X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
Volvo-ს სისტემა მძღოლის დაღლას აღმოაჩენს
  • Volvo-ს სისტემა მძღოლის დაღლას აღმოაჩენს

    თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები უკვე ადამიანის ემოციების გამოცნობას იწყებენ. მაგალითად, თანამედროვე სმარტფონი „იუთუბის“ კლიპის ჩვენებას შეაჩერებს, თუ შეამჩნია, რომ ეკრანს თვალი მოაშორეთ. და მაშინვე განაახლებს, როგორც კი თქვენი მზერა ეკრანს დაუბრუნდება. და რატომ არ უნდა გამოიყენონ ელექტრონიკის მიღწევები ავტომწარმოებლებმა, თუკი ამას მობილურების მწარმოებლები აკეთებენ?

    როგორც ჩანს, Volvo-ში ეს კითხვა ჩვენზე გაცილებით ადრე დაებადათ და შესაბამისი მიმართულებით მუშაობაც დაიწყეს - შვედური კომპანია ხომ ავტომობილების უსაფრთხოების მხრივ, მსოფლიო ლიდერია. მისი სპეცალისტები მუშაობენ სისტემაზე, რომელიც მძღოლის დაღლილობას დააფიქსირებს. ამისათვის სისტემა მის თვალებს აკვირდბა.

    სისტემა საჭის რგოლის უკან, მაჩვენებლების დაფაზეა განლაგებული. ის ინფრაწითელი სხივებით აკვირდება მძღოლის სახეს, კონკრეტულად კი მის თვალებს. სისტემას შეუძლია მიხვდეს, მოადუნა თუ არა ყურადღება მძღოლმა, ან თვლემას ხომ არ იწყებს. ამ დრიოს, სისტემა დაუყოვნებლივ ამოქმედდება - გააფრთხილებს მძღოლს ხმოვანი სიგნალით, ან ვიბრაციით გამოაფხიზლებს.

    ეს სისტემა ავტომობილის უსაფრთხოების სხვა სისტემებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ზოლში მოძრაობის კონტროლის სისტემასთან, ადაპტირებად კრუიზ კონტროლთან, სრული გაჩერების ფუნქციით და შეჯახების გამაფრთხილებელ სისტემასთან. თუ დაღლილობის ამომცნობი სისტემა დაადგენს, რომ მძღოლი ფხიზლადაა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სისტემა „დაისვენებს“. დაღლილობის აღმოჩენისთანავე კი ისინი მზადყოფნის რეჟიმში გადავლენ და აუცილებლობის შემთხვევაში, იმოქმედებენ.

    უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ დაღლილობის აღმომჩენმა სისტემამ პატრონის ამოცნობაც ისწავლოს და ამ შემთხვევაში, როგორც კი მძღოლი სამუშაო ადგილს დაიკავებს და სისტემა მას იცნობს, მისი ფიზიკური მონცემების შესაბამისად მომართავს სავარძელს, საჭის რგოლს, სატერფულებს და მართვის სხვა სისტემებს. პერსპექტივაში შესაძლებელია ისიც, რომ საითაც მძღოლი გაიხედავს, ფარებმაც იქით გაანათონ, ან ხმოვანი ბრძანების მიღების შემდეგ, ავტომობილმა მზერის მიმართულებით მოუხვიოს.

    უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ეს სისტემა ავტოპილოტის კომპლექსში შევა. თუ მძღოლს ჩაეძინება, ავტოპილოტი თავის თავზე აიღებს ავტომობილის მართვას, ან გააჩერებს მას. პარალელურად, უსაფრთხოების პრევენციულ სისტემებს გაააქტიურებს. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც სისტემას შეიძლება ჰქონდეს, იმავე ავტოპილოტს უკავშირდება. თუ მძღოლი მოისურვებს, რომ ავტომობილის მართვა ისევ თავის ხელში აიღოს, სისტემა მას შეამოწმებს, რამდენად მზადაა ამისათვის.
    წყარო
    1 239 ნახვა
    იტვირთება...
    23-03-2014, 02:00