თეგებით ძიება
01. 06. 2021 მსოფლიო

სიმსუქნის ეპიდემია თურქეთში - ქვეყანაში კოვიდპანდემიის შედეგად ყოველი მესამე ჭარბწონიანია

თურქეთში COVID 19-ის პანდემიის დროს მოსახლეობაში სიმსუქნის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა - აღნიშნულია Hürriyet Daily News-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

საპარლამენტო კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში კარანტინისა თუ სხვა შეზღუდვების გამო, რაც ქვეყნის მასშტაბით სიმსუქნის გავრცელების ზრდის მიზეზია.

თურქეთში სამი ადამიანიდან ერთი მსუქანია, აღნიშნულია კვლევაში.

2008 წელს მოსახლეობის მხოლოდ 15 %-ს ჰქონდა ჭარბი წონა, მაგრამ საზოგადოებაში სიმსუქნის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდა მომდევნო წლებში, 2016 წელს 19.6 %-მდე და 2019 წელს 21.1 %-მდე.

ამასთან, ბოლო ანგარიშით დადგინდა, რომ სიმსუქნის მაჩვენებლები განსხვავებულია რეგიონებს შორის. დასავლეთის რეგიონებში მკვიდრ მოსახლეობაში ჭარბწონიანობის უფრო მეტი მაჩვენებელია აღმოსავლეთთან შედარებით.

შავიზღვისპირეთის რეგიონი ლიდერობს მოსახლეობის 37.5 % ჭარბი წონით, რასაც მოსდევს ცენტრალური ანატოლიის რეგიონი 36.9 %-ით.

სტამბოლში, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, მოსახლეობის 30,7 % ჭარბწონიანია.

ანგარიშის თანახმად, თურქეთში ქალების 39.1 % და მამაკაცთა 24.5 % ჭარბწონიანობით ხასიათდება.

„ქალებში სიმსუქნე უფრო მაღალია, ფიზიკური აქტივობის არარსებობის, ფსიქოლოგიური პრობლემების, დაბალი შემოსავლის და განათლების დაბალი დონის გამო“ - ნათქვამია კვლევაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჭარბი წონის ზრდა ახლა „პანდემიად“ ითვლება.

COVID-19-ის პანდემია ხალხს სახლში ყოფნას აიძულებდა, რაც გულისხმობდა ნაკლებ მობილობას და ფიზიკურ დატვირთვას, ეს კი სიმსუქნეს იწვევს.

პანდემიის პირობებში ხალხს სურს საავადმყოფოების თავიდან აცილება. 2019 წელს 285 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში მივიდა კვების თერაპიის მისაღებად, მაგრამ გასულ წელს ეს რიცხვი მკვეთრად დაეცა და დაახლოებით 140,000 შეადგინა, როდესაც პანდემიამ მოიცვა ქვეყანა.

ჭარბწონიანი ადამიანების ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯები 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელი პირებისა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში სიმსუქნისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის ხარჯები 12 %-ს მიაღწევს.

კვლევის მიხედვით, ჭარბწონიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია სტრესი, მჯდომარე ცხოვრების წესი და ტექნოლოგიები, როგორიცაა სმარტფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ტაბლეტები და ლიფტები, რომლებიც ამცირებენ მობილობას და ფიზიკურ დატვირთვას, ასევე ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ცხიმიანი სწრაფი კვების მოხმარებაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა