პოზნერის სტუმრებს შორის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც იყო
31 მარტს საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 30 სტუმართან ერთად ესტუმრა, რომელმაც გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში 87 წლის იუბილე თბილისში აღენიშნა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა.
სასტუმრო “ვინოტელი”, რომელსაც პოზნერი ეწვია ბიზნესმენს, “ქართული ოცნების” წევრს ბენო ქაშაკაშვილს ეკუთვნის. როგორც ქაშაკაშვილმა “რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები 35-კაცამდე იყვნენ და მათ შორის მხოლოდ 2 ადამიანი იცნო: თავად პოზნერი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე.
“ჩვენ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით. მაშინ ვერც კი ვიოცნებდი, რომ მექნებოდა მასთან ხშირი ურთიერთობის პატივი და მასთან პირდაპირ დარეკვის შესაძლებლობა, ასევე მის პირად დღესასწაულებზე ვიქნებოდი ერთ-ერთი მიწვეული სტუმარი. 2011 წელს მე ვიყავი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გადაცემის გმირი.
ეს იყო ყველაზე რეიტინგული ინტერვიუ იმ კვირის სატელევიზიო სივრცეში. ძალიან თბილად შეხვდა პუბლიკა ამ ინტერვიუს და როდესაც მოგვიანებით პოზნერის გუნდმა ეს ინტერვიუ Tefi-ზე (სატელევიზიო კონკურსი) წარადგინა და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა ჯილდო მიიღო, ძალიან მესიამოვნა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, გადმომიგზავნა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის წიგნიდან ნაწყვეტი, სადაც ჩემს შესახებ წერდა. როდესაც წავიკითხე, ფეხზე წამოვდექი, რადგან ჩემი მისამართით დაწერილი კეთილი სიტყვები ძალიან ძვირფასი და საამაყო აღმოჩნდა. თან ეს იყო იმ პერიოდში როდესაც მე ათას ჭუჭყს მესროდნენ, ამ დროს უცებ ჩემზე ასეთმა კეთილმა სიტყვებმა, ძალიან გამიხარდა.
ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ძალიან ვამაყობ თქვენი ყურადღებით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი აზრი. ბედნიერი ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა და მაქვს პატივი თქვენთან მქონდეს ურთიერთობა. გისურვებთ, რაც შეიძლება დიდ ხანს გქონდეთ ძალა და სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. გეხვევით თქვენ და თქვენ ნადიუშას, ძალიან მიყვარხართ, ყოველთვის თქვენი კოლია…“- წერს ნიკოლოზ ცისკარიძე.