X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ეს BMW ძალიან ხარბია!
  • ეს BMW ძალიან ხარბია!

    ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება

    სტარტ-სტოპ ტექნოლოგია, ცილინდრების გათიშვა, ეგრეთ წოდებული Downsizing, მსუბუქი ძარა - რას აღარ აკეთებენ ავტომწარმოებლები იმისათვის, რომ თავიანთ მანქანებს საწვავის ხარჯი შეუმცირონ და ამას პრინციპში ახერხებენ კიდეც. ეკონომიურობის მხრივ დღესდღეობით ყველაზე მეტად დიზელის ძრავის მქონე კომპაქტური ავტომობილები გამოირჩევიან - მათი ხარჯი 100 კილომეტრზე 5 ლიტრს იშვიათად სცდება.

    თუმცა, საწვავის ხარჯის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ იდეალური სვლით მიიღება და არა ნებისმიერ ვითარებაში. მაგალითად, თუ გინდა, რომ საწვავის იდეალურ ხარჯს მიაღწიო, სპიდომეტრის ისარი 120 კმ/სთ-ს არ უნდა ასცდეს და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში ამ ყველაფრის განხორციელება ძნელია. რაც უფრო ხშირად უახლოვდება აქსელერაციის სატერფული იატაკს, მით უფრო უსირცხვილოდ მატულობს საწვავის ხარჯი. ეს განსაკუთრებით ავტობანს ეხება, სადაც ნებისმიერი გასწრება ძვირად გვიჯდება.

    Auto Bild

    გარდა ამისა, ავტომწარმოებლები ყოველ ახალ მოდელს მაქსიმალურ სისწრაფეს უმატებენ: 200 კმ/სთ-ს დღეს უკვე კომპაქტური კლასის ავტომობილებიც კი ავითარებენ (საშუალო სიმძლავრის ძრავით), 300-კმ/სთ-იან ზღვარს კი უკვე მაღალი კლასის სედანებიც სცდებიან - მაგალითად, Jaguar XFR-S, რომელსაც 550 ცხენის ძალა აქვს და რომ არა სპეციალური ელექტრონული შეზღუდვა, 300-ზე მეტსაც განავითარებდა. ქარხნის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბოლიდი 100 კილომეტრზე საშუალოდ 11,6 ლიტრი სუპერით უნდა დაკმაყოფილდეს. ამ დროს ყველამ იცის, რომ ”იაგუარს”, მით უმეტეს 550-ცხენისძალიანს, მაგრად უნდა მიადგა და თუ მიადგამ, 11,6 კი არა, 100 კილომეტრზე შეიძლება 20-ლიტრიანი ხარჯიც სანატრელი გაგიხდეს.

    ერთი სიტყვით, გვინდოდა, გაგვერკვია, რამდენს წვავს ესა თუ ის ბოლიდი მაქსიმალური აჩქარებისას. ამიტომაც მოვაწყვეთ ტესტი, რომლის დევიზი მაქსიმალური აქსელერაცია, მერე საწვავის ჩამატება და იმის გამოთვლა იყო, თუ რამდენს წვავენ თანამედროვე მანქანები სინამდვილეში, მაქსიმალური დატვირთვისას. ტესტისთვის ათი მოდელი შევარჩიეთ და ტრეკზე ათივე მაქსიმალურად გავწურეთ. დავიწყოთ ყველაზე ხარბით:

    შედარებისთვის: შედეგებში ვაქვეყნებთ როგორც საშუალო ხარჯს, რომელიც თითოეული ავტომობილის ქარხნულ მონაცემებშია მოცემული, ასევე ჩვენს მიერ გატესტილ და გამოთვლილ მაქსიმალურ ხარჯს მაქსიმალური აქსელერაციის დროს




    BMW M5 Competition: როცა საწვავის ხარჯზე არ უნდა იფიქრო...


    Auto Bild

    ეს ამ ტესტში ყველაზე სწრაფი ავტომობილია და ყველაზე მძლავრი ძრავაც აქვს - BMW M5 575 ცხენის ძალითა და ორმაგად ტურბირებული V8 ძრავით. ლოგიკურად, ის ყველაზე ხარბიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა! ეს იმიტომ, რომ სპორტული სედანი გაცილებით მოქნილი და დინამიკურია, ვიდრე მაგალითად მისი მსუქანი ძმა X5, რომელიც ამ ტესტში ასევე მონაწილეობდა. გარდა ამისა, შედარებით ეკონომიურობაში მას შეფრქვევის ეფექტური სისტემა და 7-საფეხურიანი ორმაგი შეჭიდების კოლოფიც ეხმარება - შედეგად, ბენზინის 4,4-ლიტრიანი აგრეგატი შედარებით ეკონომიურია. საშუალო ხარჯი 9,9 ლიტრს შეადგენს და რაც შეეხება ხარჯს მაქსიმალური აქსელერაციის დროს:

    მარჯვენა პედალის ბოლომდე ჩაძირვისას ყველაფერი თავდაყირა დგება. იმ დროს, როცა ბორტკომპიუტერი მაქსიმალურ სიჩქარეს 315 კმ/სთ-ს გვიჩვენებს, ჩვენი საზომი ოდენ 304,1 კმ/სთ-ს აფიქსირებს. თუმცა საწვავის ხარჯის მხრივ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია: ბორტკომპიუტერის ცნობით, მაქსიმალური მიდგმის დროს ხარჯი 29,5 ლიტრია, ჩვენ კი 62 ლიტრი გავზომეთ! თანაც, სუპერძვირ სუპერს ვასხამდით...

    Auto Bild
    M5-ის V8 ძრავა ორი ტურბინით - შედეგი შესაბამისია


    საწვავის მაქსიმალური ხარჯი: 62,0 ლიტრი 100 კმ-ზე

    საწვავის საშუალო ხარჯი: 9,9 ლიტრი 100 კმ-ზე

    მაქსიმალური სიჩქარე კმ/სთ: მოცემული - 305, გაზომილი - 304


    Auto Bild


    წყარო
    1 385 ნახვა
    იტვირთება...
    22-03-2014, 03:41