თეგებით ძიება

"მე ლალიკო ვარ, რომელიც მშობლებმა გამზარდეს, როგორც რაღაც უშნო, არსად გამოსაჩენი, საწყალი არსება..." - ჩაგვრის მსხვერპლი გოგონას ემოციური ისტორია

ქართველი გოგონა, რომელიც საკუთარ თავს ლალიკოს უწოდებს, სოციალურ ქსელში ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე წერს, რომელიც მას საკუთარი ოჯახის წევრებმა მიაყენეს.

"უცხოელი ქალების მშურს. როგორი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეთ, რა პრობლემაც არ უნდა აწუხებდეთ, მაინც ლაღები და თავდაჯერებულები არიან. ჩვენთან გოგო როგორც კი იზრდება, მშობელი და გარემო უამრავ კომპლექსს ჰკიდებს და მერე ამის გამო მთელი ცხოვრება იტანჯება.

მე ლალიკო ვარ, რომელიც მშობლებმა გამზარდეს, როგორც რაღაც უშნო, არსად გამოსაჩენი, საწყალი არსება. ჰორმონული დარღვევა მქონდა ბავშვობიდან, და ეს ჭარბ წონას და ჭარბთმიანობას იწვევდა.

სათქმელს ცოტა გადავუხვიე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა.

მოკლედ, როგორც ბევრ ოჯახში, ფავორიტი შვილი ბიჭი იყო, მე კი დედაჩემის მხრიდან მუდმივი დაცინვის და შხამიანი კომენტარების მსხვერპლი ვიყავი. მიკიოდა და მიწიოდა, ამსისქე რომ ხარ, ნუ ჭამ სართოდო და საჭმელს მიმალავდა. კვირებით მიშიმშილია. იმის ნაცვლად, ენდოკრინოლოგთან მივეყვანე, ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა ხოლმე, მაინტერესებს, ჩემს მახინჯ შვილთან რატომ მეგობრობთო?

ეს და ბევრი სხვა ფაქტორი ცხოვრებაში დაღად დამაჩნდა და მოსვენებას არ მაძლევდა. მეზიზღებოდა ჩემი თავი და პირობა დავდე, სარკეში არასოდეს ჩამეხედა, განსაკუთრებით - იმ სარკეში, სადაც მთელი ტანი ჩანდა. ხელში მუდმივად პინცეტი მეჭირა და ისტერიულად ვიწიწკიდი უადგილო ადგილას ამოსულ თმას, მაგრამ მეორე დღეს ის მაინც ამოდიოდა...

თვითშეფასება ნულს ქვემოთ რადგან მქონდა, მოზარდობისას სუიციდური აზრებიც გამიჩნდა. ნათლად წარმოვიდგენდი, რომ მკვდარი ვარ და ჩემი კუბოს წინ დედაჩემი და ჩემი მეგობრები ახალ შილაკზე საუბრობენ.

ამ ფონზე ისეთ ხალხს დავუმეგობრდი, რომლებლაც მავნე ნივთიერებებს მიმაჩვიეს. ჩემთვის შვება მხოლოდ წარმოსახვით, არარსებულ სამყაროში გადაბარგება იყო. მერე ერთ-ერთი ასეთი „მეგობრისგან“ დავორსულდი და აბორტის გაკეთება მომიწია...

ეს რომ დედაჩემმა გაიგო, წივილ-კივილი ხომ ატეხა, შემდეგ კი მითხრა, გაეთრიე ამ სახლიდან, ეს სახლი ისედაც შენი ძმის იყო ცოლს რომ მოიყვანდა, ახლა კი აღარც დაგელოდები და ისე გაგიძახებ აქედანო.

ჩემთვის ამ სახლში ცხოვრება ისედაც ჯოჯოხეთი იყო და არც დამნანებია, ისე წავედი იმ ბიჭთან საცხოვრებლად, რომლისგანაც დავორსულდი.
შემდეგ ისევ მომიწია სტრესების და დეპრესიების გადალახვა, მაგრამ მეც და ჩემმა ბიჭმაც ამ საშინელებიდან ამოსვლა მოვახერხეთ. ერთმანეთს ვეხმარებოდით და ეს შევძელით.

მე გერმანიაში წავედი სასწავლებლად, ჩემი ბიჭი - ესპანეთში.

სრულიად შევეშვით ყველაფერ ცუდს. დიდი გეგმები გვაქვს, შეიძლება მანდ არც ჩამოვიდეთ. სარკეში ჩახედვის აღარ მეშინია და ვიცი, რომ ადამიანის სილამაზე ძალიან რთული რამაა და წონით ან ბეწვის რაოდენობით არ იზომება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, გოგონებო, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მე რომ სახლში ასე ცუდად არ მომქცეოდნენ, ალბათ ასეთი ძლიერიც ვერ გავხდებოდი. სიძლიერეს და სილაღეს გისურვებთ ყველას! ჩვენ ამას შევძლებთ!", - წერს გოგონა ფეისბუქ გვერდზე "მეც შვილი ვარ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა