თეგებით ძიება

"საქართველოში ადამიანების საკმაოდ დიდი პროცენტი კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ" - გიორგი ფხაკაძე

საქართველოში ჯანდაცვას სერიოზული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოში ადამიანების საკმაოდ დიდი % კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ თავად ჯანდაცვის სისტემაა ავად და სჭირდება დახმარება.

✅უნდა დადგინდეს ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის ყველა მიზეზი იმისათვის, რომ შემდგომში იგივე შეცდომა არსად დავუშვათ -

✅ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში მედიცინის მუშაკის გარდაცვალების ტრაგიკულმა ფაქტმა საჯაროდ ამოატივტივა ჯანდაცვის სექტორში არსებული სერიოზული პრობლემები.

✅სისტემის მოუმზადებლობა, ტრენინგების არჩატარება, ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ანაზღაურება - საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ მათ მოგვარებას არავინ მოჰკიდა ხელი და არ თქვა, რომ მაგალითად, ექიმებს სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო განათლება.

✅ასევე, არავინ საუბრობს შემდეგზე - ექიმებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ არ სჭირდებოდეთ რამდენიმე ადგილას მუშაობა. ექიმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო კი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომები, შეცდომებზე ახალ შეცდომებს ამატებს. ის, რაც ხდება კონკრეტულად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება.

✅ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კობტროლის ეროვნული ცენტრი - ესენი არიან საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები, რადგანაც გააკეთეს ყველაფერი, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო არასწორად მართული , ფაქტიურად არ მიმდინარეობს ვაქცინაციის კვალიფიციური საინფორმაციო კამპანია.

რა უნდა გაკეთდეს?

1.პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალიზმი ყველაფერში, თან ჩვეულებრივი კი არა, უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალიზმი.

2.უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემაში ყველგან 1000%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ რაიმე საკითხი საეჭვოა, პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და არა გაჩერდეს. უნდა შეჩერდეს, გასწორდეს, მოწესრიგდეს დ შემდეგ გაგრძელდეს.

3.აუცილებელია, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, რომ საზოგადოებამ შეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ. ამაში განსაკუთრებით დიდია მედიის როლი და მედიასაშუალებებს ამ საქმეში დახმარებას გთხოვთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა