზე თუ დადიხარ?
    -
    თეა გობეჯიშვილთან ტანვარჯიშზე დავდივარ და ცეკვასაც ვსწავლობ. გამოცდებიც გვიტარდება ხოლმე. თეასთან სიარული ძალიან მომწონს.

    - სიმღერაზე არ გატარებენ?
    -
    ადრე ნატო მეტონიძესთან დავდიოდი, მერე თავი დავანებე და ახლა ამის გამო გული მწყდება. მიყვარს სიმღერა. სხვათა შორის, "ბასტი ბუბუშიც" მიმღერია. როცა სკოლაში სპექტაკლები იმართება, წარმოდგენებში მეც ვმონაწილეობ. ერთ-ერთ სპექტაკლში შავი კატა ვიყავი.

    - როგორც გატყობ, წესრიგი გიყვარს. ასეა?
    -
    არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წესრიგი არ უყვართ.

    - შენს დედიკოზე - მომღერალ ლელა წურწუმიაზე რას გვეტყვი?
    -
    დედა ძალიან ლამაზია და კარგად მღერის. თანაც, მისი სიმღერები ძალიან მიყვარს.

    - გული არ გწყდება, რომ დედა დაკავებულია და მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ?
    -
    დედა აქ მოდის, მნახულობს და მალე შეიძლება, საცხოვრებლად დედ-მამასთან გადავიდე.

    - მერე, ბებოს მიტოვება არ გაგიძნელდება?
    -
    კი, მაგრამ მის სანახავად ხშირად მოვალ. ბებია ყველაფერში





    მეხმარება, მამეცადინებს კიდეც. დედა მეუბნება, - ნანას დაუჯერეო.

    - მამაზე რას გვეტყვი?
    -
    ბავშვობაში იცით, რა ლამაზი ყოფილა? გრძელი თმა ჰქონია. სკოლაში კარგად სწავლობდა, ინსტიტუტშიც და მის სურათებს რომ ვუყურებ, ძალიან მგავს. სხვებიც მეუბნებიან, მამას ჰგავხარო. ძალიან მიყვარს, როცა მამა აქ მოდის. მას კახის ვეძახი, ასე უფრო მომწონს... მყავს ძმა - ნიკო. ის 20 წლის არის და ნიუ-იორკში სწავლობს. სახლში ჩემს ბიძაშვილს, 4 წლის ნანუკას ვეთამაშები ხოლმე. ჰო, კიდევ მამაჩემი ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. ისე, მას კი მამსგავსებენ, მაგრამ მგონი, დედასაც ვგავარ...

    ახლა კახა მამულაშვილს, მამულიჩას მივმართავ:

    - რას გვეტყვი შვილზე? შენ და ლელას როგორი ურთიერთობა გაქვთ მარიამთან? მისთვის როდის იცლით?
    -
    პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო დედ-მამას, რომ მარიკოსთვის სითბოსა და სიყვარულს არ იშურებენ. მარიამი ძალიან კარგი ადამიანია. უყვარს თავის ოჯახი, ბებია, მეგობრები და მერწმუნეთ, მათზე ცუდს არასდროს იტყვის; არც ის მოსწონს, სხვებზე რომ ჭორაობენ. სკოლაში თავიდან არ უთქვამს, - ლელას შვილი ვარო. ეს ამბავი დიდხანს არ იცოდნენ, რადგან კრებაზე სულ ბებია დადიოდა. ერთხელაც, ლელა რომ მივიდა, მაშინ გაიგეს, ვისი შვილიც იყო. მარიამს უნდა, ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიოს, მაგრამ ცხადია, ამაყობს იმით, რომ ლელას შვილია...
    მარიამი:
    -
    როცა იგებენ, რომ ლელას შვილი ვარ, გაოცებას ვერ ფარავენ. სკოლის მოსწავლეები მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, - მართლა ლელას შვილი ხარო?.. გული მწყდება, დედას ხშირად რომ ვერ ვნახულობ, მაგრამ საქმეები აქვს და მისიც მესმის. სამაგიეროდ, ხშირად მირეკავს, მნახულობს. დედა ძალიან მიყვარს. მახსოვს, ერთხელ "ბალუში" დაბადების დღე გადამიხადეს და "ბალუს" დედაჩემი მოეწონა. მერე მე და ლელამ ვიმღერეთ კიდეც.

