"იმ დღის შემდეგ უამრავი მუქარის წერილი მივიღე, რომ გავჩერებულიყავი" - უჩა ნანუაშვილი გახმაურებული საქმის დეტალებს იხსენებს
ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დეეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დეტალებს იხსენებს. ყოფილი ომბუდსმენი როგორც სოციალურ ქსელში წერს, მან საქმესთა დაკავშირებით ბევრი მუქარის წერილი მიიღო.
"დღეს ოთხი წელი გავიდა დეკანოზის დაპატიმრებიდან. ოთხი წლის წინ თუ ვინმეს კიდევ სჯეროდა ოფიციალური ვერსიის, დღეს ალბათ რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვისაც პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილების სჯერა. თუმცა დეკანოზი მამალაძე დღესაც საპატიმროშია, მიუხედავად დარღვევების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მანამდე მახსოვს, ზოგი წერდა (ჯერ არც იყო ინფორმაცია გავრცელებული) და რატომ არ ნახულობ, რატომ არ იცავ მის უფლებებსო. ჩასაფრებული ხალხი ყოველთვის იყო და იქნება. შემდეგ, როცა დარღვევები აღმოვაჩინეთ, ხმა აღარ ამოუღიათ. როგორც კი გავიგე დაპატიმრების შესახებ დეტალები, ორი დღის შემდეგ ვინახულე, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. სასულიერო პირი ქურდული სამყაროს და ტერორისტების გვერდით იყო საკანში.
ამ დღის შემდეგ დაიწყო არნახული ზეწოლა სახალხო დამცველზე, იმისთვის რომ არ გვეთქვა სიმართლე საქმეში არსებული დარღვევების შესახებ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადვოკატებსაც კი აკრძალული ჰქონდათ საქმეზე საუბარი. ყველა მხარე უკვე დამუშავებული იყო, და ფიქრობდნენ ვერც ვერავინ გაიგებდა რამეს, რა მოხდა. თუმცა, მოხდა ის რაც არ იყო გათვალისწინებული.
საბოლოოდ ჩემს გუნდთან და მის ადვოკატებთან ერთად ყველას გავაგებინეთ სიმართლე ამ საქმეზე.
იმ დღის შემდეგ უამრავი მუქარის წერილი მივიღე, რომ გავჩერებულიყავი. ასეთ წერილებს მიჩვეული ვიყავი ისედაც. ჩვენ მაინც სიმართლე ვუთხარით ყველას, დარღვევების, უსამართლო სასამართლოს შესახებაც, სასამართლოს, სადაც დასწრებასაც გვიკრძალავდნენ თავიდან.
ეს იყო 4 წლის წინ. 4 წლის შემდეგაც ქვეყანას რეალურად უკანონო პატიმარი ჰყავს, უფრო სწორად მძევალი, რომელიც ბევრს დაავიწყდა, ერსაც და ბერსაც, საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც.
მოვა დრო და ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ, მჯერა. ნამდვილი დამნაშავეებიც დაისჯებიან.
თავისუფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს!", - წერს ფეისბუქზე უჩა ნანუაშვილი.