თეგებით ძიება

„მოსახლეობა და ტურისტები შეცდომაში შეჰყავთ! საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ!“ - საშიშია თუ არა შავ ზღვაში ბანაობა?

უკრაინაში, კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, შავ ზღვაში ათობით ათასი მკვდარი ცხოველის ლეში, საწვავი და ტოქსიკური ნივთიერება მოხვდა. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს სანაპირო ზოლი სუფთაა და ზღვაზე დასვენების მოყვარულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ საფრთხე რეალურია და წელს ზღვაზე დასვენება სახიფათოა. შავ ზღვაში არსებულ მდგომარეობასა და მოსალოდნელ რისკებზე Tia.ge-ს გარემოს დაცვის ექსპერტი, იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე ესაუბრა:

 

შავი ზღვა ერთიანი ეკოსისტემაა და ნებისმიერ მონაკვეთზეც არ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედება, იგი ერთიან ეკოსისტემაზე აისახება. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ჩვენ შორს ვართ და უკრაინაში მომხდარი ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს, არის უმეცრება. 

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას უნდა ველოდოთ?

- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ შავ ზღვას და ევროპას მსგავსი მასშტაბის ტექნოგენური კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის მერე არ ჰქონია და როდესაც ვიღაც ექსპერტები რაღაცებზე ძალიან გაბედულად საუბრობენ, მოსახლეობა და ტურისტები შეცდომაში შეჰყავთ. სად არის კვლევები, მათი ოპტიმიზმი რომელი კვლევის შედეგებს ეყრდნობა?  

- როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ ხორციელდება იგი ამ ეტაპზე სუფთაა...

- ამ მონიტორინგის ფარგლებში აანალიზებენ ისეთ დამაბინძურებელ პარამეტრებს, როგორიცაა ნიტრატები, PH, ჟანგბადი და ა.შ. ისეთი დამაბინძურებლების იდენტიფიცირება კი, როგორიცაა იზოტოპები და მძიმე მეტალები არ ხდება, ამიტომ რის საფუძველზე ამბობენ, რომ დაბინძურება არაა? ჟანგბადის და PH-ის საფუძველზე? ეს ხომ სასაცილოა? კარგია, რომ ეს პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, მაგრამ, ყველაზე საშიში დამაბინძურებლები და აქტიური ტოქსიკანტები მონიტორინგის მიღმაა. ალაპარაკებენ სრულიად არაკომპეტენტურ ხალხს და შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ვიმეორებ, მოხდა ტექნოგენური კატასტროფა და შავ ზღვაში საბჭოთა კავშირის დროინდელი აქტიური ტოქსიკანტების სამარხები ჩაირეცხა. საუბარია რადიაქტიურ შენერთებზე, აქტიურ ტოქსიკანტებზე და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ათიათასობით ცხოველის ლეშზე. ვინმე ამას იკვლევს? ნახონ რას წერენ ჩვენი რუმინელი და ბულგარელი კოლეგები და რა პარამეტრებს ამონიტორინგებენ. ჩვენც მათსავით ყველა კომპონენტი უნდა შევამოწმოთ, სიღრმეებში უნდა შევიდეთ და ეს კვლევა საზოგადოებისთვის სანდო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. კომპეტენტური და სანდო კვლევების ჩასატარებლად კი აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა. ასევე აუცილებელია ალტერნატიული კვლევების ჩატარება, რადგან საზოგადოებაში ოფიციალური კვლევების სანდოობა განულებულია. 

- გამოდის, რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხზე ინფორმაცია არ გვაქვს.. .

-დიახ, ასეა და საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს, თითქოს რაღაცას ვაკეთებთ. სად არის ეს ათ დღეში ერთხელ ჩატარებული მონიტორინგი? გარდა იმისა, რომ ტექნოგენური კატასტროფა მოხდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, სად მოხდა. ჩრდილო-დასავლეთი შავი ზღვისთვის ყველაზე პროდუქტიული, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც მთავარი სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობს. აქედან თევზის მიგრაცია უკვე დაწყებულია, რადგან საქართველოს სანაპირო ზოლი მთავარი მიგრაციული დერეფანია, ყველა ძირითადი სარეწაო თევზი აქ მოდის და  იზამთრებს. ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, ეს თევზები ყველაფერს აქ მოიტანენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

- შესაძლებელია თუ არა, რომ დინებას ნაღმები და საბრძოლო მასალებიც ჩამოჰყვეს?

- მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ და ნაღმების სპეციფიკა არ ვიცი, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ. ერთი რამ კი ნამდვილად არ მესმის, ტურისტების და დამსვენებლების შეცდომაში შეყვანით რის მიღწევას ცდილობენ...

- ტურისტული  სეზონის ჩავარდნა ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება..

- გეთანხმებით, მაგრამ ფულის შოვნა სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე არ შეიძლება. ეს დანაშაულია! იმ ზღვაში ბანაობენ ტურისტებიც, ადგილობრივებიც და ჩვენი შვილებიც... ჩვენი თავი არ გვეცოდება, შვილებს არ ვუფრთხილდებით? შეიძლება ყველაფერი მართლა იდეალურადაა, მაგრამ ეს ვინმემ საფუძვლიანად გამოიკვლია? ტყუილებს რატომ ვამბობთ? არანაირი მონიტორინგი არ გვაქვს და ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით! ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თვალებში ნაცრის შეყრა. ტყუილების თქმას ჯობს სახელმწიფომ საზღვაო მონიტორინგი გააძლიეროს, სანდოობა გაზარდოს, კომპეტენტურ ექსპერტებს დაეყრდნოს... ჩვენ მოსახლეობას სიმართლე უნდა ვუთხრათ, ამას კონსტიტუცია გვავალდებულებს და კარგად გადაიკითხონ.  

- ამბობენ, რომ ზღვას თვითგაწმენდის უნარი აქვს. შესაძლებელია თუ არა ეს პროცესი მანამ მოხდეს, სანამ დაბინძურება ჩვენამდე მოვა? 

- ეს არის მორიგი სისულელე და ე.წ. ექსპერტების ბოდვა. გასაგებია, რომ ორგანიკას თვითგაწმენდის უნარი აქვს, მაგრამ  ორგანიკაა ჩვენი პრობლემა? ჩვენ ხომ ფეკალურ წყლებზე და ორგანულ მასებზე არ ვსაუბრობთ? მაშინ რისი თვითგაწმენდის უნარი აქვს, რადიაქტიური შენაერთების, მძიმე მეტალების, იზოტოპების, დარიშხანის და სტრონციუმის თვითგაწმენდის უნარი აქვს? სკოლაში ქიმიაც არ უსწავლიათ?  აი, არასწორი აქცენტების დასმამ და არაკომპეტენტურობამ როგორ აბსურდამდე მიგვიყვანა.

 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა