X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ბაჩო ჩაჩიბაია: ''რუსეთ-ში გააქვს''
  • ბაჩო ჩაჩიბაია: ''რუსეთ-ში გააქვს''

    ''ღამის შოუს სტუდია'' რამდენიმე წელი გეგმავდა არხის გაკეთებას. თუმცა ყოველთვის ბევრი რამ უშლიდათ ხელს. დაახლოებით ერთი თვის წინ მოახერხეს ეთერში გასვლა. ტელევიზიის სახელწოდება ''ტვ 11'' აიღეს სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან''. არხზე მუშაობენ ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობები. მათ შორის არიან ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი. მათმა ერთ-ერთმა სიმღერამ ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმღერა მეზობელ რეზოზეა, რომელმაც დიდი ფული იშოვა. ''ზაპოროჟეცი'' გაყიდა და ''მერსედესი'' იყიდა, მრეცხავი ცოლი გაუშვა და მოდელი მოიყვანა. ამდენი ფული კი იმით იშოვა, რომ კარალიოკს ყიდულობს და რუსეთში გააქვს. ამ საინტერესო კომპოზიციით დავინტერესდით და ბაჩო ქაჯაიას ვესაუბრეთ.

    - ბაჩო, როგორ აღმოჩნდი ''ტვ 11''-ში?
    - მე და ნოდარ გურგენაშვილი ''ღამის შოუს სტუდიასთან'' ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ორი წლის წინაც ვიცოდით, რომ ბიჭები არხის გახსნას აპირებდნენ. სავარაუდოდ ვიცოდით, რომ დავჭირდებოდით, იყო ლაპარაკი სამომავლო თანამშრომლობაზე. ახლა, როდესაც არხი გაიხსნა, ერთ-ერთ ახალ პროექტში მიგვიწვიეს და გვთხოვეს, რომ თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა.
    - ხუმრობის ტექსტებს თქვენ წერთ?
    - ტექსტებს სცენარისტები წერენ, როგორც სხვა ნებისმიერ პროექტში. ჩვენ ვცდილობთ, ხანადახან ჩვენი იდეაც ჩავამატოთ. მუსიკას წერს ნოდარი, ტექსტს - სცენარისტები და ერთობლივი მუშაობით ვქმნით ახალ პროდუქტს.
    - ყველაზე პოპულარული გახდა იმ კაცისადმი მიძღვნილი სიმღერა, კარალიოკის რუსეთში გატანით რომ გამდიდრდა. მისამღერი ''რუსეთში გააქვს'', როგორც ვხვდები, გამიზნული ავანტიურა იყო. მისამღერი ორნაირად შეიძლება გავიგოთ.
    - ვინც როგორ გაიგებს, გაიგოს. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მართლები ვართ. ჯერ ერთი, კარალიოკი გააქვს და ყიდის და მეორე შემთხვევაშიც არ მგონია, რომ მტყუანი ვიყოთ.
    - ამ სიმღერით რუსები აღფრთოვანებული არ დარჩებოდნენ.
    - ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ოკუპირებული ვართ და კიდევ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ვინმე განაწყენდეს?
    - სიმღერას როგორი გამოხმაურება ჰქონდა?
    - ყველას მოსწონს და ალბათ, ყველა ეთანხმება სიმღერის ტექსტს, რადგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. მისამღერში ჭეშმარიტების მარცვალი ალბათ დევს. პირადად ჩემი პოზიცია ასეთია, სხვები არ ვიცი, რას ფიქრობენ. პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. მოხდა ისე, რომ სიმღერა ისეთ დროს ჩავწერეთ, როდესაც უკრაინაში არეულობა დაიწყო. სიმღერა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს აქტუალური ყოფილიყო, თუმცა ეს იყო ყველაზე აქტუალურ დროს აქტუალური ნამღერი.
    - ხანდახან თქვენს ტექსტებში უცენზურო სიტყვებია, ყოფილა შემთხვევა, როდესაც გითქვამთ, სიტყვა შევცვალოთ, ამის შესრულება უხერხულიაო?
    - ''ქლაბ 11''-ის ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი სიტყვები ვიხმაროთ. ვცდილობთ, გამაღიზიანებელი არ იყოს. ზღვარს გადაცილებული ხუმრობა ჩვენთვის წამგებიანი იქნება. მგონია, რომ ჩვენ ზღვარზე დავდივართ და ძალიან სწორადაც. არ ვამბობთ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი სიტყვა უნდა ითქვას. თემატურად და გემოვნებიანად ვხუმრობთ, ჩემი აზრით.
    - ყველაზე რეიტინგული რომელი ხუმრობა გახდა?
    - როგორც ვიცი, ''ქლაბ 11''- ში კარალიოკზე სიმღერა და გიორგი ჯანელიძის მონოლოგია ყველაზე რეიტინგული.
    - სკეტჩებში ბევრს კამათობთ. ნოდარი სულ დაბნეულია და ყველაფერს აფუჭებს. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთია?
    - სკეტჩი საინტერესო რომ იყოს, კონფლიქტი უნდა მოხდეს. თუ ყველა ყველაფერში ერთმანეთს ეთანხმება, საინტერესო ნაკლებადაა ხოლმე. რეალურ ცხოვრებაში უკვე წლებია, ვმეგობრობთ.
    - როგორც ამბობენ, მაყურებლის გაცინება ყველაზე რთულია. გაგიჭირდა ახალი ამპლუის მორგება?
    - გეთანხმებით, რთულია, მაგრამ არხის ხელმძღვანელობას ამის დიდი გამოცდილება აქვს. უკვე ბევრი წელია, ვახერხებთ ხალხის გაცინებას. თუმცა ''ტვ 11'' ახალი ფორმატის არხია. ვერ ვიტყვი, გაგვიჭირდა-მეთქი, მაგრამ ადვილიც არ ყოფილა.
    - როგორია ახლობლების რეაქცია შენს ხუმრობებზე?
    - ამ შემთხვევაში დადებითი რეაქცია და შეფასებები იყო. ბევრი მთხოვს ჩვენს ჩაწერებზე მოხვედრას. ახლა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი მეუღლეც დადის ჩაწერებზე. ადრე ასეთი სურვილი არ გასჩენია. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ ჩვენი სკეტჩები.
    - უახლოეს მომავალში რომელიმე სერიალში არ მიიღებ მონაწილეობას?
    - როგორც ვიცი, საუბარია, რომ ''ტვ 11''-ზე ახალი სერიალი გაკეთდეს. ამ შემთხვევაში ჩემს დაკავებაზე საუბარი არ ყოფილა.
    - შეიძლება, სხვა სტუდიის მიერ გადაღებულ სერიალში გიხილოთ?
    - არ მგონია. ამ სტუდიასთან მაქვს ახლო და კარგი ურთიერთობა. რომც შემომთავაზონ როლი, არ წავალ. ასე მირჩევნია.
    - მახსოვს, წონას ყოველთვის ებრძოდი. ოთარ ტატიშვილის მიბაძვით ცდილობდი წონაში დაკლებას. ახლა ამ მხრივ რა ხდება?
    - ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩემს როლს სჭირდება, რომ დიდი წონის ვიყო და ვიმატებ (იცინის).
    - არ გეშინია, რომ მერე ვეღარ დაიკლო?
    - წონაში დაკლება ჩემთვის პრობლემა არ არის

    2 185 ნახვა
    Загрузка...
    22-03-2014, 05:09
    Загрузка...
    Загрузка...