გახარიას მიმართ დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლით - კახა ლომაია
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია აცხადებს, რომ პროკურატურამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას.
"დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა
ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლო განჩინებას საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ეს არ არის საკმარისი. მათ პროკურატურას უნდა მოსთხოვონ, სისხლის სამართლის საქმის აღძრა სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების მუხლით!
გახარიამ, თავის ბოლო, 18 თებერვლის საჯარო განცხადებაში მკაფიოდ და დანაწევრებით თქვა: "გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან [ნიკა მელიას დაკავებასთან] დაკავშირებით". რომელ "გუნდზეა" საუბარი? მთავრობაზე? არა. რამდენიმე ყოფილმა და მომავალმა მინისტრმა ტელეკამერების წინ დაადასტურა, რომ ეს საკითხი მთავრობას არ განუხილავს. მაშ ვისთან განიხილა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი? და რაც მთავარია, რატომ? რომელი კანონის საფუძველზე განიხილა პრემიერ-მინისტრმა "გუნდის წევრებთან" ერთად სასამართლო განჩინების აღსრულება - არაღსრულების საკითხი?
დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ შეხვედრის მონაწილეთა წრე, ადგილი, დრო და როლი.
სახეზეა არა მხოლოდ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღიარება, არამედ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა!", - წერს ლომაია სოციალურ ქსელში.