    - შენზე მითხრეს, ძალიან გულჩვილიაო...
    -
    არ მიყვარს, როდესაც ვიღაცები ჩხუბობენ. ასეთ დროს ლამის გული გამისკდეს. რამდენიმე დღის წინ მე და ბებო ბაკურიანში ვიყავით და იქ გავიგეთ, რომ კაბუ დაჭრეს, მერე ეს ამბავი "კურიერშიც" გამოაცხადეს და შემეშინდა... კიდევ კარგი, ძვალი არ გაუტყდა...
    მამულიჩა:
    -
    მარიამი თავისებური ადამიანია, საკუთარი სამყარო აქვს. სამართლი­ანია. ის ჩემი გული და სულია. მშობლებს მის წინაშე დანაშაულის გრძნო­ბა გვაქვს, რადგან დატვირთული დღის რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ. ჰოდა, ხანდახან მირეკავს და მეკითხება, - როგორ ხარო? მერე კი სახლში მეპატიჟება (იცინის).

    - მარიამ, კითხვა თუ გიყვარს?
    -
    კი, რამდენიმე წიგნი უკვე წავიკითხე. ახლა ბერი გაბრიელის წიგნს - "ჩემი სიცოცხლე, თქვენი სიცოცხლეა" ვკითხულობ. ძალიან კარგი წიგნია. მასში ბევრი სიკეთეა და ხანდახან მეტირება კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც კარგ ხასიათზე ვდგე ბი... მოთხრობილია, როგორ ცხოვრობდა, როგორ ოჯახში აღიზარდა და ძალიან დამაინტერესა.

    - სახლში საქმიანობა და ბებოს დახმარება თუ გიყვარს?
    -
    კი, ხანდახან ჭურჭელს ვრეცხავ. ბებია ავად რომ იყო, რაღაცებს მე ვაკეთებდი. რომ მეუბნებოდა, თავი დაანებეო, ძალიან მწყინდა. მას ყავას და ჩაის ვუმზადებდი. ისე, სალათის "გაკეთებაც" ვიცი...

    - სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
    -
    პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავ­ლა. ასევე მინდა, ცეკვას გავყვე. ისე, სიმღერაც მომწონს. ბებო მირჩევს, უცხო ენების სპეციალ­ისტი გავხდე...

    - შოუბიზნესზე რა იცი? რომელ მომღერლებს ან მსახიობებს იცნობ?
    -
    "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვინც დედაჩემთან ცეკვავდა, ყველას ვიცნობ. ასევე, თაკო გაჩეჩილაძეს, ნინი ბადურაშვილს, ანრი ჯოხაძეს, სტეფანეს, მაია დარსმელიძეს, კახაბერს, შორენა ბეგაშვილიც ვნახე ერთხელ. სხვათა შორის, ანრის სიმღერები ძალიან მიყვარს... მაგრად გამახალისა "ერთი-ერთში" რომ იყო. პირველ ადგილზე რომ ვერ გავიდა, გული დამწყდა. ჩემი ნათლიები არიან: თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე და დოი ანუ დათო დოიაშვილი.

    - პოლიტიკაზე რას გვეტყვი?
    -
    ხანდახან ტელევიზორში რაღაცებს რომ აცხადებენ, შემეშინდება ხოლმე. კიევში რატომ ხოცავდნენ ადამიანებს, ვერ გავიგე.

    - საქართველოს პარლამენტის შესახებ რა გსმენია?
    -
    არაფერიც არ მსმენია...

    - საქართველოს პრეზიდენტი ვინ არის?
    -
    ადრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილია. არა, არა, მერე გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს... პოლიტიკა არა, მაგრამ ფილმები ძალიან მიყვარს. კიდევ, "ტიტების დროს" ვუყურებ, სახალისო სერიალია. მიყვარს "ტომი და ჯერი" და ძველი რუსული მულტფილმი - "ნუ პაგადი".
    მამულიჩა:
    -
    მარიამი დედამისივით შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. არ მინდა, მოცეკვავე ან მომღერალი გამოვიდეს, რადგან ეს დაუფასებელი შრომაა. მივესალმები, თუ იურისტობაზე იფიქრებს. ნუ, თუ ცეკვა-სიმღერა ძალიან მოუნდება, ვერ "დავბლოკავ". ისე, ცნობისათვის, მარიამი დედასავით ჯიუტია (იღიმის).
    მარიამი:
    -
    აბა, რას ამბობ? ცოლზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება! მამა, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ქალია!

    2 876 ნახვა
    იტვირთება...
    21-03-2014, 09:09