თეგებით ძიება

"განხილვის პროცესშია გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს გაგრძელების საკითხი" - როდის დაიწყება თბილისის მეტროს ახალი ამოსასვლელების მშენებლობა?

თბილისის მეტროს ხაზების გაგრძელებისა და დამატებითი ამოსასვლელების მოწყობის პროექტებზე მუშაობა სხვადასხვა ეტაპზეა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს გაგრძელების საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია, ხოლო ახმეტელის თეატრისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების დამატებითი ამოსასვლელების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დასკვნით ფაზაშია.

კომპანიის წინასწარი შეფასებით, ამოსასვლელების მშენებლობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის განმარტებით, გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზების გაგრძელების საკითხი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.

მისი თქმით, საკითხი მგზავრთნაკადის მონაცემებისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით განიხილება, პროექტების განხორციელების დეტალები კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

„მგზავრთნაკადის მონაცემებზე დაყრდნობით არსებული საჭიროების გათვალისწინებით გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზის გაგრძელების საკითხი ამ ეტაპზე არის განხილვის პროცესში. პროექტის განხორციელების დეტალების თაობაზე ინფორმაცია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“, - ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს ორი ახალი სადგურის დამატების გეგმებზე ისაუბრა. საუბარი იყო ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურებიდან ხაზების გაგრძელებაზე.

მაშინდელი ინფორმაციით, ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზის გაგრძელების სიგრძე 1.2 კმ უნდა ყოფილიყო, გლდანის მიმართულებით კი - 1.1 კმ.

თბილისის მერის მიერ იმ პერიოდში გავრცელებული გათვლებით, ვარკეთილის მიმართულებით ახალი სადგური დილის პიკის საათში 4 500 მგზავრს მოემსახურებოდა, გლდანის მიმართულებით კი - 5 500-ს. პროექტების მიზნად მგზავრთნაკადის გადანაწილება და გადაადგილების დროის შემცირება სახელდებოდა.

მოგვიანებით, უფრო ზუსტად კი 2026 წლის დასაწყისში მერიამ ახალი მეტროსადგურების მშენებლობაზე ბაზრის კვლევაც გამოაცხადა.

რაც შეეხება მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ახმეტელის თეატრისა და მარჯანიშვილის სადგურებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.

კომპანიის განმარტებით, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, თუმცა, საბოლოო ვადები დამოკიდებულია ტექნიკური საკითხების დაზუსტებასა და შესაბამისი შეთანხმებების პროცედურებზე.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადება“ ფარგლებში ხორციელდება მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, მაგრამ საბოლოო ვადები დამოკიდებულია ტექნიკური საკითხების დაზუსტებასა და შესაბამისი შეთანხმების პროცედურებზე.

საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით დასრულების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცედურების დაწყება.

ზემოაღნიშნულისა და ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია საორიენტაციოდ მომდევნო 12 თვის განმავლობაში“,- ვკითხულობთ წერილში.

ამასთან, კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ვადა საორიენტაციოა და შესაძლოა საპროექტო სამუშაოებისა და შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობის მიხედვით შეიცვალოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა