ბევრი ადამიანი არის პრევენცია ყველანაირი არეულობის,. რუსული ჭაობის გაფორმება ხდება - გიგი უგულავა
ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - ვხედავთ, რომ კონსტიტუციის სრული იგნორირებითა და დარღვევით „ქართული ოცნება" რუსული დუმის შეკრებას აპირებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი უგულავამ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, საიდანაც მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
მისი თქმით, მათ მხარეს კონსტიტუცია და სიმართლეა, ხოლო „ქართული ოცნების" მხარეს „გასამხედროებულად" ქცეული სპეცრაზმი.
„მინდა გთხოვოთ, რომ სამსახურებიდან ეს ერთი დღე შვებულება აიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტიტუციის სრული იგნორირებით და დარღვევით „ქართული ოცნება" რუსული დუმის შეკრებას აპირებს. კონსტიტუცია დარღვეულია იმ ნაწილში, რომ [სხდომა] პრეზიდენტს არ მოუწვევია და კონსტიტუციაში სხვა არაფერი წერია. მეორე, დარღვეულია იმიტომ, რომ [პარლამენტს] ლეგიტიმაცია არ აქვს. კონსტიტუციური სარჩელია შესული, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არ იხილავს და ესეც ცალკე დარღვევაა. ასე რომ, ჩვენს მხარესაა კონსტიტუცია და სიმართლე. ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, მათ მხარეს არის მხოლოდ გასამხედროებულად და ცახესებად გადაქცეული სპეცრაზმი და მხოლოდ ამის იმედად არიან ისინი. ამიტომ, ჩვენი სიმართლე ძალაშია, ვაპირებთ დავიძრათ აბსოლუტურად მშვიდობიანად და იმედი მაქვს, რომ პოლიცია ცოტა აზრზე იქნება, რომ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, უხეშად არ მოექცევიან.
რაც უფრო ბევრი ვიქნებით, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ორგანიზატორების ცნობით, ისინი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტისკენ 21:00 საათზე დაიძვრებიან და აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ პარლამენტთან ღამე გაათენონ და 25 ნოემბრის დილამდე დარჩნენ.