დაბადების დღეზე 13 ადამიანი დაპატიჟა, დაარღვია მოქმედი რეგულაციები - ნორვეგიის პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ერნა სულბერგის წინააღმდეგ, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში ადანაშაულებენ, გამოძიება დაიწყო.
თებერვლის ბოლოს ერნა სულბერგს 60 წელი შეუსრულდა. მან დაბადების დღე ნათესავებთან ერთად სამთო-სათხილამურო კურორტზე აღნიშნა. წვეულების პირველ დღეს ვახშამზე 13 სტუმარი იმყოფებოდა, მეორე დღეს კი ერნა სულბერგმა და მისმა მეუღლემ, სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა ნაქირავებ ბინაში გააგრძელეს.
ნორვეგიაში მოქმედი რეგულაციები დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.
სულბერგმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ „სათანადო ყურადღება არ დაუთმო მოქმედი წესების შესწავლას“ და ფიქრობდა, რომ შეზღუდვა ერთი ოჯახის წევრებს არ ეხებოდა.