სად წავიდა მარსზე არსებული წყალი - მეცნიერების ახალი ჰიპოთეზა
ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, მარსზე არსებული წყალი, რომელიც ადრე წითელი პლანეტის ზედაპირს ფარავდა, კოსმოსში არ გაფანტულა. ის ქანებმა და მინერალებმა შეიწოვეს.
4 მილიარდი წლის წინ, ერთ დროს "თბილმა და ტენიანმა" პლანეტამ მაგნიტური ველი მას შემდეგ დაკარგა, რაც მისი ბირთვი გაცივდა. პლანეტას კოსმოსური ქარი დაატყდა თავს. გეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ამ კატასტროფამდე მარსზე დიდი რაოდენობით თხევადი წყალი იყო. მშრალი მდინარის კალაპოტები, ძველი ტბებისა და ოკეანეების აუზები კვლავ შემორჩენილია წითელი პლანეტის ზედაპირზე. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მოვლენის შემდეგ წყალი კოსმოსში გაიფანტა. დღეს მარსის ზედაპირზე არსებული წყლის მარაგი პლანეტის პოლუსებზე მდებარე "ყინულის ქუდებშია" მოთავსებული რასაც ძალიან მცირე ფართობი უკავია.
ჟურნალ Science-ში 16 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზემოთ მოცემული სცენარი არასწორია, წყალი არსად წასულა და მისი 30-90% კვლავ პლანეტაზეა. ის უბრალოდ მარსის თიხასა და ქანებშია შეწოვილი, რათა კოსმოსში არ გაფანტულიყო.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვერსიაა სიმართლესთან ახლოს, მარსის ქანების წყლით გაჟღენთილობას წითელ პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლებლობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს - წყალს ქანები და თიხა შეიწოვს და შესაბამისად ის არ გროვდება მიწისქვეშა აუზებში. მეორეს მხრივ, მკვლევარებს ჰიდრატირებული თიხის გამოყენება მხოლოდ მცირე დოზებით შეუძლიათ.
"თქვენ შეგიძლიათ გააცხელოთ ქვა ან თიხა 300-400 გრადუს ცელსიუსამდე და ის გამოყოფს წყალს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ასე რომ, მოგიწევთ ბევრი ქვის მოგროვება, რომ წყლის შესამჩნევი რაოდენობა მიიღოთ," - აცხადებენ მეცნიერები.