რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 1957 ბავშვი დაკარგულად მიიჩნევა
2024 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინაში1957 ბავშვი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე 575 ბავშვი დაიღუპა და 1609 დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტი იტყობინება.
გარდა ამისა, ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ რუსეთში 19 546 ბავშვის დეპორტირება მოხდა. მათგან უკრაინაში მხოლოდ 388 დაბრუნდა.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა ადრე აღნიშნა, რომ 2023 წლის მარტის ბოლოსთვის, უკრაინის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 19 500-ზე მეტი ბავშვის გაყვანის ფაქტი, უფრო ზუსტი რაოდენობის დადგენა კი ოკუპაციის გამო ვერ მოხერხდა.
2023 წლის 5 აპრილს, 49-მა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებაში დაგმო რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისთვის, რაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების სავარაუდო გატაცებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ისახვდა მიზნად. დიდმა ბრიტანეთმა ბავშვთა უფლებების რუსი კომისრის, ლვოვა-ბელოვას გამოსვლის გაერო-ს რესურსებზე ტრანსლირება დაბლოკა და ამ უკანასკნელს მოუწოდა, საკუთარ ქმედებებზე ჰააგის სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ერთიანი გამჭვირვალე ალგორითმი ან მექანიზმი რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად.
2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილები.